Georgian feast in a dark political setting, symbolizing empty political speeches during a national crisis.

სახლი იწვის, პოლიტიკოსები კი სადღეგრძელოებს ამბობენ

ქვეყანა იწვის.

ადამიანები გარბიან ქვეყნიდან. ახალგაზრდები მომავალს ემიგრაციაში ეძებენ. ფასები იზრდება, ხელფასები ადგილზე დგას, ინსტიტუტები ინგრევა, სასამართლოს აღარ ენდობიან, პოლიტიკას აღარ უსმენენ.

და ამ დროს ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მართვას აპირებენ, მიკროფონებთან დგანან და სადღეგრძელოებს ამბობენ.

„ჯერ ესენი გავუშვათ.“

„ჯერ რეჟიმი დავამარცხოთ.“

„ჯერ გავერთიანდეთ.“

ხოლო შემდეგ?

შემდეგ სიჩუმეა.

სწორედ აქ არის ჩვენი პოლიტიკური ტრაგედია. ხელისუფლება ქვეყანას მართავს შიშით, ოპოზიცია კი — აღშფოთებით. ერთს ძალაუფლება უნდა, მეორეს — მორალური უპირატესობა. მოქალაქეს კი არც ერთი აღარ უსმენს.

აქტივისტს აქვს უფლება იყვიროს: „სახლი იწვის!“

მაგრამ პოლიტიკოსის საქმეა გვითხრას:
სად არის წყალი.
ვინ მოიტანს მას.
რა ეღირება.
რამდენ ხანში ჩაქრება ცეცხლი.
და როგორ ავაშენებთ სახლს თავიდან.

დღეს ოპოზიციური პოლიტიკის დიდი ნაწილი Facebook-ის პოსტად გადაიქცა. ყოველდღე გვიხსნიან, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია, რომ ქვეყანაში უსამართლობაა, რომ სისტემა ავტორიტარულია.

მადლობა, მაგრამ ხალხმა ეს უკვე საკუთარ ტყავზე გამოსცადა და იცის.

ადამიანებს სხვა კითხვები აქვთ.

როგორ შეაჩერებთ ფასების ზრდას?

როგორ შექმნით სამუშაო ადგილებს?

როგორ გაათავისუფლებთ სასამართლოს?

როგორ შეამცირებთ ემიგრაციას?

როგორ გადაარჩენთ განათლებას?

როგორ იმუშავებს ქვეყანა ორშაბათ დილას, თუ ხელისუფლება შეიცვალა?

ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად ჩვენ ვისმენთ პოლიტიკურ სადღეგრძელოებს.

„ჯერ გადავაგდოთ და მერე ვნახოთ.“

მაგრამ ქვეყანა რესტორანი არ არის, სადღეგრძელოებით რომ იმართებოდეს.

სწორედ აქ იგებს რეჟიმი.

ავტორიტარულ ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია ყველაზე მეტად აშინებს, მაგრამ გეგმის და ხედვის არ მქონე ოპოზიცია ყველაზე მეტად უყვარს. იმიტომ, რომ მას შეუძლია ხალხს უთხრას:

„ჩვენ თუ წავალთ, ქაოსი მოვა.“ “აბა ომი გინდა?” და ა.შ.

და როდესაც ალტერნატივა მხოლოდ აღშფოთებაა, იქ პროპაგანდა მუშაობს.

ამიტომ პრობლემა მხოლოდ ხელისუფლება არ არის.

პრობლემაა ოპოზიციაც, რომელმაც პოლიტიკა მორალურ პოზად აქცია და სახელმწიფოებრივი აზროვნება დაკარგა.

ხალხი ბრმა არ არის.

ხალხმა იცის, რომ სისტემა ცუდია.

მაგრამ ადამიანები არასოდეს მიდიან იმ გზით, რომლის ბოლოსაც არაფერი ჩანს.

დღეს ოპოზიციას ტრიბუნები არ აკლია.

არ აკლია სიმამაცე.

არ აკლია მსხვერპლი.

აკლია შინაარსი.

და სანამ პოლიტიკოსები ცეცხლმოკიდებულ სახლში სადღეგრძელოების თქმას არ შეწყვეტენ, რეჟიმი მშვიდად გააგრძელებს არსებობას.

არა იმიტომ, რომ ის ძლიერია.

არამედ იმიტომ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ჯერ არავინ გამოჩენილა, ვისაც ქვეყნის აშენების გეგმა აქვს.

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ