მარტო მჯდომი ბავშვი კლასში — ბულინგი, ბავშვების ემოციური საჭიროებები და მშობლების ყურადღება

ჩვენ ბავშვებს ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ

მეორე  დღეა ყველა იმ ვიდეოზე საუბრობს, სადაც კონცერტის დროს ერთ ბავშვს გული წაუვიდა და ის არავინ შეიმჩნია.

აღშფოთება სრულიად ბუნებრივია.

ბავშვი დაეცა.

წუთები გადიოდა.

კონცერტი კი გრძელდებოდა.

ბევრი ადამიანი ეკითხება საკუთარ თავს: როგორ მოხდა ეს?

როგორ ვერ შეამჩნიეს?

როგორ არ გაჩერდა ყველაფერი იმ წამს, როცა ბავშვს დახმარება დასჭირდა?

მაგრამ მე სხვა რამეზე ვფიქრობ.

ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის.

ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემის სიმბოლოა.

პრობლემის, რომელსაც ყოველდღე ვხვდები ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას.

წლებია ბავშვებს და მოზარდებს ვუსმენ.

და თუ ერთი ფრაზით უნდა შევაჯამო ის, რასაც ყველაზე ხშირად ვაწყდები, ეს იქნებოდა:

„არავინ მხედავს.“

არა, მშობლებს შვილები არ სძულთ.

პირიქით.

ისინი ბევრს შრომობენ.

ატარებენ კარგ სკოლებში.

უყვანენ რეპეტიტორებს.

ყიდულობენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ.

ზრუნავენ მათ მომავალზე.

ღელავენ მათ წარმატებაზე.

მაგრამ ბავშვებს ხშირად სხვა რამ აკლიათ.

არა ზრუნვა.

არა ფული.

არა შესაძლებლობები.

არამედ დანახვა.

ბავშვის დანახვა ბევრად მეტია, ვიდრე მისი კარგ სკოლაში მიყვანა.

ბავშვის დანახვა ნიშნავს შეამჩნიო, რომ ის დიდი ხანია მოწყენილია.

რომ კლასში მარტო ზის.

რომ მეგობრები არ ჰყავს.

რომ ყოველ დილით სკოლაში წასვლის ეშინია ან/და ღელავს.

რომ რაღაც სტკივა, მაგრამ სიტყვებით ვერ ამბობს.

დღეს უამრავი მშობელი საათობით არჩევს სკოლას.

ადარებს პროგრამებს.

ინგლისურის დონეს.

ტექნოლოგიებს.

საერთაშორისო აკრედიტაციებს.

მაგრამ ბევრად იშვიათად სვამს კითხვას:

იქ ჩემი შვილი როგორ იგრძნობს თავს?

უსაფრთხოდ?

მიღებულად?

დანახულად?

ბევრ სკოლაში ბულინგი ჯერ კიდევ ყოველდღიურობაა.

ზოგჯერ ღია.

ზოგჯერ უხილავი.

ზოგჯერ ბავშვები ყვებიან.

ზოგჯერ დუმან.

ზოგჯერ მასწავლებლები ამჩნევენ.

ზოგჯერ ვერ ან არ ამჩენევენ.

ზოგჯერ ამჩნევენ და არაფერს აკეთებენ.

რადგან მთავარი სხვა რამ არის.

სასწავლო გეგმა.

შედეგები.

რეიტინგები.

გამოცდები.

ბავშვები კი ნელ-ნელა სწავლობენ, რომ მათ განცდებზე მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია.

მერე გვიკვირს, როცა მოზარდებში აგრესია იზრდება.

როცა ძალადობა ჩნდება.

როცა სისასტიკე ჩნდება.

როცა ბავშვები თავად ხდებიან მოძალადეები.

და ისევ კონკრეტულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ.

ისევ ერთ ბავშვზე.

ერთ სკოლაზე.

ერთ მასწავლებელზე.

ერთ ოჯახზე.

თითქოს პრობლემა ყოველთვის ერთი ადამიანია ან ერთი შემთხვევა.

თითქოს პრობლემა არასოდეს არის სისტემა.

არასოდეს არის კულტურა.

არასოდეს არის ის გარემო, რომელსაც წლებია ვქმნით.

იმ ვიდეოში ყველაზე მძიმე ჩემთვის ის არ იყო, რომ ბავშვს გული წაუვიდა.

ყველაზე მძიმე ის იყო, რომ რამდენიმე წუთი ის თითქოს უხილავი გახდა.

პროგრამა ჩანდა.

სცენა ჩანდა.

მუსიკა ჩანდა.

ბავშვი კი — არა.

და რაც უფრო ვფიქრობ, მით უფრო მგონია, რომ ეს მხოლოდ იმ კონცერტის პრობლემა არ არის.

ეს ჩვენი დროის პრობლემაა.

ჩვენ ხშირად ვხედავთ ბავშვების ნიშნებს.

მიღწევებს.

მედლებს.

გამარჯვებებს.

მაგრამ იშვიათად ვხედავთ თავად ბავშვებს.

აბა, ერთი წუთით გაჩერდი და დაფიქრდი

რამდენად იცი შენი შვილის:

  • საყვარელი საჭმელი?
  • საყვარელი წიგნი ან ზღაპარი?
  • საყვარელი თამაში?
  • საყვარელი სიმღერა?
  • საუკეთესო მეგობარი?
  • ადამიანი, ვისთანაც სკოლაში ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს?
  • ადამიანი, ვისთანაც ყველაზე მეტად იძაბება?
  • რომელი გაკვეთილი უყვარს ყველაზე მეტად?
  • რომელი გაკვეთილი აშინებს ან სტრესავს?
  • რა უჭირს სკოლაში ყველაზე მეტად?
  • ვინ დასცინის?
  • ვისი ეშინია?
  • როდის გრძნობს თავს მარტო?
  • ბოლოს როდის იტირა და რატომ?
  • ბოლოს როდის იგრძნო თავი ამაყად?
  • რა სიტყვა სტკივა ყველაზე მეტად?
  • რა სიტყვა ამშვიდებს?
  • რაზე დარდობს ღამით?
  • რას ვერ გეუბნება, რადგან ფიქრობს, რომ გეწყინება?
  • როდის სჭირდება უბრალოდ ჩახუტება და არა დარიგება?

და კიდევ:

  • რას უყურებს TikTok-ზე, YouTube-ზე ან Instagram-ზე?
  • რომელ კონტენტს უზიარებს მეგობრებს?
  • ვის ადევნებს თვალს ყველაზე ხშირად?
  • ვინ არის მისი საყვარელი ბლოგერი, იუთუბერი ან ინფლუენსერი?
  • რა თემები აინტერესებს ინტერნეტში?
  • რას ეძებს, როცა მოწყენილია?
  • რას ეძებს, როცა შეშინებულია?
  • რას ეძებს, როცა თავს მარტოდ გრძნობს?
  • ვის ეკითხება რჩევას, როცა შენთან მოსვლა არ უნდა?
  • რატომ ურჩევნია ზოგჯერ ეკრანს ესაუბროს და არა შენ?
  • რისი თქმა შეუძლია უცნობებისთვის ინტერნეტში, რასაც სახლში ვერ ამბობს?
  • სად გრძნობს თავს უფრო მოსმენილად — ოჯახში თუ ონლაინ სივრცეში?

და კიდევ:

  • ვინ არის მისთვის მისაბაძი ადამიანი?
  • რატომ მოსწონს სწორედ ის ადამიანი?
  • რომელი თვისებების გამო აღფრთოვანდება სხვებით?
  • ვის დაემსგავსებოდა რომ შეეძლოს?
  • ვის აზრს ენდობა ყველაზე მეტად?
  • ვის ეკითხება რჩევას, როცა უჭირს?
  • შენ მოგმართავს თუ სხვას?
  • თუ სხვას — ვის?
  • როცა დაბნეულია, სად ეძებს პასუხებს?
  • მეგობრებთან?
  • სოციალურ ქსელებში?
  • Google-ში?
  • ChatGPT-ში?
  • საყვარელ ბლოგერთან?
  • ონლაინ საზოგადოებებში?
  • ვინ ეხმარება რთული გადაწყვეტილებების მიღებაში?
  • ვის აზრს ითვალისწინებს მაშინ, როცა შენსას არ ითვალისწინებს?
  • რა პრობლემას არასოდეს მოგიყვებოდა?
  • ვის მოუყვებოდა იმ პრობლემას?

ჩვენ ხშირად ვიცით, რომელ სკოლაში დადის ჩვენი შვილი.

ვიცით მისი ნიშნები.

ვიცით მისი განრიგი.

ვიცით მისი მომავლის გეგმები.

მაგრამ ვიცით კი, ვინ აყალიბებს მის შეხედულებებს?

ვისგან სწავლობს სიყვარულს?

ვისგან სწავლობს ურთიერთობებს?

ვისგან სწავლობს საკუთარ თავზე ფიქრს?

ვისგან სწავლობს, რა არის წარმატება?

და როცა ცხოვრებაში გაუჭირდება, პირველ რიგში ვის მიმართავს დახმარებისთვის?

რადგან იმ დროს, როცა მშობელმა აღარ იცის, ვინ არის მისი შვილის შინაგანი ავტორიტეტი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის ბავშვის ცხოვრებაში უკვე აღარ არის მთავარი გზამკვლევი — მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად უყვარს.

შემდეგ კი ზოგჯერ ტრაგედია ხდება.

ბავშვი იღუპება ან ვიღაცას კლავს.

ქვეყანა გლოვობს.

სოციალური ქსელები შავდება.

იწყება აღშფოთება.

იწყება დამნაშავის ძებნა.

ვიღაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ვიღაც აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს დამნაშავე.

და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

მაგრამ რამდენიმე თვის ან დღის შემდეგ ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ჩვენ კი ისევ არ ვსვამთ ყველაზე რთულ კითხვას:

სანამ ტრაგედია მოხდებოდა, სად ვიყავით?

სანამ ბავშვი დაეცემოდა.

სანამ ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა.

სანამ მოძალადედ გადაიქცეოდა.

სანამ მოკვდებოდა.

იქნებ პრობლემა ის არ არის, რომ ბავშვებს არ ვგლოვობთ.

პირიქით.

გლოვა ძალიან კარგად ვიცით.

იქნებ პრობლემა ის არის, რომ ბავშვებს ყველაზე მკაფიოდ მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა უკვე ძალიან გვიანია.

და იქნებ სწორედ ამიტომ არის ის ვიდეო ასე მტკივნეული.

არა იმიტომ, რომ ერთ ბავშვს გული წაუვიდა.

არამედ იმიტომ, რომ მან რამდენიმე წამით ყველას დაანახა ის, რასაც ბავშვები წლებია სხვადასხვა ფორმით გვეუბნებიან:

„თქვენ მიყურებთ. მაგრამ ვერ მხედავთ.“

და თუ ეს ბლოგი წაიკითხე და ისევ მხოლოდ სხვისი ქცევების განხილვაში ხარ, ფიქრობ რომ ეს შენ და შენს შვილს არ ეხება. გაჩერდი ცოტა ხანი, სარკეში ჩაიხედე და საკუთარ თავს თვალებში ჩახედე, დაფიქრდი, ყველა შეკითხვაზე მართლა გაქვს პასუხი რაც ზევით დავწერე თუ შენი თავდაცვის მექანიზმებით ცდილობ რეალობას გაექცე?

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ