ყველაზე ცუდი ომში ისაა, რომ სიტყვები გულში ცეცხლს ვეღარ ანთებს. ჩვენს გულში სიჩუმეა. ზღაპარი მოგვბეზრდა, სიკეთის რწმენამ დაიძინა, თითქოს ქრისტე აღარ აღდგა. აწამეს, მოკლეს, მაგრამ… წერილი არ აღსრულდა. მარიამ მაგდალინელი დარჩა მოტირალი და მასთან აღარ მივიდა რაბუნი.
ასე გრძნობ თავს, ასე ვგრძნობ თავს. ნუთუ ეს ვაკუუმი ჩვენი სისუსტეა?
სინამდვილეში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. „ვაილდბერიზი“ ცეცხლის ალში გაეხვა და არამხოლოდ, მაგრამ ეს უკანასკნელი იმიტომ გამახსენდა, რომ უამრავი ადამიანი, ვისაც რუსეთის უძლეველობის სჯეროდა, ჩვეულებრივი დიასახლისები, პროპაგანდით ტვინგამორეცხილები, მიხვდნენ: ზარალს არავინ აუნაზღაურებს. თუმცა სწორედ აქ, ამ გამარჯვებასთან შეჯახებისას, ფიქრი მაინც გარბის. გვინდა გავიცინოთ, მაგრამ ვეღარ ვიცინით, რადგან თვალწინ ის ბავშვი გვიდგას ომმა თვალები რომ დაუბრმავა, ყურები დაუხშო, მგრძნობელობა დაუკარგა და ვეღარასდროს იგრძნობს თავს უსაფრთხოდ.
ამ დროს კვლავ ვუბრუნდებით შეკითხვას: ეს ვაკუუმი ჩვენი სისუსტეა?
ჩვენ ვცდებით!
ეს თავდაცვაა, როცა ტვინი ტკივილს ვეღარ იტევს და ყრუ კედელს აშენებს, რომ უბრალოდ გადარჩეს. ხანგრძლივი ომი უხმაუროდ გვპარავს მომავლის შეგრძნებას, გვაიძულებს ვიცხოვროთ მხოლოდ „აქ და ახლა“. სწორედ ამ თავდაცვის მექანიზმს გადავყავართ ყველაზე მძიმე ფაზაში: თითქოს შევეგუეთ დაღლილობას, მოსალოდნელ დარტყმებს, უძილო ღამეებს, უსულო სხეულებს, ცრემლებს. გვგონია, რომ დასასრული არ დადგება. არადა, ეს უკანასკნელი საფეხურია, როცა იმდენად გავძლიერდით, რომ როგორც არასდროს მზად ვართ ინიციაციისთვის: ამირანივით გავკვეთოთ დევის მუცელი და ხელახლა ვიშვათ; დავინახოთ ჩემი და ჩვენი ,,რაბუნი”. უიმედო რომ გვეგონა, ის სიჩუმე ყველაზე იმედიან ერთგულებაზე ჰყვებოდა თურმე. ერთგულებაზე, რომელის საფუძველიც რაიმე გარანტია კი არა, ჩვენი რწმენა იყო, სიკეთის გამარჯვების, დევის მუცლის გაკვეთის, თუ მესიის აღდგომის.
…და ის ომისაგან დაბრმავებული ბავშვიც, რომელზეც დასაწყისში ვფიქრობდით, აუცილებლად დაინახავს და იგრძნობს ცეცხლის მაამებელ სითბოს, ბოროტებას რომ უკიდია და კიდევ დაუსრულებლად წაეკიდება.
არა, ახლა არ ვცდებით: ეს ომი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!





