ტარო და ფსიქოლოგია — წინასწარმეტყველების ფსიქოლოგიური მექანიზმები

ტარო, წინასწარმეტყველება და ფსიქიკა — როდის და როგორ მუშაობს?

„მითხარი, რა მელის.“

ალბათ ეს კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი თხოვნაა.

ვშლით ტაროს. ვკითხულობთ ჰოროსკოპს. ვეძებთ ნიშნებს. მივდივართ ადამიანთან, რომელმაც თითქოს უნდა იცოდეს ის, რაც ჩვენ არ ვიცით.

მაგრამ მართლა მომავლის ცოდნა გვინდა?

თუ ზოგჯერ სულ სხვა რამეს ვეძებთ?

იქნებ სინამდვილეში კითხვა — „რა მელის?“ — სხვა კითხვებს ფარავს:

„რისი შესაძლებლობა მაქვს?“

„რამდენად დიდი შეიძლება იყოს ჩემი ცხოვრება?“

„რა მოხდება, თუ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე საკუთარ თავზე ვფიქრობ?“

და კიდევ უფრო რთული კითხვა:

იქნებ საკუთარი რეალური პოტენციალის აღმოჩენისთვის ჯერ მზად არ ვარ?

რადგან საკუთარი ძალის დანახვაც ყოველთვის მარტივი არ არის.

თუ მართლა ვაღიარებ, რომ შემიძლია ჩემი ცხოვრების შეცვლა, შემდეგ უკვე რაღაცის გაკეთებაც მომიწევს.

ვეღარ ვიტყვი მხოლოდ: „ასეთი ცხოვრება შემხვდა.“

უნდა ვკითხო საკუთარ თავს:

„და მე რას ვაკეთებ იმ ცხოვრებით, რომელიც მაქვს?“

ზოგჯერ სწორედ ამიტომ გვჭირდება ვიღაც სხვა.

ვიღაც, ვინც თითქოს ჩვენს ნაცვლად იტყვის იმას, რასაც საკუთარ თავს ჯერ ვერ ვეუბნებით:

„შენში გაცილებით მეტია.“

„შენ ამას შეძლებ.“

„შენს ცხოვრებაში ცვლილება შესაძლებელია.“

ზოგისთვის ამას შეიძლება კიდევ უფრო დიდი, თითქმის მისტიკური ფორმა ჰქონდეს:

„შენში არის რაღაც ღვთაებრივი ძალა.“

მე არ ვიცი, არსებობს თუ არა „ღვთაებრივი ძალა“ იმ პირდაპირი მნიშვნელობით, როგორსაც სხვადასხვა სულიერი ტრადიცია ან ადამიანი ანიჭებს ამ სიტყვებს.

მაგრამ ფსიქოლოგიურად აქ ძალიან საინტერესო რამ ხდება.

შესაძლოა ადამიანისთვის ეს სიტყვები ნიშნავდეს:

„ჩემში არის ძალა, რომელსაც აქამდე ვერ ვენდობოდი.“

„ჩემში არის პოტენციალი, რომლის გამოყენების უფლებასაც საკუთარ თავს არ ვაძლევდი.“

„შესაძლოა ჩემი დღევანდელი ცხოვრება ჩემი შესაძლებლობების საბოლოო საზღვარი არ არის.“

და სწორედ აქ შეიძლება გარე ვალიდაცია იქცეს შინაგან ნებართვად.

იქნებ მომავლის ცოდნა კი არა, ნებართვა გვჭირდება?

ზოგჯერ პასუხი გვაქვს — მაგრამ საკუთარი პასუხის არ გვჯერა.

ადამიანს შეიძლება დიდი ხანია უნდა პროფესიის შეცვლა, საკუთარი საქმის დაწყება, ურთიერთობიდან წამოსვლა, წიგნის დაწერა, სხვა ქვეყანაში გადასვლა.

მაგრამ საკუთარ თავს ეუბნება:

„მე ვინ ვარ, ეს რომ შევძლო?“

„ეს ჩემთვის ზედმეტად დიდი სურვილია.“

„ალბათ რეალისტური არ არის.“

„იქნებ უბრალოდ მომეჩვენა.“

და შემდეგ სრულიად უცხო ადამიანი ტაროს ბარათებს შლის და ეუბნება:

„შენს ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოდის.“

ობიექტურად ჯერ არაფერი შეცვლილა.

მაგრამ შეიძლება შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ:

ადამიანმა პირველად დაუშვა, რომ ეს შესაძლებელია.

და სწორედ აქ იწყება ჩემთვის წინასწარმეტყველებისა და ფსიქიკის „პროგრამირების“ ორი, ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული გზა

ერთი გარედან მოდის:

ვიღაც მეუბნება, რა შეიძლება მოხდეს.

მეორე შიგნიდან:

მე თვითონ ვეუბნები საკუთარ თავს, რა მინდა, რომ შესაძლებელი გახდეს.

ერთ შემთხვევაში ამას ტარო, წინასწარმეტყველება ან „სამყაროს ნიშანი“ ჰქვია.

მეორეში — ვიზუალიზაცია, აფირმაცია, მიზნის ფორმულირება, განზრახვა.

ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული სამყაროა.

მაგრამ ფსიქოლოგიურად მათ შეიძლება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი ჰქონდეთ:

ორივე შემთხვევაში ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება შესაძლო მომავლის სურათი.

და ამის შემდეგ მთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ:

„ეს მომავალი ვინ იწინასწარმეტყველა?“

მთავარი კითხვაა:

„რა გააკეთა ამ შესაძლო მომავალმა ჩემში?“

დავიჯერე?

მივიღე?

ჩემად ვიგრძენი?

დავიწყე მისი დანახვა?

შეცვალა ის ჩემი ყურადღება?

ჩემი პატარა არჩევანები?

ჩემი ქცევა?

რადგან არც წინასწარმეტყველება და არც აფირმაციის ასჯერ გამეორება თავისთავად არ არის საკმარისი.

გარდამტეხი შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც იდეა გარედან მოსმენილი ფრაზიდან შინაგან შესაძლებლობად იქცევა:

„ეს შეიძლება ჩემი ცხოვრება იყოს.“

და თუ ამ მიღებას ქცევაში გადასვლის შესაძლებლობაც აქვს — ცნობიერად ან თუნდაც გაუცნობიერებლად — სწორედ აქ იწყება რეალური ცვლილების შესაძლებლობა.

ერთი თითქოს გვეუბნება:

„აი, რა გელის.“

მეორე:

„აი, რა გინდა შექმნა.“

მაგრამ ორივეს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე კითხვაა:

„ახლა, როცა ეს შესაძლებლად დავინახე — რას გავაკეთებ სხვანაირად?“

სწორედ აქ შეიძლება იწყებოდეს გზა:

სიტყვა → რწმენა → შინაგანი ნებართვა → ყურადღება → არჩევანი → ქცევა → შედეგი.

მაგრამ გარე ვალიდაცია როდის იწყებს „მუშაობას“?

მხოლოდ მოსმენა საკმარისი არ არის.

ვიღაცამ შეიძლება ასჯერ გითხრათ:

„შენ წარმატებული იქნები.“

და არაფერი შეიცვალოს.

გარდამტეხი მომენტი მაშინ ჩნდება, როდესაც გარედან მოსულ სიტყვას შინაგანად ვიღებთ, მჯერა მისი.

როდესაც რაღაც ჩვენში პასუხობს:

„იქნებ მართლა.“

ეს პატარა „იქნებ“ შეიძლება უზარმაზარი ცვლილების დასაწყისი აღმოჩნდეს.

რადგან შემდეგ იცვლება ის, რასაც ვამჩნევთ.

ადრე ვაკანსიას გადავახვევდით — ახლა ვკითხულობთ.

ადრე ადამიანს არ მივწერდით — ახლა ვწერთ.

ადრე იდეას საკუთარ თავშივე მოვკლავდით — ახლა ვფიქრობთ: „რატომაც არა?“

ადრე შემთხვევით შეხვედრას შემთხვევითობად ჩავთვლიდით — ახლა შეიძლება „ნიშნად“ აღვიქვათ. არადა ნიშნებით სავსეა ეს სამყარო, უბრალოდ დანახვა უნდა შეგეძლოს.

და აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა:

შეიცვალა სამყარო თუ შეიცვალა ჩვენი მზაობა სამყაროში რაღაცების დასანახად?

შესაძლოა ორივე ასე განვიცადოთ.

მაგრამ ფსიქოლოგიურად ვიცით, რომ როდესაც რაღაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და შესაძლებელი ხდება, ჩვენი ყურადღებაც მისკენ უფრო მეტად მიემართება.

ამიტომ გარე დადასტურებას ზოგჯერ შეუძლია დაიწყოს ასეთი ჯაჭვი:

სურვილი → საკუთარ თავში ეჭვი → გარე ვალიდაცია → შინაგანი ნებართვა → შესაძლებლობის დანახვა → ყურადღების ცვლილება → არჩევანი → მოქმედება → შედეგი.

და მოქმედება ყოველთვის გაცნობიერებული არ არის.

შეიძლება პირდაპირ გადავწყვიტოთ: „ხვალ ამას გავაკეთებ.“

მაგრამ შეიძლება უბრალოდ სხვანაირად დავიწყოთ საუბარი.

უფრო თამამად ვუპასუხოთ.

რაღაც შესაძლებლობას აღარ ავუაროთ გვერდი.

ვიღაცასთან ურთიერთობა დავიწყოთ.

სადღაც წავიდეთ, სადაც ადრე არ წავიდოდით.

და პატარა არჩევანების ჯაჭვმა რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად სხვა ადგილას მიგვიყვანოს.

მერე უკან მოვიხედავთ და ვიტყვით:

„ტარომ მითხრა.“

შესაძლოა.

მაგრამ კიდევ ერთი შესაძლებლობაც არსებობს:

იქნებ ტარომ მოგვცა ნებართვა, დაგვეჯერებინა საკუთარი თავის ის ვერსია, რომლის დაჯერებისთვისაც მანამდე მზად არ ვიყავით.

და იქნებ ამიტომ „მუშაობს“ მხოლოდ ზოგი წინასწარმეტყველება?

ყველა სიტყვა ჩვენში არ შედის.

ყველა პროგნოზს არ ვიღებთ.

ზოგი საერთოდ გვავიწყდება.

მაგრამ არის სიტყვები, რომლებზეც უცებ ვფიქრობთ:

„ეს ჩემია.“

რატომ?

შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი ეხებიან იმას, რაც ჩვენში უკვე არსებობდა — სურვილს, ინტუიციას, არაცნობიერ მზაობას, შესაძლებლობას.

ტარო შეიძლება არ ქმნიდეს ამ პოტენციალს.

შეიძლება უბრალოდ სახელს არქმევდეს იმას, რისი დანახვის უფლებასაც საკუთარ თავს ჯერ ვერ ვაძლევდით.

და სწორედ აქ ჩემთვის ჩნდება ყველაზე საინტერესო კითხვა:

წინასწარმეტყველებამ დაინახა ჩვენი მომავალი — თუ დაგვეხმარა, დაგვენახა საკუთარი პოტენციალი, რომელმაც შემდეგ ჩვენი მომავალი შეცვალა?

შესაძლოა ამიტომაც გვჭირდება ხანდახან „ჯადოქარი“.

არა აუცილებლად იმიტომ, რომ მან ჩვენზე მეტი იცის.

არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ გვჭირდება ვიღაც, ვინც ცოტა ხნით ჩვენზე მეტად დაიჯერებს ჩვენს შესაძლებლობას.

ვინც გვეტყვის:

„შენში არის ძალა.“ “შენ ეს შეგიძლია”. “შენ ეს გექნება”

და თუ ამ სიტყვას მართლა მივიღებთ, შეიძლება ერთ დღეს სხვისგან ნასესხები რწმენა ჩვენს საკუთარ რწმენად იქცეს.

შემდეგ — არჩევანად.

არჩევანი — მოქმედებად.

მოქმედება — შედეგად.

მაგრამ აქ კიდევ ერთი პირობა არსებობს — უნდა იცოდე, რა გინდა

დიდი ხანია ვიკვლევ სურვილების ასრულების მექანიზმებს — ფსიქოლოგიურსაც და იმ პრაქტიკებსაც, რომლებსაც ადამიანები მანიფესტაციას, ვიზუალიზაციას, აფირმაციას თუ სხვა სახელებს უწოდებენ.

და რაც უფრო მეტს ვკითხულობ, ვაკვირდები და ვმუშაობ ამ საკითხზე, მით მეტად ერთ რამეს ვუბრუნდები:

მთელი „ჯადოსნობის“ დასაწყისში ერთი ძალიან არაჯადოსნური კითხვა დგას — რა მინდა სინამდვილეში?

გინდა საკუთარი თავის წინასწარმეტყველი იყავი.

გინდა ტაროს დაუჯერე.

გინდა სურვილების დაფა გააკეთე.

გინდა ყოველდღე აფირმაციები გაიმეორე.

თუ ზუსტად არ იცი, რა გინდა შენ, ძალიან რთულია იმ მიმართულებით მოძრაობა.

და აქ კიდევ უფრო საინტერესო პრობლემას ვაწყდები.

ხშირად ადამიანებს სურვილები იმიტომ კი „არ უსრულდებათ“, რადგანაც ცუდად ინატრეს.

არამედ იმიტომ, რომ საკუთარი სურვილებით საერთოდ არ ცხოვრობენ, ის რაც ინატრეს მათი არ იყო – ნასესხები იყო, რადგანაც ლამაზად გამოიყურებოდა.

ჩვენ უამრავი ნასესხები სურვილი გვაქვს.

ის, რაც უნდა უნდოდეს ჩემი ასაკის ადამიანს.

ის, რაც წარმატებად ითვლება.

ის, რაც ჩემს მშობლებს გაუხარდებოდათ.

ის, რასაც ჩემი სოციალური წრე აფასებს.

ის, რაც სოციალურ ქსელში ლამაზად გამოიყურება.

ის, რაც თითქოს უნდა მქონდეს იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვუთხრა: „გამომივიდა.“

და მერე მთელი ძალით ვცდილობთ „ავიხდინოთ“ სურვილი, რომელიც შეიძლება თავიდანვე ჩვენი არ ყოფილა.

როგორ უნდა შექმნა შენი მომავალი, თუ სურვილი, რომლისკენაც მიდიხარ, შენიც კი არ არის?

აი, ეს საკითხი ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა.

როგორ ვარჩევთ ნამდვილ სურვილს ნასესხებისგან?

როგორ ვხვდებით, მართლა მე მინდა თუ ვისწავლე, რომ ეს უნდა მინდოდეს?

და რა ემართება ჩვენს ფსიქიკას, როდესაც პირველად ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას ვთქვათ:

„არა. სინამდვილეში მე სხვა რამ მინდა.“

მაგრამ ამაზე სხვა დროს მოგიყვებით.

ახლა კი მაინტერესებს თქვენ.

თუ ეს ხედვა ბოლომდე წაიკითხეთ, დამიწერეთ:

თქვენ როგორ ხედავთ ამ სამყაროს?

გჯერათ წინასწარმეტყველების?

ინტუიციის?

ნიშნების?

ფიქრობთ, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარი მომავლის ნაწილს?

თუ ამ ყველაფრის მიღმა კიდევ სხვა რამ არის, რასაც ფსიქოლოგია ჯერ ბოლომდე ვერ ხსნის?

მე კი ნელ-ნელა მოგიყვებით იმაზე, რაც სულ უფრო მეტად მაინტერესებს:

ჩვენი ფსიქიკის „ჯადოსნურ“ ბუნებაზე.

იმაზე, თუ რამდენად მეტი შესაძლებლობა შეიძლება გვქონდეს, ვიდრე საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას დავინახოთ.

და იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სხვისგან მოსმენილი —

„შენ შეგიძლია“

ერთ დღეს ჩვენს საკუთარ წინადადებად იქცევა:

„მე შემიძლია.“

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ