ხელოვნური ინტელექტი, მატრიცის კულტურა, სოციალური კონტროლი და ადამიანის ინდივიდუალობის დაკარგვა — „მატრიცის ტყვეობა II“ ბლოგის ქავერი.

მატრიცის ტყვეობა II: როგორ შევქმენით „ჩმორების სამყარო“ და რატომ გვაშინებს AI?

ცოტა ხნის წინ ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ გვინდოდა 50 წლის წინ აგვეშენებინა სამოთხე: ადგილი, სადაც ყველას მოუსმენდნენ, სადაც შიში გაქრებოდა და სადაც იერარქიის ცივი კედლები „ფსიქოლოგიური უსაფრთხოების“ რბილი ბალიშებით ჩაენაცვლებოდა. მაგრამ სადღაც, გზააბნეულ ლაბირინთში, ჩვენი სამოთხე მატრიცად იქცა — „ჩმორების სამყაროდ“, ხოლო ემპათია ბორკილებად.

ახლა კი დროა, ამ პროცესის „მეორე მხარე“ ვნახოთ — ჩვენი ციფრული რეალობა, რომელმაც ამ მატრიცის მშენებლობა დაასრულა.

ილუზორული უსაფრთხოება და კოლექტიური სიმხდალე

ციფრულ სამყაროში „არას“ თქმა დღეს იშვიათ ფუფუნებად იქცა. მის ნაცვლად მივიღეთ ბევრად უფრო დამანგრეველი იარაღი: პასიურ-აგრესიული იგნორირება. როცა შენს განსხვავებულ აზრს უბრალოდ „ატარებენ“, ეს არის სისტემის მესიჯი: „შენი აზრი იმდენად უმნიშვნელოა, რომ უარყოფის ღირსიც კი არ არის“.

დღეს დუელში აღარავინ გიწვევს. ამის ნაცვლად, „თავზე ხელს გადაგისვამენ“ და შენს ნათქვამს „საშუალო არითმეტიკულში“ გათქვეფენ. ეს არის ჰუმანური სტერილიზაცია. პასუხისმგებლობა კი Outlook-ის მეილებში აორთქლდა — Copy-ში ჩასმული 20 ადამიანი არ არის სამუშაო პროცესი, ეს არის 20-კაციანი ფარი, რომლის უკანაც საკუთარ უუნარობას ვმალავთ. როგორ? პასუხისმგებლობა იყოფა 20-ზე. თითოეული იღებს მის მხოლოდ 5%-ს. ეს 5% კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა კომფორტის ზონიდან გამოსვლის მოტივაცია იგრძნოს.

მარტოობა — ანგარიში

ეს ყველაფერი ერთ წერტილში იყრის თავს: მარტოობაში.

ბოლო წლების კვლევები საგანგაშოა: Cigna-ს მონაცემებით, ამერიკელების 60% გრძნობს, რომ მათ ნამდვილად არავინ იცნობს. WHO-ს სტატისტიკით, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვირაში ერთხელ მაინც განიცდის მწვავე სიმარტოვეს. ბრიტანული კვლევა ადასტურებს: ქრონიკული სიმარტოვე ჯანმრთელობისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც დღეში 15 სიგარეტის მოწევა.

ეს არ არის მეტაფორა — ეს ბიოლოგიაა. ძუძუმწოვრისთვის იზოლაცია სასიკვდილო საფრთხის ნიშანია. ორგანიზმი სტრესის ჰორმონებს გამოყოფს, იმუნიტეტი ეცემა. სხეულმა იცის ის, რასაც გონება მალავს: თუ შენს ქმედებას გავლენა არ აქვს, თუ შენ არავის სჭირდები — შენ, არსებითად, არ არსებობ. სწორედ ამიტომ გაიზარდა ჩვენს სამყაროში ფსიქოსომატური დაავადებების რიცხვი საგრძნობლად.

AI — 50-წლიანი ექსპერიმენტის სარკე

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ გვაშინებს AI სინამდვილეში? ეს შიში ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ სამუშაო ადგილის დაკარგვა. AI-მ დაიკავა ის ადგილი, რომელიც ჩვენ ნახევარსაუკუნოვანი ექსპერიმენტისათვის „სამოთხედ“ ავაწყვეთ.

ჩვენი შიში არის იმის აღიარება, რომ ეს 50-წლიანი ექსპერიმენტი — სადაც კეთილი მიზნებით, „ჰუმანიზმის“ სახელით უარი ვთქვით ადამიანის მრავალფეროვნებაზე, წავშალეთ ზღვარი სიმართლესა და პოლიტკორექტულობას შორის და შევქმენით სტერილიზებული მატრიცები — დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ამ მატრიცაში, რომელიც ჩვენივე ხელით ავაშენეთ, ჩვენი ადგილი აღარ არის. იქნებ სწორედ ეს არის ის ნიშანი, რათა გადავხედოთ ჩვენს ქმედებებს?

ხელოვნური ინტელექტი თავისი არსით სტატისტიკური საშუალოა. ის იღებს მილიარდობით ადამიანურ მონაცემს და პოულობს მათ შორის ყველაზე „უსაფრთხო”, ყველაზე ხშირად გამეორებულ გზას. პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ 50 წლის განმავლობაში ზუსტად ამავე გზით ვიარეთ — ვცდილობდით ვყოფილიყავით „საშუალოები”, ინკლუზიურები და პოლიტკორექტულები.

ჩვენ თავად მოვამზადეთ ნიადაგი. შევქმენით მანქანა, რომელიც არის იდეალური ბიუროკრატი, იდეალური middle manager, იდეალური „ჩმორი.” და ახლა გვიკვირს, რატომ გვანაცვლებს ის ამ როლებში. პასუხი მარტივია: რადგან ამ როლებში ჩვენი ჩანაცვლება შეიძლება.

AI-ს არ ეძინება, არ იღლება, არასოდეს არღვევს კორპორატიული ეთიკის ნორმებს. თუ ადამიანი მხოლოდ „სწორი პასუხების” გენერატორია — მას აზრი აღარ აქვს. ადამიანის ერთადერთი ნამდვილი უპირატესობა არის სწორედ ის, რასაც „ტოქსიკურობას” ვარქმევდით — ის არაპროგნოზირებადი, „უხეში”, „არასწორი” სიმართლე, რომელიც ალგორითმში არ ზის. თუ ამ „არასწორობას” ვკრძალავთ, ნებაყოფლობით ვხდებით სუსტი AI-ები.

ჩვენ გვაშინებს არა ის, რომ AI „გონიერია“, არამედ ის, რომ მან დაიკავა ის ადგილი, რომელიც ჩვენთვის ავაშენეთ. მატრიცაში, სადაც ადამიანი მხოლოდ ფუნქციაა, AI ბევრად უფრო სრულყოფილი ფუნქციონერია. მას არ აქვს ბრაზი, არ აქვს საზღვრები და ყოველთვის მზად არის „კონსენსუსისთვის“.

პირდაპირ ვთქვათ: თუ შენი ყოველდღიურობა მხოლოდ მითითებების შესრულება და „უსაფრთხო“ შუალედის ძებნაა, შენ უკვე ბოტი ხარ — უბრალოდ, უფრო ნელი და ძვირი.

სანამ ჩვენ ამ სისტემებში ვმოძრაობთ და კრიტიკული აზროვნება მხოლოდ ლექსიკონის ნაწილია, მანამდე AI კი არ გვაქრობს — ჩვენ ვაქრობთ საკუთარ თავს. ჩვენ ნებაყოფლობით ვამბობთ უარს იმ ნაპერწკალზე, რომელიც ადამიანს მანქანისგან ასხვავებს და ნელ-ნელა ცოცხალ გვამებად ვიქცევით.

AI არის სარკე, რომელიც დაუნდობლად გვეუბნება:

„თუ შენ აღარ ხარ არაორდინალური, მტკიცე, ცოცხალი, ახლის შემქნელი სუბიექტი და მხოლოდ აღმწერად იქეცი, მაშინ შენ აღარც მჭირდები. შენ თუ აღარ ქმნი ახალს, მე ბევრად უკეთ ვამუშავებ არსებულ ინფორმაციას.“

ალგორითმების ტყვეობა და SEO-ჰუმანიზმი

ამ „ჰუმანურმა რელიგიამ“ შექმნა სისტემა, სადაც ადამიანი აღარ ელაპარაკება ადამიანს. თუ გინდა, რომ შენი სათქმელი ვინმემ წაიკითხოს, შენ აღარ წერ ადამიანისთვის — შენ წერ ალგორითმისთვის. შენ იყენებ SEO-სიტყვებს, რომლებსაც თავად AI გიკარნახებს. ავთენტურობა ჩაანაცვლა ოპტიმიზაციამ. ჩვენ აღარ ვამბობთ იმას, რაც გვტკივა ჩვენეული, განსვავებული სიტყვებით, არამედ ვსაუბრობთ იმ ენით, რასაც საძიებო სისტემა „მოითხოვს“.

გამოსავალი: პასუხისმგებლობის პრივატიზაცია

გამოსავალი არ არის AI-სთან ბრძოლა. გამოსავალს „პასუხისმგებლობის პრივატიზაცია” ჰქვია. ეს არის ვერტიკალის დაბრუნება. ეს არ ნიშნავს ტირანიას — ის ნიშნავს ღერძს. ვერტიკალური ადამიანი არის ის, ვინც ამბობს: „ეს მე გადავწყვიტე.” ვისაც საკუთარი შეცდომა არ გადაჰყავს გუნდზე, ვისაც არ ეშინია ფანტასტიკური ჟანრის იდეების გახმოვანების და ვისაც რთული მიზნები კიდევ უფრო მეტ ცნობისმოყვარეობას უღვიძებს.

ეს არის ის, რისი გაკეთებაც AI-ს არ შეუძლია. მას არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ კი შეგვიძლია პროტოკოლს გადავუხვიოთ. შეგვიძლია ვიყოთ ფანტასტიკური იდეების გენერატორები და ის „უხეში”, „არასწორი” და „ცოცხალი” სიმართლე, რომელიც ალგორითმში არ ზის.

კოსმოსში გავიჭერით. კარგი. მაგრამ სანამ ახალ საზოგადოებებს მატრიცებში შევქმნით, იქნებ მთავარი კითხვა დავსვათ: რა გვესაქმება მატრიცებში? თავისუფლების და ბედნიერების სახელით რატომ შევუზღუდეთ საკუთარ თავს სიცოცხლის უფლება?

ვინ ვართ ჩვენ ან საით მივდივართ? ცოცხალი, იდეებით სავსე, ზოგჯერ სპონტანური არსებები, რომლებიც ოცნებობენ, ქმნიან და საინტერესო თავგადასავალში ცხოვრობენ, თუ უბრალოდ ოპტიმიზირებული ცოცხალი გვამები, რომლებსაც ალგორითმი მარსზეც გაგვიყვანს?

ეპილოგი: რატომ (არ) არის ეს ტექსტი პესიმისტური

თუ ამ ტექსტის კითხვისას ბრაზი, უსუსურობა ან თავდაცვის სურვილი იგრძენით — ეს ნიშნავს, რომ თქვენში ჯერ კიდევ ცოცხალია ის სუბიექტი, რომელსაც მატრიცა ვერ ინელებს. ეს ტექსტი არ არის განაჩენი. ეს არის მანიფესტი მათთვის, ვისაც საკუთარი ძალის დაბრუნება სურს.

1. ემპათია ბორკილების ნაცვლად

მინდა სწორად გამიგოთ: მე არ დავცინი ემპათიას. ემპათია ადამიანობის უმაღლესი გამოვლინებაა. მე დავცინი იმ „სოციალურ სტერილიზაციას“, რომელმაც ემპათიის სახელით სიმართლეზე უარი გვითხრა. ნამდვილი ემპათია ნიშნავს სხვისი პიროვნული ზრდის ხელშეწყობას და არა მის დაჩმორებას „ზედმეტი მზრუნველობით“. ნამდვილი თანაგრძნობა ვერტიკალურია — ის გეხმარება ფეხზე დადგე და არა დარჩე იქ, სადაც ხარ.

2. რას ვეძახით „ჩმორობას“?

როცა „ჩმორების სამყაროზე“ ვსაუბრობ, ეს არ არის ქუჩური შეურაცხყოფა. ეს არის სიმხდალის კულტურის დიაგნოზი. „ჩმორობა“ ჩემს კონტექსტში ეგზისტენციალური კატეგორიაა, რომელიც გულისხმობს:

  • Agency-ის (ქმედითობის) გაქრობას: როცა ადამიანი საკუთარ თავს აღარ აღიქვამს ცვლილებისა და გავლენის წყაროდ.
  • პასუხისმგებლობისგან გაქცევას: როცა „გუნდურობის“ სახელით ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი ატროფირდება.
  • ნების დაკარგვას: როცა ზედმეტი უსაფრთხოების ძიებაში ადამიანი უარს ამბობს რისკზე — სიცოცხლის ერთადერთ ნიშანწყალზე.

ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ნებაყოფლობით ხდება მატრიცის პასიური მომხმარებელი. სწორედ ამ სიმხდალეს ვუპირისპირებ მე „ვერტიკალს“.

3. AI — გენიალური შესაძლებლობა

ხელოვნური ინტელექტი არ არის მტერი. პირიქით, ის გენიალური შესაძლებლობაა. AI არის უპრეცედენტო რესურსი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ყველაზე ამბიციური და დიდი მიზნების განხორციელება წარმოუდგენლად დააჩქაროს. ის სამყაროს უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს და რესურსებით სავსეს ხდის.

თუმცა, იმისათვის, რომ AI ჩვენს დიდ მიზნებს ემსახუროს, ჯერ ეს მიზნები უნდა გვქონდეს. პრობლემა ტექნოლოგიაში კი არა, ჩვენს პასიურობაშია. თუ ჩვენ დავბრუნდებით „შემქმნელის“ პოზიციაში, AI გახდება ის რეაქტიული ძრავა, რომელიც კაცობრიობას ახალ სიმაღლეებზე აიტანს.

4. ვერტიკალი — არა დიქტატურა, არამედ არქიტექტურა

ხაზგასმით უნდა ვთქვათ: ვერტიკალი და „არას“ თქმის უნარი არ არის დიქტატურის ან ცენტრალიზებული მართვის ინსტრუმენტი. პირიქით, ეს არის ჯანსაღი პიროვნული არქიტექტურის საფუძველი. როცა ადამიანს არ შეუძლია თქვას „არა“, მისი „კი“ უფასურდება — ის მხოლოდ ექოა და არა პოზიცია.

ვერტიკალი ნიშნავს, რომ სისტემა კი არ გმართავს შენ, არამედ შენ ხარ სისტემის შემოქმედი. სწორი დაგეგმარება სწორედ აქ იწყება: როცა სუბიექტს აქვს მკაფიო ღირებულებითი ღერძი, მას არ ეშინია ფანტასტიკური ჟანრის იდეების გახმოვანების და რაც უფრო რთულია მიზანი, მით მეტ ცნობისმოყვარეობას გრძნობს.

5. „ეს მე გადავწყვიტე – მინდა“ — თავისუფლების დაბრუნება

ამ ტექსტის ბირთვი პასუხისმგებლობის პრივატიზაციაა. სამყაროში, სადაც ალგორითმი გიკარნახებს რა ჭამო და როგორ იფიქრო, ფრაზა — „ეს მე გადავწყვიტე – მინდა“ — ყველაზე რევოლუციური აქტია. ეს არის იმ საზღვრის გავლება, სადაც მანქანა მთავრდება და ადამიანი იწყება.

გამოსავალი არა ტექნოლოგიების გათიშვაში, არამედ საკუთარი „ვერტიკალის“ პოვნაშია. იმაში, რომ გაბედო იყო არაპროგნოზირებადი, ცოცხალი და პასუხისმგებელი საკუთარ ყოველ ნაბიჯზე.

მატრიცა მხოლოდ მანამდეა საშიში, სანამ ვერ ვამჩნევთ. როგორც კი დავინახავთ, ის უბრალოდ გენიალურ ინსტრუმენტად იქცევა ჩვენს ხელში.

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ