მზე და მთვარე ერთ ცაზე, ქალი და მამაკაცი ორი განსხვავებული სამყაროს სიმბოლოდ. სიყვარულის, განსხვავებების, პიროვნული საზღვრებისა და ურთიერთობის სიმწიფის მეტაფორული ილუსტრაცია.

გიგი თევზაძე ჩემი მეუღლეა. მე კი ნინი ჭაჭია ვარ. 

მზე და მთვარე — ჩვენი ორი სამყაროს ამბავი

30 წელს ცოტათი გადავაბიჯე, როცა გიგისთან ოჯახი შევქმენი. მაგრამ მანამდე უკვე რამდენჯერმე აღმდგარვარ ფერფლიდან. ახალგაზრდობაში ფენიქსი ვიყავი — თუ რამე წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, იმ სამყაროში ვიწვებოდი და შემდეგ თავიდან ვიბადებოდი: პირველი ქორწინება, ორი შვილი, კარიერა, სამსახურები, ფინანსები და ა.შ. ბევრი ცხოვრება ვიცხოვრე ფენიქსივით, თუმცა, მიუხედავად ბევრი ტკივილისა, არასოდეს მინანია, რადგანაც მაინც გამარჯვებული გამოვდიოდი. 25 წლის ვიყავი, როცა ჰადესსაც დავეჯახე და სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაშიც გავიმარჯვეთ მე და ნიკოლოზმა. მარტო ვიბრძოდი, ინტუიციას მივყვებოდი, ვგრძნობდი ყველაფერს, რაც უნდა გამეკეთებინა. სამყაროს ხშირად ვუპირისპირდებოდი — და ვიგებდი. ეს გამარჯვებები რწმენას მაძლევდა და მაძლიერებდა.

ამიტომ, როცა გიგი თევზაძე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, კარგად ვიცოდი, ვინ ვიყავი.

ის კი მაშინ ყველასთვის რუხი კარდინალი იყო — ხისტი, ცინიკური, ცოტა თავნება, ცივი სტრატეგი, კაცი, რომელიც პოლიტიკურ ორომტრიალში იყო ჩაბმული. ყველას რაღაც რიდი ჰქონდა, შიშსაც იწვევდა, და ხალხი მხოლოდ ამ ცინიკოსის ნიღაბს ხედავდა მასში. თავიდან დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, რადგანაც მე სხვა რამეს ვხედავდი თითქოს. დღეში ალბათ ორას მესიჯს მწერდა. ჯერ ჩვეულებრივი მოკითხვით იწყებოდა, ქვეყანაში მიმდინარე ამბებით, მერე მიყვებოდა, რას აკეთებდა, რას როგორ ხედავდა, მეც ვუყვებოდი, რას ვაკეთებდი, რას როგორ ვხედავდი. ფილოსოფოსია, მე კი ფილოსოფიაზე ვგიჟდები, და ის გამუდმებით პარალელებს ავლებდა ჩვენს სამყაროში მიმდინარე მოვლენებსა და ფილოსოფიურ ტექსტებში არსებულ ხედვებს შორის. ხისტი ნიღბის უკან მოაზროვნე და ძალიან ღრმა ადამიანი დავინახე, რომელსაც სურდა, რომ დამენახა. არ ვიცი, ეს ასე იყო რეალურად თუ არა, თუმცა ამას ვხედავდი და ვგრძნობდი. ჩემთვის ის გახდა ადამიანი, რომელიც მკაცრი და ურყევი, ხისტი და კატეგორიული ნიღბის უკან, მრავალფეროვან სამყაროს ატარებდა და ჩემთან დღეში ორასჯერ ხსნიდა გულს. სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი განსაკუთრებულად — იმიტომ, რომ ეს მისი ნამდვილი სახე იყო, რომელსაც სხვას არ აჩვენებდა.

და მაინც, ჩვენ ორი სრულიად სხვადასხვა არსება ვიყავით. ის ჩემზე 13 წლით უფროსი, პრაგმატული, ემოციას არასოდეს იყენებდა — ყველაფერს სტრუქტურით ხსნიდა. მე კი ცოცხალი ემოცია ვიყავი, ვულკანივით ფეთქებადი გოგო, რომელიც სამყაროს გრძნობით ხედავდა. ვკამათობდით ხშირად. და, როგორც ყველა შეყვარებული, რაკი ის “დიდი ადამიანი” იყო, ხანდახან ვფიქრობდი — იქნებ მე არ ვიცი რაღაც, იქნებ ჩემი ხედვა გადაჭარბებულია. მაგრამ არ ვნებდებოდი. სხვანაირად სამყაროს ვერ აღვიქვამდი.

მერე მოვიდა დიდი დაძაბულობა. ჩვენი ერთად ყოფნის მოწინააღმდეგეთა არმიები იკრიბებოდა ჩვენ წინააღმდეგ. გავლენიან ხალხს შეეძლო ჩვენთვის პრობლემების შექმნა, არც დააყოვნეს და ეს ომიც დაიწყო. არ ვნებდებოდით — თუმცა ეს ზოგჯერ დიდ ვნებათაღელვას იწვევდა თავად ჩვენს ურთიერთობაშიც. მე ჟანა დარკის როლი მოვირგე და სამყაროს ომი გამოვუცხადე. გიგი კი თავის ცივსისხლიან სტრატეგიას აგრძელებდა.

მაშინ დიდი რომანტიკოსი ვიყავი — მეგონა, ერთნაირი ხედვა და ერთი სტრატეგია უნდა გვქონოდა. ზღაპარს ველოდი: ჩემი პრინცი გაშმაგებით უნდა გასულიყო ბრძოლის ველზე და ბოროტების იმპერია დაემარცხებინა. ის კი მეუბნებოდა — ახლა აზრი არ აქვს, იმპულსურად მოქმედება არ შეიძლება. ვბრაზობდი. მაგრამ უცნაური რამ ხდებოდა: ეს განსხვავებები, ეს დიდი კამათები, არასოდეს ქმნიდა იმ გარემოს, სადაც ეს ორი არსება ერთმანეთისაგან უნდა გაყრილიყო. პირიქით — მეტი დაპირისპირება მეტ სიახლოვეს მქმნიდა. რაღაც უხილავად ძაფებს ქსოვდა ჩვენ შორის, და ამას მაშინ კარგად ვერც ვხვდებოდით.

და მერე დადგა ის დილა.

აივანზე ვიყავით, ჩვეული კამათის დროს. მითხრა: “ეგ შენი აზრია. როგორც შენ ფიქრობ, ისე გააკეთე.” ლახვარივით დამეცა ეს სიტყვები. რას ნიშნავს “როგორც მე მინდა”? და ამ დროს შენ სად ხარ? იმ დღეს ჩემში თითქოს კართაგენი დაეცა.

ბევრი ვიფიქრე. განრისხებული ვიყავი, ნაწყენი. მაგრამ სწორედ ამ ფიქრში გაიხსნა რაღაც. სიტყვა გავშალე და შიგნით სიმართლე ვიპოვე: მი-ყ-ვარ-ხარ. ვარ. მე ვარ, და შენც ხარ. გიგი ალბათ არც კი დაფიქრებულა, რა თქვა — მაგრამ თითქოს ჩემთვის პორტალის კარი გააღო.

ამ დღიდან დავიწყე ჩემი საზღვრების გამოკვეთა, და მისიც. ორი ისტორია, ორი შინაარსი, ორი სრულიად სხვა სამყარო — და მათ შორის მესამე, ჩვენი, რომელიც ბევრად უფრო მძლავრი იყო. იმ დღეს დაინგრა ის ზევსი, რომელიც მარტო მართავდა ოლიმპოს, და დაიბადა მეორე — ქალი ზევსი. დიდი გიგი თევზაძე უკვე დიდ ნინისთან ერთად იდგა ოლიმპოს მთაზე.

მას მერე, როცა მეუბნებოდნენ — “თქვენ გიგი თევზაძის მეუღლე ხართ” — ვპასუხობდი: გიგი თევზაძე არის ჩემი მეუღლე. მე კი ნინი ჭაჭია ვარ.

იმ დღიდან ფენიქსის ცხოვრებაზე უარის თქმის დრო დადგა. გამოსავალი ახალი დინების პოვნა აღარ იყო; პირიქით — ამ დინებაში უნდა მეპოვა საკუთარი თავი. და ეს ცალმხრივი არ ყოფილა. არ ვიცი, გიგი დღემდე როგორ ხედავს ამ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩვენი საერთო სამყაროს შენებაში მანაც ისწავლა ემოციები. დღეს მის ლექსიკონში “მიყვარხარ” ყოველი დღის ნაწილია — და თანაცხოვრების მეორე ათწლეულშიც იგივე ჟრუანტელს მგვრის, როგორიც პირველი მოსმენისას განვიცადე.

პროფესიულად ეს პროცესები ყოველთვის ვიცოდი — თეორიებიც, ეტაპებიც, ახსნებიც. მაგრამ ცოდნასა და ცხოვრებას შორის ზოგჯერ მთელი სამყაროა. ის, რასაც წიგნებში ვკითხულობდი, ჩვენს აივანზე, ერთ ჩვეულებრივ დილას, საკუთარ თავზე გამოვცადე.

ის ორასი მესიჯი — ალბათ სწორედ ის ეტაპი იყო, რასაც სიყვარულის ეიფორიას ვეძახით. მერე მოვიდა დიდი კამათები, იმედგაცრუებები და აღმოჩენა, რომ ორნი ვიყავით და არა ერთი. აივნის ის დილა კი ჩემთვის იმ მომენტად დარჩა, როცა პირველად გავიგე — სიყვარული არ ნიშნავს, რომ ერთმანეთში უნდა აიდღვიბო.

შეგიძლია იცოდე თეორია, მაგრამ როცა საკუთარ გულს ეხება საქმე, ყველაფერს თავიდან სწავლობ.

დღეს კვლავ აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროებს ვაშენებთ, თან მე როგორ მოუსვენარი ადამიანი ორ კონტინენზე დავხტივარ.. მაგრამ ეს ორი სამყარო ერთმანეთს ამყარებს — ერთმანეთზე დამოკიდებული თითქოს არ არის, მაგრამ უხილავი მიზიდულობის ძაფები კიდევ უფრო საინტერესოს და მტკიცეს ხდის.

ჩემი რომანტიზმი და მეზღაპრეობა არსად გამქრალა, ამიტომ ხშირად მეცინება, როცა ვფიქრობ, რომ სამყაროს, ალბათ, ასე უნდოდა და ერთმანეთს გადაგვყარა. მე ხომ 21 ივნისს დავიბადე — წლის ყველაზე ნათელ დღეს. გიგი კი მეორე დღეს, 22 ივნისს, როცა მზე უკვე იწყებს კლებას. ნათელი და ბნელი, ზურგი-ზურგ. და სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც დღე ღამეს უთმობს ადგილს. ასე შექმნეს ჩვენმა ორმა დღემ ერთი სამყარო.

მალე ჩვენი დაბადების დღეები მოდის. ეს ორი დღე განსაკუთრებით მიყვარს. სწორედ ამიტომ ავაკაკუნე დღეს ჩემი კლავიატურა და ჩვენი სიყვარულის ისტორია ციფრული ოკეანის სამყაროს მარადისობაში ერთ წვეთად გადავიტანე.

მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ სიყვარულის ამ ქარტეხილებში გამატარა და მაპოვნინა ის, რასაც ყველა ადამიანი თავისებურად ეძებს. ხომ გაგიგიათ — ადამიანის ცხოვრების მთავარი საზრისი სიყვარულიაო. ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია.

გიგი, მადლობა, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში. შენი დახმარებით აღმოვაჩინე ის პორტალი, რომელიც სიყვარულის უსასრულო გზას ხსნის.

და იცოდე — მიყ+ვარ+ხარ.

შენ ჩემი სიყ+ვარ+ული ხარ.

შენი ნ.

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ