როგორ ეხმარება წითელქუდას ზღაპარი ბავშვებს კრიტიკული აზროვნებისა და ინტუიციის განვითარებაში
არის ერთი ზღაპარი, რომელიც ბავშვობიდან ალბათ ყველას გვახსოვს. პატარა გოგონა წითელი ქუდით ტყეში მიდის. გზად მგელს ხვდება. მგელი თავაზიანად ესალმება, ეკითხება — საით მიეშურება და ვისთან. წითელქუდა კი გულღიად, ეჭვის გარეშე, ყველაფერს უამბობს.
ზრდასრულები ამ სცენას სულ სხვა თვალით ვუყურებთ. ხანდახან გვინდა, წიგნის ფურცელში შევძვრეთ და შევძახოთ: „უცნობს ნუ ეუბნები, საით მიდიხარ!”
ბავშვები კი ამ ისტორიას სხვაგვარად კითხულობენ. მათთვის მგელი თავიდან საშიში სულაც არ არის. ის არ ყვირის, არ ემუქრება და არ იქცევა ისე, როგორც მულტფილმების კლასიკური ბოროტმოქმედები. პირიქით — საკმაოდ მეგობრული და თავაზიანია.
წლების განმავლობაში ამ ისტორიას ძირითადად მორჩილების გაკვეთილად ვყვებოდით. იდეა მარტივი იყო: მოუსმინე დედას, ნუ გადაუხვევ გზიდან, თორემ უსიამოვნებაში გაეხვევი. მაგრამ რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ ზღაპარზე — როგორც ფსიქოთერაპევტი და როგორც დედა — მით უფრო ვრწმუნდები, რომ მისი ნამდვილი ძალა სულ სხვაგან იმალება.
ეს არ არის მხოლოდ ისტორია მორჩილებაზე. ეს არის ისტორია გადაწყვეტილებებზე — იმაზე, როგორ ვაფასებთ რისკს, როგორ ვირჩევთ ვის ვენდოთ, როგორ ვამჩნევთ საეჭვო ნიშნებს და როგორ ვიქცევით მაშინ, როცა რაღაც რიგზე არ გვეჩვენება.
და აქ ყველაზე საინტერესო ის კი არ არის, როგორ იქცევა თავად წითელქუდა — რომელიც სინამდვილეში შეცდომას შეცდომაზე უშვებს — არამედ ის, თუ რა აზროვნების პროცესს იწვევს მისი შეცდომები პატარა მკითხველის გონებაში.
როცა კეთილი სახე და თბილი ღიმილი საკმარისი არ არის
ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი მგელთან შეხვედრაა. მგელი ძალას არ იყენებს. ის უბრალოდ ელაპარაკება. უსმენს. ინტერესდება. და სწორედ ამიტომ ენდობა მას წითელქუდა.
როცა ამ ეპიზოდს ბავშვებთან ერთად ვკითხულობ, ხშირად ვჩერდები და ვეკითხები: „თქვენი აზრით, რატომ ენდო წითელქუდა მგელს?”
პასუხები თითქმის ყოველთვის ერთნაირად იწყება — „კეთილი ჩანდა”, „ცუდი არაფერი უთქვამს”, „გაუღიმა”. და სწორედ აქ იწყება ჩვენი მთავარი საუბარი იმაზე, რომ მეგობრული ქცევა ავტომატურად უსაფრთხოებას არ ნიშნავს.
ეს კითხვა დღეს ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე მაშინ, როცა ზღაპარი პირველად დაიწერა. დღეს „მგელი” ტყეში აღარ იმალება, ის სულ სხვა სახით მოდის. ის შეიძლება იყოს უცნობი ეკრანის მეორე მხარეს, ლამაზად შეფუთული რეკლამა, საეჭვო შეტყობინება ან ადამიანი, რომელიც ზედმეტად სწრაფად ცდილობს ჩვენი ნდობის მოპოვებას. ბავშვს კი სჭირდება უნარი, რომ გარეგნობას მიღმა შეხედოს და კითხვები დასვას.
გზიდან გადახვევის ფასი და მეასედ წაკითხული გვერდები
ზღაპარში მგელი წითელქუდას ყვავილების კრეფას სთავაზობს. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით — თითქოს ლამაზი, კეთილი იდეაა. მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ იწყება. წითელქუდა გზიდან გადაუხვევს. ჩერდება. დროს კარგავს. მგელი კი ამასობაში თავის გეგმას ასრულებს.
ზრდასრულისთვის ეს მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი აშკარაა. ბავშვისთვის — ყოველთვის არა. ამიტომ მიყვარს კითხვა: „ყვავილების საკრეფად რომ არ გაჩერებულიყო, როგორ შეიცვლებოდა ისტორია?”
ასეთი საუბარი ბავშვს ეხმარება დაინახოს, რომ ყოველდღიურ არჩევანს შედეგი მოჰყვება — ხშირად ისეთი, რომელიც მაშინვე არ ჩანს. ზოგჯერ ერთი პატარა, თითქოს უმნიშვნელო გადაწყვეტილება მთელი ისტორიის მიმართულებას ცვლის.
რამდენიმე თვის წინ, ჩემს პრაქტიკაში ერთმა მშობელმა მითხრა, რომ მის შვილს ზედიზედ თითქმის ორი კვირა ყოველ საღამოს ზუსტად ამ ზღაპრის მოსმენა უნდოდა. თავიდან ეს უბრალოდ ღლიდა, ეგონა, რომ ბავშვი ერთ ადგილს ტკეპნიდა. მაგრამ ერთ საღამოს მოულოდნელად შენიშნა, რომ შვილმა ისეთი კითხვა დაუსვა, რომელიც აქამდე არასოდეს გაუჟღერებია: „დედა, შეიძლება მგელს თავიდანვე არ უნდოდა ცუდის გაკეთება და უბრალოდ ძალიან შიოდა?“
სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ბავშვი ისტორიას კი არ იმეორებდა — მას ხელახლა იკვლევდა. ყოველ მომდევნო წაკითხვაზე მისი ემოციური რესურსი თავისუფლდებოდა და ის სულ უფრო ღრმა დეტალებზე იწყებდა ფიქრს. ამბავი იგივე რჩებოდა, მაგრამ ბავშვი იცვლებოდა. ეს უნარი კი მოგვიანებით სწავლაშიც სჭირდება, ურთიერთობაშიც და ცხოვრების ყველა იმ წერტილში, სადაც დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ხათრი, ზრდილობა და წითელი განგაშის ღილაკი
ისტორიის ყველაზე ცნობილი და ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ყველაზე საინტერესო სცენა ბებიის სახლში ვითარდება.
„ბებო, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები?” „ბებო, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?” „ბებო, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები?”
ბავშვები ხშირად იცინიან ამ დიალოგზე. სინამდვილეში კი აქ რაღაც ძალიან დრამატული ხდება. წითელქუდა ამჩნევს, რომ რაღაც არ ჯდება. მისი ყველა შეგრძნება ეუბნება, რომ მის წინ ის ბებია არ წევს, რომელსაც იცნობს. და მაინც — რჩება. აგრძელებს კითხვების დასმას. ოთახიდან არ გადის. დახმარებას არ ითხოვს. ბოლოს ლოგინშიც კი უწვება.
რატომ? იმიტომ, რომ უჭირს საკუთარ ინტუიციას ენდოს და ერთ უხილავ წესს გადააბიჯოს — ზრდილობისა და უფროსის პატივისცემის წესს.
ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა შინაგანად ვგრძნობდით, რომ რაღაც რიგზე არ იყო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდით — ხათრით, ზრდილობით, უხერხულობის შიშით, „რას იფიქრებენ”. ბავშვისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ ეს შინაგანი განგაში უყურადღებოდ არ დატოვოს. რომ საკუთარი უსაფრთხოება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი ხათრი ან ზრდილობის გამო გაჩუმება.
კითხვა, რომელსაც აქ ხშირად ვსვამ, მარტივია: „წითელქუდას ადგილას რომ ყოფილიყავი და ეს შეგემჩნია, შენ რას იზამდი?” და სწორედ ამ მომენტში იწყებენ ბავშვები ისტორიის არა მხოლოდ მოსმენას, არამედ მასში აზროვნებას.
ზღაპარი, როგორც უსაფრთხო სივრცე აზროვნებისათვის
ხშირად გვგონია, რომ კრიტიკული აზროვნება რთული, აკადემიური ცნებაა და მისი სწავლება მხოლოდ უფროს ასაკში შეიძლება. სინამდვილეში ეს ბევრად ადრე იწყება. ის იწყება კითხვებით: „რატომ მოიქცა ასე?“ „სხვა რა შეეძლო გაეკეთებინა?“ „მე რას ვიზამდი მის ადგილას?“
სწორედ ასეთი კითხვები აქცევს ზღაპარს უბრალო ამბიდან აზროვნების ლაბორატორიად.
აქედან დაიბადა ჩემი საგანმანათლებლო ფილოსოფიაც, რომელიც მოგვიანებით “აირად” ჩამოყალიბდა — იდეა, რომ ერთი ისტორია შეიძლება გახდეს მრავალი უნარის განვითარების გზა. ერთი და იგივე ზღაპარი შეიძლება ერთ დღეს ემოციებზე საუბრის მიზეზი გახდეს, მეორე დღეს — კრიტიკული აზროვნების, მესამე დღეს კი — თუნდაც მათემატიკური ამოცანის. მიყვარს ბავშვებს ალტერნატიული დასასრულებიც შევთავაზო. რა მოხდებოდა, წითელქუდას თავიდანვე რომ ეჭვი შეეტანა მგელში? რა მოხდებოდა, დახმარება რომ ეთხოვა?
ასეთ დროს ბავშვები უკვე პასიური მსმენელები აღარ არიან — ისინი ავტორები ხდებიან. აანალიზებენ, ვარაუდობენ, მსჯელობენ. და ამ ყველაფერს უსაფრთხო სივრცეში აკეთებენ, სადაც რეალური საფრთხე არ ემუქრებათ, სამაგიეროდ წინასწარ ვარჯიშობენ ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ერთი ზღაპრით გავლილი გზა
თუ ახლა უკან მოვიხედავთ, დავინახავთ, რომ ეს საუბარი შემთხვევით როდი დაიწყო, საწყოსი წერტილი გრძნობაა და დასრული კი – მოქმედება. ბავშვი ჯერ ისტორიაში გულით – ემოციით შედის — თანაუგრძნობს წითელქუდას, ცდილობს მიხვდეს, რატომ ენდო მგელს. მერე იწყებს შემჩნევას, რომ რაღაც ისე არ არის. მერე ჩერდება და ფიქრობს — მე რას ვიზამდი მის ადგილას? და ბოლოს თავად წერს ისტორიის სხვა დასასრულს.
ეს ის ბუნებრივი მოძრაობაა, რომელსაც ბავშვი თავად გადის — თამაშ-თამაშ — როცა ერთ ზღაპარს კითხვებით ვუყურებთ.
როცა საკუთარ ბავშვობაზე ვფიქრობ, საერთოდ არ მახსოვს 90-იანი წლების რომელიმე კონკრეტული სამშაბათის გაკვეთილი. მაგრამ ძალიან მკაფიოდ მახსოვს განცდები, როცა ბებია ზღაპარს მიყვებოდა — ის შიშიც და ის უზარმაზარი შვებაც ბოლოში. ბავშვები ინფორმაციას ყოველთვის ვერ იმახსოვრებენ, მაგრამ იმას, თუ რას გრძნობდნენ ამბის მოსმენისას, არასოდეს ივიწყებენ.
სწორედ ამიტომ მგონია, რომ თუ „წითელქუდას” მხოლოდ მორჩილების გაკვეთილად დავინახავთ, ძალიან ბევრს დავკარგავთ. მაგრამ თუ კითხვებით მივუდგებით, აღმოვაჩენთ, რომ პატარა გოგონას მოგზაურობა ტყეში სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ისტორიაა არჩევანზე, ფიქრსა და საკუთარი თავის დაცვაზე.
და შესაძლოა, მგელი ამ ზღაპრის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟიც კი არ იყოს. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის კითხვებია, რომლებსაც ის ბავშვებში ტოვებს.
თუ “აირას” მეთოდებით სწავლება თქვენთვის საინტერესოა, გამომყევით ამ მოგზაურობაში, პერიოდულად სხვადასხვა ზღაპრების განვითარების პოტენციალზე დავწერ, ასევე მომწერეთ შეკითხვები ან კონკრეტული ზღაპრები რაც გაინტერესებთ და ერთად ვიმოგზაუროთ ამ საოცერბათა სამყაროში.
თუ „აირას: ზღაპრის სახელოსნოში“ თქვენს პატარასთან ერთად მოგზაურობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ — კრიტიკული აზროვნების საკვირაო სკოლაში პატარა მეზღაპრეებისათვის კარი ყოველთვის ღიაა..





