POLICE

არსებობს წამი, როდესაც დანაშაული ჯერ კიდევ არჩევანია. სანამ ჩაიდენდე გგონია, რომ უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის არსებობს, რომ სინდისის დათმობა დროებითი კომპრომისია, მაგრამ სამყაროში არსებობს უხილავი მორალური ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგაც ადამიანი საკუთარი თავის მძევალი ხდება. ის ვეღარასდროს დაუბრუნდება საწყის წერტილს, რადგან აღმოჩნდება, რომ რაც გაყიდა, მისი მომავალი იყო.

სწორედ ამ ფატალურ არჩევანს გადმოსცემს კლოდ შაბროლი თავის 1969 წლის შედევრში „მოღალატე ცოლი“ (“La Femme infidèle”). ფილმში ბურჟუაზიული, მოწესრიგებული ცხოვრების მიღმა ჩადენილი ღალატი და მკვლელობა თითქოს იფარება. ცოლ-ქმარი ცდილობს შეინარჩუნოს ილუზია, ვითომც არაფერი მომხდარა და ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. მაგრამ ეს ილუზიაა. ღალატი, როგორც კი ის რეალობად იქცევა, შლის ყველაფერ ნამდვილს და ადამიანს საკუთარი თავის მძევლად აქცევს.

ეს ზუსტად ისეთივე დანაშაულია, როგორიც „ქოცობა“. არა უბრალოდ პოლიტიკური არჩევანი, არამედ მორალური კოლაფსი, საკუთარი ქვეყნის, მომავლისა და ნამდვილი ფასეულობების ღალატი. თითქოს არაფერია, თითქოს უბრალო კონფორმიზმია, რომელიც გეპატიება, რადგან „ყველამ თავი უნდა გადაირჩინოს”, მაგრამ ეს არის ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგაც თავიდან ცხოვრებას ვეღარ დაიწყებ. ვერასდროს ჩამოირეცხავ იმ სირცხვილს, რასაც სიმართლის გაყიდვა და სინამდვილის გაუფასურება ჰქვია.

ამ მორალური ჩიხის საუკეთესო ვიზუალიზაცია შაბროლის ფილმის 2002 წლის რიმეიქში, ედრიან ლაინის „არაგულწრფელის“ (“Unfaithful”) ბოლო კადრში ჩანს. წვიმიანი ღამე, გზაჯვარედინზე გაჩერებული ცოლ-ქმრის მანქანა. შიგნით ორი ადამიანი ზის, რომლებმაც ერთმანეთსაც უღალატეს, საკუთარ თავსაც და სამართალსაც. მანქანა წითელ შუქნიშანთან დგას, მის გვერდით კი ანათებს წარწერა: “POLICE”. ეს არის ფინალი. მათ იციან, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც დარჩენიათ, ჩაბარებაა. ჩაბარდე სამართალს, რადგან ტყუილში სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელია. ძველი ცხოვრება მკვდარია, ახალი კი შეუძლებელი. ეს ჯოჯოხეთია, არა უბრალოდ ფიზიკური ტანჯვის ადგილი, არამედ ჩადენილი ცოდვის ლოგიკური გაგრძელება. 

დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთის მერვე წრეში ფულის გამყალბებლები იტანჯებიან. ისინი მიწაზე ცხოვრებისას მატერიალური სიამ-ტკბილობისთვის, პირადი გამორჩენისთვის აყალბებდნენ იმას, რაც ყველას ეკუთვნოდა. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სხვისი მოტყუებით, ჯოჯოხეთში კი მათ კეთრი შეეყარათ და ადამიანის სახე დაკარგეს. მიწაზე ცხოვრებისას ისინი აყალბებდნენ ფორმას, ლითონს აძლევდნენ ოქროს სახეს, თუმცა შინაარსით ის ცარიელი იყო. ჯოჯოხეთში სამართალი პარადოქსულად აღესრულება: სასჯელი ამ ილუზიას თავდაყირა აყენებს. ვინც მიწაზე შინაარსს აყალბებდა და ფორმას უნარჩუნებდა, ჯოჯოხეთში სახე დაკარგა.

„ქოცობაც“ სიმართლისა და ფასეულობების გაყალბებაა პირადი კომფორტისთვის. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ქოცს ამისთვის იმქვეყნიური ჯოჯოხეთი არ სჭირდება. ის უკვე აქ, მიწაზე გადის სასჯელს. მისი სოციალური და მორალური სახე კეთრის ბოლო სტადიის ლომის სახემ ჩაანაცვლა.

ქოცი ვერ დაუბრუნდება ნულოვან წერტილს, მისთვის არ არსებობს სუფთა დასაწყისი, არც განსაწმენდელი, რადგან მისი გზა მხოლოდ იმ აბრისაკენ მიდის, ცოლ-ქმარი სამნერების მსგავსად: “POLICE”!

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ