ოცი წლის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, კონტინენტიდან კონტინენტზე უფრო ხშირად იმოგზაურებ, ვიდრე საქართველოში ქალაქიდან ქალაქშიო, ვერ დავუჯერებდი კი არა, გიჟად ჩავთვლიდი.
ამაზე არც კი მიოცნებია. ისეთი წარმოუდგენელი იყო, თავში აზრადაც არ მომდიოდა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში შეიძლებოდა მომხდარიყო.
ბოლო ხანებში კი, როცა ისევ აეროპორტში მივდივარ, ხანდახან ის ძველი „მე“ მახსენდება. ნეტავ რას იფიქრებდა, რომ სცოდნოდა, სად ვიქნებოდი ოცი წლის შემდეგ?
ალბათ ჯადოსნობას დაარქმევდა.
მე კი ახლა ვფიქრობ: კიდევ რამდენი რამ არსებობს, რაზეც არც ვოცნებობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის შეუძლებლად წარმოგვიდგენია?
კლიენტებთან მუშაობისას სულ უფრო მეტად ვხედავ ბარიერებს, რომლებიც ადამიანებს მათთვის სასურველი ცხოვრებისგან აშორებს. თერაპიის დროს ხშირად ვეკითხები: „რის უფლებას არ აძლევ საკუთარ თავს, თუნდაც ოცნების დონეზე?“ ეს კითხვა ზოგს აბრაზებს, ზოგს დიდხანს აფიქრებს. თავიდან კი პასუხი თითქმის არასოდეს აქვთ.
ზოგი სურვილი იმდენად შორეული გვეჩვენება, რომ ვერც კი ვხედავთ. ზოგს კი ისე მტკიცედ ვეჭიდებით, არასოდეს გვიკითხავს, საიდან გაჩნდა.
როდესაც შესაძლებლობებსა და მიუღწეველ მიზნებზე ვსაუბრობთ, ხშირად მესმის:
„ბევრი ფული მინდა.“
რამდენი?
„ბევრი.“
რისთვის?
ჩემს პრაქტიკაში ხშირად სწორედ აქ იწყება საინტერესო საუბარი.
ერთისთვის ფული თავისუფლებაა. მეორეს ახსოვს, როგორ ითვლიდნენ მის ოჯახში ფულს თვის ბოლომდე და აღარასოდეს უნდა იმ შიშის განცდა. მესამეს სურს, მამამ ბოლოს და ბოლოს უთხრას: „შენით ვამაყობ.“ მეოთხე კი ხედავს, რომ მეგობრებმა სახლები იყიდეს, იმოგზაურეს, ბიზნესები დაიწყეს, და გრძნობს, რომ ჩამორჩა.
ოთხივე ამბობს: „ფული მინდა.“ მაგრამ მათი სურვილები ერთნაირი არ არის.
წლების განმავლობაში ასეთ საუბრებზე დაკვირვებით ამ სურვილებს ერთი სახელი დავარქვი — ნასესხები სურვილები. ასე ვეძახი სურვილებს, რომლებსაც საკუთარად მივიჩნევთ, თუმცა მათი ნაწილი სხვისი მოლოდინებისგან, ნასწავლი წესებისგან ან მუდმივი შედარებისგან არის შექმნილი.
ეს არ ნიშნავს, რომ სურვილი ყალბია. ნიშნავს, რომ ღირს გავარკვიოთ: მისი რომელი ნაწილი ავირჩიე მე და რისთვის?
ბავშვობაში არავინ გვაძლევს სიას, რა უნდა გვინდოდეს — თუმცა ზოგჯერ პირდაპირ ამასაც გვასწავლიან. პატარობაში კარგად ვხედავთ, როდის უხარიათ ჩვენს მშობლებს ან ზრდასრულებს, რისთვის გვაქებენ და რაზე წუხან, როცა რაღაცას „ჯერ კიდევ“ ვერ მივაღწიეთ. მერე სკოლა, მეგობრები, საზოგადოება და სოციალური ქსელები გვიმატებენ თავიანთ ვერსიებს იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს კარგი ცხოვრება.
უნდა იყო წარმატებული. უნდა გქონდეს სახლი. უნდა შექმნა ოჯახი. უნდა გამოიყურებოდე კარგად. უნდა იყო კარგი დედა, ძლიერი კაცი, საამაყო შვილი.
ამ ყველაფრიდან ბევრი რამ შეიძლება ჩვენც გვინდოდეს. მაგრამ ზოგჯერ სიტყვა „უნდა“ იმდენჯერ გვესმის, რომ ბოლოს ის საკუთარ „მინდად“ მიგვაჩნია.
ბავშვს განსაკუთრებით აქებენ, როცა საუკეთესო ნიშანი მოაქვს. არავინ ეუბნება: „თუ პირველი არ იქნები, აღარ გვეყვარები.“ ის უბრალოდ ხედავს, როგორ უხარიათ მისი წარმატება.
წლების შემდეგ ამბობს: „მე ამბიციური ადამიანი ვარ.“ შეიძლება მართლაც ასეა. მაგრამ იქნებ მისი ერთი ნაწილი ჯერ კიდევ დგას ვიღაცის წინაშე მიღწევებით ხელში და ელოდება: „ახლა ხომ ამაყობ ჩემით?“
სხვა ადამიანი ყველას უვლის. იცის, რა სჭირდება შვილს, როდის აქვს დედას ექიმთან ვიზიტი, რა აწუხებს პარტნიორს. საკუთარ თავს კი ბოლოსკენ ტოვებს. ჰკითხავ, რა უნდა, და გეტყვის: „მინდა, ჩემი ოჯახი ბედნიერი იყოს.“
კარგი. და შენ?
შეიძლება პასუხი მაშინვე არ ჰქონდეს. იმდენი წელი გაატარა სხვების სურვილების მოსმენაში, რომ საკუთარი ხმა უცნაურად ეჩვენება.
მე ფსიქოსინთეზისტი ვარ. ასეთ დროს ვსაუბრობთ ჩვენს შინაგან ნაწილებზე — სუბპიროვნებებზე. შეიძლება შენში იყოს ამბიციური ნაწილი, რომელსაც წინსვლა უნდა; მზრუნველი, რომელსაც არავის დატოვება არ შეუძლია; „კარგი გოგო“, რომელსაც ეშინია ვინმეს იმედი გაუცრუოს; და მეამბოხე, რომელსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურს ან კიდე უმარავი რამ.
ყველას თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ როცა ერთ-ერთი მათგანი ამბობს „მე მინდა“, ღირს შევჩერდეთ და ვკითხოთ: ჩემში ვის უნდა ეს და რატომ?
შეიძლება სახლი გინდოდეს იმიტომ, რომ საკუთარი სივრცე და უსაფრთხოება გჭირდება. შეიძლება ამიტომაც, რომ თავს უმეორებ: „ჩემს ასაკში უკვე უნდა მქონდეს.“ შესაძლოა ორივე მართალი იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსმენა და არა სწრაფი განაჩენი.
ზოგჯერ სურვილი კი არ გვაკლია, შინაგანად ერთმანეთს ვეწინააღმდეგებით. ერთ ნაწილს ძალიან უნდა საკუთარი საქმის დაწყება. მეორე ჩუმად ეკითხება: „თუ ვერ გაართმევ თავს?“ მესამე კი დარწმუნებულია, რომ ბევრი ფულის სურვილი სიხარბეა, ან წარმატების შემდეგ ახლობლები შეიცვლებიან.
შეიძლება ამ წარმოდგენებს ცნობიერად არც ვეთანხმებოდეთ. მაგრამ როცა ბავშვობიდან გვესმოდა „ჩვენნაირი ხალხი ასე შორს ვერ მიდის“ ან „დიდი ფული ადამიანს აფუჭებს“, მათი ხმა ზოგჯერ არჩევანის წინ მაინც ბრუნდება ჩვენში, თან ისე რომ ვერც ვამჩნევთ.
და ასე ერთდროულად წინ მივდივართ და თავს უკან ვექაჩებით. ვიწყებთ, ვჩერდებით, ახალ გეგმას ვაწყობთ, ისევ ვჩერდებით. ამ უხილავ წინააღმდეგობაში ბევრი ძალა იხარჯება. გარედან თითქოს არაფერი ხდება, შინაგანად კი დიდი ბრძოლის ველია.
ბოლოს მოდის იმედგაცრუება: „ბედი არ მაქვს.“ „ჩემთვის არაფერი სრულდება.“ „ალბათ ჩემთვის ასეთი ცხოვრება არ არის.“
არადა შეიძლება ძალიანაც გინდოდეს. უბრალოდ, შენს მეორე ნაწილს ეშინოდეს, რა შეიცვლება, თუ სურვილი აგისრულდება.
ფსიქოთერაპიაში ამ ნაწილებს არ ვებრძვი. ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, რას იცავენ, რისი ეშინიათ და რა სჭირდება ადამიანს, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთოს.
ჩემთვის ეს პროცესი ჯადოსნური კარის გაღებას ჰგავს. თითქოს ოთახში შედიხარ, სადაც აქამდე მხოლოდ ხმაური გესმოდა, და პირველად არჩევ: აი, ეს ჩემი სურვილია; ეს — სხვისი მოლოდინი; ეს კი ჩემი შიშია.
ზოგჯერ აღმოაჩენ, რომ ბიზნესი სულაც არ გინდა, მაგრამ თავისუფლება გინდა — და მისკენ სხვა გზაც არსებობს. შეიძლება მიხვდე, რომ ქორწილი კი არა, მხარდაჭერა, აღიარება და მიმღებლობა გენატრება. ან პირიქით: აღმოაჩინო, რომ სახლი, სცენა, ფული თუ საკუთარი საქმე მართლა შენი სურვილია. იმდენად შენი, რომ აქამდე მისი ხმამაღლა თქმაც კი გაშინებდა.
როცა ამ განსხვავებას ხედავ, რაღაც იცვლება. აღარ გჭირდება მთელი ძალის დახარჯვა საკუთარ თავთან ბრძოლაში. იწყებ იმის დანახვას, რა შეგიძლია უკვე, ვის შეგიძლია მიმართო, რა უნდა ისწავლო და რა ნაბიჯი გადადგა.
აქ რწმენასაც თავისი ადგილი აქვს. რწმენას, რომ შენი სურვილი მნიშვნელოვანია. რომ შეგიძლია მიიღო იგი, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცი, როგორ ახდება და დღეს უტოპიურად გეჩვენება. ზოგჯერ სწორედ ეს გაბედული „დიახ, მე ეს მინდა“ გვაძლევს ძალას, დავინახოთ შესაძლებლობა, რომელსაც მანამდე გვერდს ვუვლიდით.
ჩემს კლიენტებს ზოგჯერ უთქვამთ: „თითქოს ჯადოსნობა მოხდა. ირგვლივ ყველაფერი იცვლება. ის, რაც შეუსრულებელი მეგონა, ჩემს ცხოვრებაში რეალური ხდება. შენ რაღაც ჯადოსნური გაქვს და არ მეუბნები, როგორ შემიცვალე ცხოვრება.“
მესმის, რატომ ჰგავს ეს ჯადოსნობას. როცა ადამიანი ნასესხებ სურვილებს ამოიცნობს, შინაგან წინააღმდეგობებს უსმენს და თავის ნამდვილ მეს უკავშირდება, თავის რესურსებსაც სხვაგვარად ხედავს. მერე სხვაგვარად ირჩევს, სხვაგვარ ნაბიჯებს დგამს — და მისი ცხოვრებაც იცვლება.
სურვილი შეიძლება სხვისგანაც მოგვეწონოს და მერე ნამდვილად ჩვენი გახდეს. ამიტომ საკითხავი მხოლოდ ის არ არის, საიდან მოვიდა. უფრო საინტერესოა:
ამის შესახებ ვერავინ რომ ვერ გაიგოს, მაინც მინდა? ვერავის რომ ვერ მოვუყვე, რას მივაღწიე, მაინც მინდა? სოციალურ ქსელში რომ ვერ გავაზიარო ეს ამბავი, მაინც მინდა?
თუ მივაღწევ, რას ველოდები? როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება და როგორ შევიცვლები მე?
ჩემში რომელ ნაწილს უხარია ეს სურვილი — და რომელს ეშინია? რისთვის უნდა?
შეიძლება ამ კითხვებზე პასუხმა მიზანი შეგაცვლევინოს. შეიძლება კი დაგარწმუნოს, რომ ეს ნამდვილად შენი გზაა.
ჩვენ უამრავ ხერხს ვეძებთ სურვილის ასასრულებლად. ვადგენთ გეგმებს, ვაკეთებთ ვიზუალიზაციას, ვიმეორებთ აფირმაციებს. მაგრამ სანამ გზას აირჩევ, იქნებ ერთხელ მაინც ჰკითხო საკუთარ თავს: სად მივდივარ, რატომ მინდა იქ მისვლა და რა მაჩერებს?
თორემ შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ თითქმის ყველაფერი გაქვს, რაც ოდესღაც გინდოდა.
სამსახური გაქვს. ოჯახი გაქვს. ბინა გაქვს. შვილები კარგად არიან. ადამიანები პატივს გცემენ. შეიძლება ფულიც იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე ათი წლის წინ წარმოგედგინა.
და მაინც რაღაც გაკლია.
გარედან გეკითხებიან: „კიდევ რა გინდა?“
და შენ პასუხი არ იცი.
ზოგჯერ ყველაზე მტკივნეული ის კი არ არის, რომ სურვილი არ აგისრულდა. ის არის, რომ აგისრულდა — და მხოლოდ მაშინ მიხვდი, რომ შენი არ ყოფილა.
ზოგჯერ ჯადოსნურ კარს სწორედ ორი კითხვა აღებს:
„მე სინამდვილეში რა მინდა?“
„რა დამეხმარება, საკუთარ თავს ამის სურვილის უფლება მივცე?“
მაგრამ არსებობს სურვილებიც, რომლებამდე ჯერ კითხვითაც ვერ მივდივართ. რაღაც იმდენად შორს დგას ჩვენი წარმოდგენით შესაძლებელი ცხოვრებიდან, რომ არც კი გვიფიქრია: „მე ეს მინდა.“
ოცი წლის წინ ჩემთვის კონტინენტებს შორის ასეთი მოგზაურობა სწორედ ასეთი რამ იყო — ოცნებადაც ვერ ვაქცევდი.
დღეს კი, როცა ხშირად აეროპორტში მივდივარ, ამაზე ვფიქრობ: რამდენი სურვილი გვაქვს ნასესხები — და რამდენი საკუთარი სურვილი ჯერ ვერ აღმოგვიჩენია მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ასრულება შეუძლებლად მიგვაჩნია?
ამ კითხვაზე მზა პასუხი არ მაქვს. წლებია, მას საკუთარ ცხოვრებაშიც ვუბრუნდები და ფსიქოთერაპიულ მუშაობაშიც. სწორედ ამ ძიებაზე მინდა მოგიყვეთ — იმ სურვილებზე, რომლებიც სხვისგან ავიღეთ, და იმ შესაძლებლობებზე, რომლებზეც ჯერ ოცნებაც ვერ გავბედეთ.





