წითელჰუდა და ციფრული ტყე

წითელ ჰუდში ჩაცმული გოგონა ტყეში და მისი თანამედროვე ვერსია ტექნოლოგიურ ლაბორატორიაში — წითელქუდას კლასიკური ზღაპრისა და თანამედროვე ციფრული უსაფრთხოების კავშირი.

CyberHood — თანამედროვე ზღაპარი ციფრული სიფხიზლის შესახებ

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა, რომელსაც ტექნოლოგიები ძალიან უყვარდა. ახალ პროგრამებსა და აპლიკაციებს ცდიდა, კოდირებას სწავლობდა და, რაც მთავარია, გამუდმებით კითხვებს სვამდა.

როგორ მუშაობს?

რატომ მუშაობს?

ვინ შექმნა?

რისთვის შექმნა?

რა მოხდება, თუ აქ დავაჭერ?

და რა მოხდება, თუ საერთოდ არ დავაჭერ?

ზოგჯერ უფროსებს მისი კითხვები ძალიან ღლიდა. გოგონას კი სჯეროდა, რომ ტექნოლოგიებს ადამიანის ცხოვრება შეეძლო უფრო საინტერესო, მარტივი და უსაფრთხო გაეხადა — ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანები მის გამოყენებას ისწავლიდნენ.

ამიტომ ხშირად დადიოდა ტექნოლაბში. იქ სწავლობდა, ცდიდა, თამაშობდა, პატარა პროგრამებს წერდა და სხვებსაც ეხმარებოდა. ყველაზე ხშირად კი — ბებიას.

ბებიას ტელეფონში საჭმლის მიტანის აპლიკაცია ჩაუწერა, ვიდეოზარების გამოყენება ასწავლა, ონლაინბანკის პაროლის დაცვაშიც დაეხმარა და კიდევ ათასი ისეთი რამ გაუკეთა, რის შემდეგაც ბებია აღფრთოვანებული ამბობდა:

— საოცარი დრო დადგა. ადრე პურისთვის სახლიდან უნდა გავსულიყავი, ახლა კი პური თვითონ მოდის ჩემთან!

ერთხელ, დაბადების დღეზე ბებიამ გოგონას წითელი ჰუდი აჩუქა.

ჰუდზე ოქროსფერი ასოებით ეწერა:

„კითხვები ჩვენი შეუზღუდავი შესაძლებლობების გასაღებია.“

გოგონას საჩუქარი ისე მოეწონა, რომ თითქმის აღარასდროს იხდიდა მას. ციფრულ სამყაროშიც კი მისი ავატარი წითელ ჰუდს ატარებდა.

ამიტომ მას წითელჰუდა შეარქვეს.

ბებიის გასაჭირი

ერთ დილას, როცა წითელჰუდა ახალ აპლიკაციას ცდიდა, დედამ დაუძახა:

— შვილო, ბებიას დახმარება სჭირდება. ტელეფონში რაღაც განახლება გააკეთა. ახლა რამდენიმე აპლიკაცია აღარ მუშაობს, ერთ-ერთი სერვისი კი თანხას ისევ აჭრის.

წითელჰუდამ ტელეფონი აიღო და დედას უპასუხა:

— ტექნოლაბში წავალ. იქ ძლიერი კომპიუტერებია, უსაფრთხო ქსელია და საჭირო პროგრამულ ბაზებთანაც მაქვს წვდომა. იქიდან შევამოწმებ. თუ რამე რთული აღმოჩნდა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც იქ არიან.

დედამ თავი დაუქნია, მაგრამ კართან მისული გოგონა გააჩერა:

— წითელჰუდავ.

— რა მოხდა?

— ერთი რამ გახსოვდეს. პერსონალური მონაცემები ციფრულ სამყაროში ყველაზე ძვირფასი განძია. ბებიას ანგარიშებთან წვდომა უცხოს არავის მისცე.

— ვიცი, დედა.

— ცოდნა და სიფრთხილე ერთი და იგივე არ არის.

წითელჰუდას გაეღიმა.

— არავის მივცემ. გპირდები.

წითელჰუდა გზას გაუდგა.

ციფრულ ტყეში

ტექნოლაბის შესასვლელთან გოგონას უცნობი ბიჭი შეხვდა. როგორც კი წითელჰუდა დაინახა, გაუღიმა.

— მოიცა… შენ ხომ წითელჰუდა ხარ?

გოგონა შეჩერდა.

— დიახ. საიდან მიცნობ?

— ფორუმებიდან. შენს პოსტებს ხშირად ვკითხულობ. ძალიან საინტერესო კითხვებს სვამ. განსაკუთრებით ის მომეწონა — „თუ აპლიკაცია უფასოა, სინამდვილეში რით ვიხდით მის საფასურს?“

წითელჰუდას გაუხარდა. ეს მართლაც მისი დაწერილი კითხვა იყო.

— ჩემი ფოლოუერი ხარ?

— დიდი ხანია. უბრალოდ კომენტარებს იშვიათად ვწერ. იცი, ინტერნეტში კამათი არ მიყვარს.

წითელჰუდას გაეცინა.

— ეგ ნამდვილად იშვიათი თვისებაა.

— დღეს ასე ადრე რატომ მოხვედი?

— ბებიას ტელეფონს პრობლემა აქვს. რამდენიმე აპლიკაცია უნდა გავუმართო.

ბიჭს სახეზე აღტაცება გამოეხატა.

— მართლა? საოცარი დამთხვევაა. მე სწორედ სისტემების უსაფრთხოებაზე ვმუშაობ. ერთ დიდ ტექნოლოგიურ კორპორაციაში მთავარი კოდერი ვარ.

— მართლა?

— მეგობრები „კოდების მგელს“ მეძახიან.

— რატომ?

ბიჭმა გაიღიმა.

— იმიტომ, რომ ყველაზე რთულ სისტემაშიც კი გზას ვპოულობ.

წითელჰუდამ ეს ხუმრობად მიიღო. მგელმა კი იცოდა, რომ სიმართლე უთხრა.

ხრიკი

გოგონა და მისი ფოლოუერი გვერდიგვერდ დასხდნენ. წითელჰუდამ ბებიას ტელეფონთან დასაკავშირებელი უსაფრთხო არხი გახსნა.

მგელმა ეკრანს შეხედა. მხოლოდ ერთი წამით. მაგრამ ერთი წამიც საკმარისი აღმოჩნდა. მან დაინახა მოწყობილობის იდენტიფიკატორი, ანგარიშების სია და აღდგენის არხი. მგლის თვალებში რაღაცამ უცნაურად გაიელვა. წითელჰუდამ კი ვერაფერი შენიშნა.

— იცი რა, — თქვა ბიჭმა, — პირდაპირ ნუ შეხვალ. განახლების შემდეგ შეიძლება სისტემაში დაუცველი ადგილი დარჩენილიყო. ჯერ ეს სკრიპტი გაუშვი.

ეკრანზე გრძელი კოდი გამოჩნდა.

წითელჰუდა ყურადღებით დააკვირდა.

— რას აკეთებს?

— კავშირის უსაფრთხოებას ამოწმებს.

— ეს ნაწილი?

— სერვერის ავტორიზაციას.

— ეს?

მგელმა გაიღიმა.

— შენ მართლა ძალიან ბევრ კითხვას სვამ.

წითელჰუდას გაეცინა.

— სულ ასე მეუბნებიან.

— კარგი თვისებაა. მაგრამ ზოგჯერ ექსპერტსაც უნდა ენდო, არა?

წითელჰუდა გაჩუმდა. ბიჭი ხომ სპეციალისტი იყო. მისი ფოლოუერი.მისი პოსტებიც კი ჰქონდა წაკითხული.

რატომ უნდა შეჰპარვოდა ეჭვი?

მან კოდის გაშვება დაიწყო.

ერთი საფეხური.

მეორე.

მესამე.

ავტორიზაცია.

შემოწმება.

დადასტურება.

ხელახალი ავტორიზაცია.

კოდი თითქოს არ თავდებოდა.

ამ დროს მგელმა სხვა ფანჯარა გახსნა. წითელჰუდას პროფილის ფოტო ჩამოტვირთა. მისი სახელი დააკოპირა. და ბებიას მისწერა:

„ბებო, მე ვარ. ტელეფონს გიმართავ. ახალი წვდომის კოდი მოგივა და გამომიგზავნე, კარგი?“

რამდენიმე წამში ბებიას პასუხი მოვიდა:

„კარგი, ჩემო პატარავ.“

მალევე ექვსნიშნა კოდი მიიღო.

მგელმა კოდი შეიყვანა. ეკრანზე გამოჩნდა:

ACCESS GRANTED – წვდომა მინიჭებულია.

„რა კარგად მელაპარაკებოდი…“

წითელჰუდა ისევ კოდში იყო ჩაფლული.

— რთულია, მაგრამ ალბათ უსაფრთხოება ასე მუშაობს, — ფიქრობდა. — მგელმა ხომ მითხრა, რომ ეს საუკეთესო გზაა.

უცებ ტელეფონი განათდა და ბებიას შეტყობინება მიიღო:

„ჩემო პატარავ, ყველაფერი კარგადაა? ცოტა უცნაური იყო. კოდი რომ მთხოვე, შენს საუბარს არ ჰგავდა…“

წითელჰუდა გაშეშდა.

რომელი კოდი? მე ხომ არაფერი მითხოვია? ნელა გაიხედა გვერდით. სკამი ცარიელი იყო. ბიჭი თითოს გაქრა.

წითელჰუდამ კომპიუტერს შეხედა. ეკრანზე ახალი ფანჯარა გამოჩნდა.

ფაილის სახელი: W3LF.exe

ქვემოთ კი ეწერა:

„წვდომა მინიჭებულია. მონაცემების ჩამოტვირთვა დაწყებულია.“

შემდეგ მეორე შეტყობინება გამოჩნდა:

„გმადლობ, წითელჰუდავ. ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდი.“

წითელჰუდას ხელები გაეყინა. ახლა ყველაფერს მიხვდა.

ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ მეგობრულად ეჩვენებოდა.

მისი სიტყვები.

მისი ღიმილი.

მისი კომპლიმენტები.

მისი დახმარება… – სიცრუე აღმოჩნდა.

ძველი ზღაპრის სიტყვები თითქოს თავისით ამოტივტივდა მის გონებაში:

— რა კარგად მელაპარაკებოდი…

იმისთვის, რომ შენი ნდობა მქონოდა.

— რა კარგად მიცნობდი…

იმისთვის, რომ შენიანად მოგჩვენებოდი.

— რა მალე დამიმეგობრდი…

იმისთვის, რომ ეჭვი არ შემპარვოდა.

— რა სწრაფად შემომთავაზე დახმარება…

იმისთვის, რომ შენი ხელით გამეღო კარი.

წითელჰუდამ თვალები დახუჭა.

— მეგონა, მე ვაკონტროლებდი ტექნოლოგიას. სინამდვილეში კი მან მე გამომიყენა.

მონადირე

ამ დროს ტექნოლაბის შუშის კარი გაიღო. ოთახში სანდრო შემოვიდა — კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი. ტექნოლაბში მას ხუმრობით „ჰაკერებზე მონადირეს“ ეძახდნენ.

მან ერთი შეხედვით შეამჩნია უცნაური პროცესი, ღია ავტორიზაციის არხი და მონაცემების უჩვეულო მოძრაობა.

— წითელჰუდავ, რა მოხდა?

გოგონამ ხმა ვერ ამოიღო.

— მე… მგონი ბებიას მონაცემები მოვაპარინე.

სანდრო მის გვერდით დაჯდა.

— თავიდან მომიყევი.

— გაბრაზდები?

— ახლა გაბრაზების დრო არ არის. ასეთი შემთხვევის დროს პირველი წესი ასეთია: რაც უფრო სწრაფად ვიგებთ სიმართლეს, მით მეტი შანსია ზიანის შეჩერების.

წითელჰუდამ ყველაფერი მოუყვა. არაფერი დაუმალავს. არც ბიჭის სიტყვები. არც საკუთარი გადაწყვეტილება. არც ის, რომ დედის გაფრთხილება დაავიწყდა.

სანდრომ სწრაფად დაიწყო მუშაობა.

ჯერ მავნე პროცესის კვალს მიჰყვა.

შემდეგ საეჭვო კავშირები შეამოწმა.

IP-მისამართების ჯაჭვს დააკვირდა.

გამავალი კავშირები დაბლოკა.

უცნობ მოწყობილობებს წვდომა შეუწყვიტა.

აქტიური სესიები დახურა.

ანგარიშებზე პაროლების შეცვლა და მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია დაიწყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა:

— ვიპოვე.

— ვინ არის?

— ეს „მგელი“ ცნობილი კიბერთაღლითია. ის ხშირად იცვლის სახელს, ფოტოს, ავატარს და ციფრულ კვალს. ადამიანებზე ინფორმაციას წინასწარ აგროვებს და შემდეგ ისე ესაუბრება, თითქოს დიდი ხანია იცნობს.

წითელჰუდამ ჩუმად იკითხა:

— ანუ ჩემი ფოლოუერი არ იყო?

— შეიძლება იყო კიდეც.

— მაშინ როგორ მივხვდებოდი?

სანდრომ ეკრანს თვალი მოაშორა.

— მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ შენ შესახებ რაღაცას იცის, არ ნიშნავს, რომ შენ მას უნდა ენდო.

წითელჰუდა გაჩუმდა.

სანდრომ განაგრძო:

— ასეთ თავდასხმას სოციალური ინჟინერია ჰქვია. ის ხშირად სისტემას კი არ უტევს — ადამიანს უტევს. ჯერ ნდობას ქმნის, შემდეგ კი ადამიანს თვითონ აკეთებინებს იმას, რასაც სხვაგვარად ვერ შეძლებდა.

— ანუ კოდი არ მოუპარავს.

— არა.

სანდრომ წითელჰუდას შეხედა.

— მან ნდობა მოიპარა. კოდი მერე მარტივად მიიღო.

ის, რასაც მონაცემთა ბაზაში ვერ იპოვი

— ბებიას ანგაროშები როგორაა? — იკითხა წითელჰუდამ.

— ანგარიშების ნაწილი უკვე დავიცავით. პაროლებს ვცვლით, აქტიურ სესიებს ვხურავთ და საეჭვო წვდომებს ვბლოკავთ. მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს.

— რა პრობლემა?

— მგელმა შენი სახელით უკვე რამდენჯერმე მისწერა. ახლა ბებიამ ყველას მიმართ ნდობა დაკარგა და აღარ იცის, ვინ არის ნამდვილი წითელჰუდა.

— მე დავურეკავ.

— შეიძლება მგელმა შენი ხმა მიიღოს.

— ვიდეოზარს გავუკეთებ.

— შენი სახის გაყალბებაც შესაძლებელია.

წითელჰუდა გაჩუმდა.

— მაშინ როგორ უნდა დავუმტკიცო?

სანდრომ უთხრა:

— გაიხსენე ისეთი რამ, რაც მხოლოდ თქვენ ორმა იცით. არა დაბადების დღე. არა მისამართი. არა სკოლის სახელი. ასეთი ინფორმაცია შეიძლება სხვაგანაც იპოვონ.

წითელჰუდა ჩაფიქრდა. უცებ გაეღიმა. ბებიას მისწერა:

„ბებო, გახსოვს, პირველად საჭმლის აპიდან ნამცხვრები რომ გამოგიწერე?“

პასუხი არ მოვიდა.

წითელჰუდამ კიდევ მისწერა:

„შენ ამბობდი, შოკოლადის ნამცხვარი მინდაო, მაგრამ შეცდომით თორმეტი სტაფილოს ნამცხვარი შევუკვეთეთ.“

რამდენიმე წამი გავიდა. შემდეგ ტელეფონი განათდა.

ბებიას ვიდეოზარი იყო.

— ჩემო პატარავ!

— ბებო!

— ეს ნამდვილად შენ ხარ. თორმეტი სტაფილოს ნამცხვარი როგორ დამავიწყდება? სამი დღე მთელ სამეზობლოს ვაჭმევდით.

წითელჰუდას პირველად გაეცინა იმ დღის განმავლობაში.

ბებიამ საჭირო მოქმედებები დაადასტურა.

სანდრომ მავნე პროგრამა წაშალა, მოწყობილობა შეამოწმა, სისტემის აღდგენა დაიწყო და ანგარიშები დამატებითი დაცვის ქვეშ მოაქცია.

მონაცემების დიდი ნაწილი გადარჩა.

მგელს წვდომა შეუწყდა.

რა ისწავლა წითელჰუდამ

იმ საღამოს წითელჰუდა სახლში დაბრუნდა.

წითელი ჰუდი გაიხადა და პირველად დააკვირდა ოქროსფერ წარწერას:

„კითხვები ჩვენი შეუზღუდავი შესაძლებლობების გასაღებია.“

ადრე ეგონა, რომ კითხვები მხოლოდ ცოდნის მისაღებად იყო საჭირო.

ახლა ისწავლა:

ზოგჯერ კითხვა კარს გიხსნის.

ზოგჯერ კი — არასწორი კარის გაღებისგან გიცავს.

იმ დღიდან წითელჰუდას ტექნოლოგიების სიყვარული არ შეუწყვეტია.

პირიქით. ის ისევ სწავლობდა კოდირებას. ისევ ცდიდა ახალ პროგრამებს. ისევ ეხმარებოდა სხვებს.

მაგრამ ახლა, როდესაც ვინმე ძალიან სწრაფად უმეგობრდებოდა, ძალიან კარგად აკვირდებოდა და ისე ისაუბრებოდა. მას შემდეგ, წითელჰუდა აღარ კითხულობდა მხოლოდ:

„როგორ მუშაობს?“

ის კიდევ ორ კითხვას სვამდა:

„ვინ მაძლევს ამ ინფრომაციას, კოდს, რჩევას?“

და:

„რატომ?“

ცოტა ხნის შემდეგ წითელჰუდამ და სანდრომ ერთად დაიწყეს ახალი პროგრამის შექმნა.

მას დაარქვეს:

CyberHoodციფრული სიფხიზლე ბავშვებისთვის.

რადგან ციფრულ ტყეში მგლები ყოველთვის საშიშად არ გამოიყურებიან.

ზოგჯერ მათ ლამაზი ავატარი აქვთ.

ზოგჯერ შენი ინტერესები იციან.

ზოგჯერ კომპლიმენტებს გეუბნებიან.

ზოგჯერ დახმარებასაც კი გთავაზობენ.

და სწორედ ამიტომ, ციფრულ ტყეში ყველაზე ძლიერი დაცვა მხოლოდ პაროლი არ არის.

ყველაზე ძლიერი დავცაა შეკითხვა, რომელსაც დროულად დასვამ.

P.S. „წითელჰუდა და ციფრული ტყე“ ძველი ზღაპრის თანამედროვე ვერსიაა, რომელიც მე ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებისათვის დავწერე. ასე ვსწავლობთ ჩვენს საკვირაო სკოლაში — ბავშვებთან ერთად ვკითხულობთ, ვსვამთ კითხვებს, ვკამათობთ, ვეძებთ ზღაპრებში დამალულ სიბრძნეს და ერთად ვიგონებთ, როგორ იცხოვრებდნენ ძველი პერსონაჟები დღევანდელ სამყაროში. ასე, ჩვენი უნიკალური მეთოდით, ბავშვი სწავლობს არა მზა პასუხების დამახსოვრებას, არამედ ფიქრს, აზროვნებას, კითხვების დასმას, საკუთარი აზრის გამოხატვას, ემოციების გაგებასა და გადაწყვეტილებების მიღებას.

სექტემბრის ჯგუფებზე წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაიწყო — ჯგუფებიში ადგილები კი შეზღუდულია.

თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა კვირაში ერთი დღე უბრალოდ კიდევ ერთ გაკვეთილზე კი არ გაატაროს, არამედ მოუთმენლად ელოდოს დღეს, როცა ფიქრი, თამაში და აღმოჩენები ერთ სივრცეში ხვდება ერთმანეთს — გელოდებით. რეგისტრაციის ბმული:

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ