ფიფქია და მოწამლული სარკე: რას გვასწავლის ძველი ზღაპარი შედარების ხაფანგზე?

როდესაც ფიფქიას ზღაპარზე ვსაუბრობთ, ჩვენი ყურადღება ხშირად გადადის თავად ფიფქიაზე, ტყის მყუდრო სახლზე, კეთილ ჯუჯებსა თუ მოწამლულ ვაშლზე. თუმცა, თუ ამ ისტორიას უფროსის თვალით, ცოტა უფრო ღრმად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მთელი სიუჟეტი რეალურად ერთი პერსონაჟის, დედოფლის ფსიქოლოგიური დრამის გარშემო ტრიალებს.

დედოფალი ყოველდღე, დაჟინებით სვამს ერთსა და იმავე კითხვას:

„სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინ არის ქვეყნად ყველაზე ლამაზი?“

ერთი შეხედვით, ეს უბრალო, ნარცისული კითხვაა. სინამდვილეში კი სწორედ აქ იწყება მთელი ტრაგედია. როდესაც მოლაპარაკე სარკე პასუხობს, რომ ფიფქია მასზე ლამაზია, დედოფალი ამას უბრალოდ ინფორმაციად არ იღებს. ის ამას საკუთარ არსებობაზე, საკუთარ ღირებულებაზე გამოტანილ განაჩენად აღიქვამს.

სარკის სიტყვები მის ტვინში ასე ითარგმნება: „თუ ფიფქია პირველია, შენ აღარავინ ხარ. შენ დაკარგე ფასი.“ სწორედ ამ მომენტიდან იბადება შური, ბრაზი, დევნა და ყველა ის დამანგრეველი მოვლენა, რაც ზღაპარს ქმნის.

პრობლემა ფიფქია არ ყოფილა

ბავშვებთან მუშაობისას ხშირად ვსვამ ხოლმე ერთ კითხვას: „როგორ ფიქრობთ, რა იყო დედოფლის ყველაზე დიდი პრობლემა?“

პასუხი თითქმის ყოველთვის მყისიერია: „ფიფქია!“

მაგრამ თუ ერთად დავსხდებით და დავფიქრდებით, ბავშვები თავადვე აღმოაჩენენ, რომ ფიფქია საერთოდ არაფერს აშავებს. ის არავის ეჯიბრება, არავის ტახტს არ ეცილება, ის უბრალოდ არსებობს. დედოფლის ნამდვილი მტერი ფიფქია კი არა, საკუთარი თავის სხვასთან მუდმივი, აკვიატებული შედარებაა.

ეს არის ამ ზღაპრის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გაკვეთილი. დედოფალი იმიტომ კი არ არის უბედური, რომ ნაკლული აქვს რამე — ის ხომ დედოფალია, მდიდარია, ძალაუფლებაც აქვს და სილამაზეც. ის უბედურია იმიტომ, რომ მისი თვითშეფასება მთლიანად გარე რეიტინგებზე ანი შეფასებაზეა მიბმული. მას სჭირდება, რომ იყოს „ყველაზე“, რადგან უბრალოდ „ყოფნა“ მისთვის არაფერს ნიშნავს.

„ის ჩემზე უკეთესია, ესე იგი მე არ ვვარგივარ“

საკუთარი თავის სხვებთან შედარება აბსოლუტურად ბუნებრივია. ამას ბავშვებიც აკეთებენ და დიდებიც. პრობლემა შედარება კი არ არის, არამედ ის, როცა ამ შედარებიდან ვასკვნით, რომ სხვისი წარმატება ჩვენს ღირებულებას ამცირებს.

ბავშვები ძალიან ადრეულ ასაკში ვარდებიან ამ ხაფანგში. ისინი სკოლაში, ეზოში თუ ეკრანებთან ყოველდღე უყურებენ საკუთარ „სარკეებს“ და ფიქრობენ:

  • „ის ჩემზე უკეთ კითხულობს.“
  • „მას უფრო ბევრი მეგობარი ყავს.“
  • „მისი ნახატები უფრო ლამაზია.“
  • „ის სპორტში პირველია, ყველას ის მოსწონს.“

ეს ზუსტად ის ტოქსიკური აზრია, რომელმაც ზღაპარში დედოფალი შიგნიდან გამოფიტა და გაანადგურა: „თუ ის რაღაცაში უკეთესია, მაშინ მე საკმარისად კარგი აღარ ვარ.“

როგორ ვაძლიერებთ ამ ხაფანგს უნებლიედ?

ჩვენ, უფროსები — მშობლები და მასწავლებლები — ხშირად სრულიად შემთხვევით, საუკეთესო განზრახვით ვასხამთ ნავთს ამ ცეცხლზე. ზოგჯერ ეს შედარება პირდაპირი და აშკარაც კი არ არის. მაგალითად, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვამბობთ ხოლმე:

  • „ნახე, მარიამი რა მოწესრიგებულია.“
  • „ნიკასავით თავდაჯერებული რომ იყო, კარგი იქნებოდა.“
  • „შენს ასაკში მე უკვე მარტო დავდიოდი სკოლაში…“

ჩვენ გვგონია, რომ ამით ბავშვს წინსვლისა და განვითარების მოტივაციას ვაძლევთ. მაგრამ ბავშვის შინაგან მონოლოგში ეს ფრაზები სულ სხვანაირად თარგმნება: „შენი ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, სხვებთან შედარებით სად დგახარ. თუ ვინმეს ჩამორჩები, ჩემს აღიარებას კარგავ.“

თუ ბავშვს არ დავეხმარეთ ამ ილუზიის დანახვაში, ის მთელ თავის ენერგიას სხვისი „ვაშლების მოწამვლაში“ ან საკუთარი უნიკალურობის უარყოფაში დახარჯავს.

ერთი ზღაპარი, ბევრი კითხვა: როგორ ველაპარაკოთ ბავშვს?

იმის ნაცვლად, რომ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ ბავშვს მზა მორალი წავუკითხოთ — „შური ცუდიაო“, მოდი, კითხვებით დავეხმაროთ ფიქრში. ეს კითხვები აბსოლუტურად ცვლის აქცენტებს:

  1. „როგორ ფიქრობ, რეალურად ბედნიერი იყო დედოფალი, როცა სარკე ეუბნებოდა, ყველაზე ლამაზი ხარო?“
  2. „შეიძლება, რომ ორი ადამიანი ერთდროულად იყოს ნიჭიერი, ლამაზი და საინტერესო?“
  3. „თუ შენს მეგობარს მათემატიკა შენზე უკეთ გამოსდის, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარ?“
  4. „რას ეტყოდი დედოფალს, მისი მეგობარი რომ ყოფილიყავი და მისი დარდი გცოდნოდა?“

როდესაც ბავშვი ამ თემაზე ფიქრს იწყებს, შეგვიძლია მარტივი სავარჯიშოც გავაკეთოთ: ავიღოთ ფურცელი, გავყოთ შუაზე. ერთ მხარეს ერთად ჩამოვწეროთ, რა გამოსდით სხვებს კარგად, მეორე მხარეს კი — რა გამოსდის თავად მას საუკეთესოდ. და ბოლოს დავსვათ მთავარი კითხვა: „რატომ არ აუქმებს პირველი სია მეორეს?“

უსაფრთხო ადგილი აზროვნებისათვის

შემდეგ ჯერზე, როდესაც შვილებთან ან მოსწავლეებთან ერთად „ფიფქიას“ გადაიკითხავთ, ჰკითხეთ მათ:

„როგორ ფიქრობ, რა მოხდებოდა, დედოფალს საკუთარი თავის დასაჯერებლად ფიფქიას დამარცხება რომ არ დასჭირვებოდა?“

ეს კითხვა ზღაპარს აცოცხლებს და ბავშვისთვის პირად ინსტრუმენტად აქცევს. ის ხვდება, რომ ფიფქია მხოლოდ ძველი ისტორია არ არის — ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ვკარგავთ საკუთარ თავს, როცა სხვის ცხოვრებას ვუყურებთ.

ჩვენს შვილებს ცხოვრებაში ყოველთვის შეხვდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცაში მათზე უკეთესები, უფრო სწრაფები ან უფრო წარმატებულები იქნებიან. ჩვენ ვერ დავუმალავთ მათ სხვის წარმატებას, მაგრამ შეგვიძლია ვასწავლოთ უმნიშვნელოვანესი რამ: სხვისი ნიჭი და ძლიერი მხარეები შენს ღირებულებას არ ამცირებს.

სხვისი ვარსკვლავის ნათება შენს სინათლეს არ აქრობს.

სწორედ ეს არის ბავშვების სწავლების ჩემი საავტორო მიდგომა – “აირა”. თუ თქვენთვის საინტერესოა ამ სახით ზღაპრების განხილვა, გამომყევით ამ მოგზაურობაში, პერიოდულად სხვადასხვა ზღაპრების განვითარების პოტენციალზე დავწერ, ასევე მომწერეთ შეკითხვები ან კონკრეტული ზღაპრები რაც გაინტერესებთ და ერთად ვიმოგზაუროთ ამ საოცერბათა სამყაროში.

თუ „აირას: ზღაპრის სახელოსნოში“ თქვენს პატარასთან ერთად მოგზაურობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ — კრიტიკული აზროვნების საკვირაო სკოლაში პატარა მეზღაპრეებისათვის კარი ყოველთვის ღიაა. საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია კი ამ ბმულზეა.

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ