ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც კოსმოსში მოგზაურობა ორბიტებს მიღმა უკვე სიახლე არ არის. სადაც ჯიბეში გვიდევს მოწყობილობა მთელი კაცობრიობის ცოდნით. სადაც ორ წამში ვუკავშირდებით ადამიანს პლანეტის მეორე მხარეს. უსაზღვრო შესაძლებლობების ეპოქაში, სადაც ცნობისმოყვარეობის და შემოქმედებითობის დიდი სივრცე გაიხსნა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცუდად გრძნობს თავს. დავშორდით ისეთ ემოციებს, რასაც ცნობისმოყვარეობა, ინტერესი და ხალისი ჰქვია.
ახალი პარადიგმის მტკივნეული სიმპტომები თვალნათელია: მოსახლეობის მესამედი მარტოობას გრძნობს. ახალგაზრდები — ყველაზე „დაკავშირებული” თაობა ისტორიაში — ყველაზე მარტოსულნი არიან. ხანდაზმულები კი, რომლებსაც „ნამდვილი” კავშირები ახსოვთ, ამბობენ, რომ ისეთი მარტონი არასოდეს ყოფილან. შუა თაობა — ყველაზე პროდუქტიული, ყველაზე „დაკავებული” — ყველაზე გადამწვარი და ემოციურად გამოფიტულია. აღმოჩნდა, რომ ამ თითქოსდა შესაძლებლობებით სავსე სამყაროში ჩვენ თითქოს ყველაფერი გვაქვს კარგად ყოფნისათვის და ამავდროულად — თავს ყველაზე ცუდად, უშინაარსოდ აღვიქვამთ.
დიდი ხანია ამ პარადოქსზე ვფიქრობ და ზუსტად ვიცი: ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის შედეგი, რომელიც ცნობიერად თუ არაცნობიერად დავთესეთ. მე ამას „ჩმორების სამყაროს შექმნა“ დავარქვი.
ვიცი, რომ ბევრისთვის ეს სათაური მიუღებელი იქნება. ბევრი გამკიცხავს — განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ფსიქოლოგი ვარ. წესით, ყველაზე მეტი მიმღებლობა, ემპათია და „რბილი“ ენა სწორედ ჩემგან უნდა მოდიოდეს. მაგრამ მე მჯერა, რომ ნამდვილი ემპათია არა სიმართლის შელამაზება, არამედ იმ მწარე რეალობისთვის თვალის გასწორებაა, რომელშიც ყველანი ერთად აღმოვჩნდით. სწორედ იმიტომ, რომ ფსიქოლოგი ვარ, ვხედავ, როგორ გვასახიჩრებს და გვასუსტებს ის გარემო, რომელსაც „უსაფრთხოების“ სახელით ვაშენებთ.
ეს ამბავი ასე დაიწყო…
თავი 1: როგორ შევქმენით მონსტრი კარგი განზრახვით
„რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა“ — ეს ფრაზა ალბათ ყველაზე ზუსტად აღწერს იმ ეგზისტენციალურ ხაფანგს, რომელშიც დღეს კაცობრიობა აღმოჩნდა.
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ სამყარო დიდი ლაბორატორიაა, სადაც ბოლო 50 წელია ერთ ექსპერიმენტს ვატარებთ. ჩვენ გვინდოდა აგვეშენებინა სამოთხე: ადგილი, სადაც ყველას მოუსმენდნენ, სადაც შიში გაქრებოდა და სადაც იერარქიის ცივი კედლები „ფსიქოლოგიური უსაფრთხოების“ რბილი ბალიშებით ჩაენაცვლებოდა. მაგრამ სადღაც, გზააბნეულ ლაბირინთში, ჩვენი სამოთხე მატრიცად იქცა.
ძველი წინასწარმეტყველი და ცარიელი სარკე
ყველაფერი 1978 წელს დაიწყო. მაშინ ისტორიკოსმა კრისტოფერ ლეშმა დაინახა ის, რისკენაც მივქროდით. მან გვითხრა: „ხალხო, თქვენ აშენებთ სამყაროს, სადაც თერაპია ახალი რელიგიაა. თქვენ საკუთარ თავში იკეტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობას პიროვნული კეთილდღეობით ანაცვლებთ და გამუდმებით საკუთარ თავს ეძებთ — ოღონდ ეს ძიება სულ უფრო ცარიელ სარკეში ხდება“. მაშინ ეს ბრძნულ პროვოკაციად ჩაითვალა. ჩვენ გავიღიმეთ და არ მოვუსმინეთ.
როგორ მოვკალით „ბოსი“ და დავბადეთ „აჩრდილი“
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ფსიქოლოგიამ სწორი კითხვა დასვა: „რატომაა, რომ ადამიანები სამსახურში იტანჯებიან? რატომ ჩუმდებიან, როცა პრობლემას ხედავენ?“ გამოსავალი იდეალური ჩანდა: „გავაბრტყელოთ“ ყველაფერი! წავშალოთ საზღვრები! მივცეთ ყველას ხმა! და დაიწყო ჰორიზონტალური მმართველობის რელიგიის განმტკიცება.
ჩვენ იმდენად ვიყავით მოხიბლულები ამ იდეით, რომ ორი ფუნდამენტური რამ დაგვავიწყდა:
- სოციალური სტრუქტურა იერარქიის გარეშე არ მუშაობს. ჩვენ გვეგონა, რომ თუ ორგანიზაციულ სქემას წავშლიდით, ძალაუფლებაც გაქრებოდა. სინამდვილეში იერარქია ხილულიდან — უხილავი და, შესაბამისად, უფრო სახიფათო გახდა.
- კრიტიკული აზროვნება ჩარჩოებს არ ექვემდებარება. ჩვენ შევეცადეთ შემოქმედებითი პროცესიც „კონსენსუსის“ გალიაში მოგვექცია. მეტიც, კრიტიკული აზროვნება რაღაც გაუგებარ, ახალ მცნებად ვაქციეთ – ის თითქოს ძალიან გვჭირდება ჩვენს სამოთხეში, ოღონდ ერთი პირობით: ის აუცილებლად „სამოთხის წესებს“ უნდა ემორჩილებოდეს. ჩვენ გვინდა კრიტიკა, რომელიც არაფერს აკრიტიკებს; გვინდა პროტესტი, რომელიც არაფერს აზანზარებს და მშვიდობიანია. შედეგად მივიღეთ „მოთვინიერებული“ აზროვნება, რომელიც მხოლოდ იმას ადასტურებს, რაც უკვე წინასწარ არის შეთანხმებული.
ასე გაქრა „ბოსი“ და მოვიდა „Team Lead-ი“. სახელი შეიცვალა, ძალაუფლება დარჩა, პასუხისმგებლობა კი — აორთქლდა. ჩვენ შევქმენით მმართველობა „არავის“ მიერ. სისტემა, რომელიც გჭამს, მაგრამ დამნაშავეს ვერ პოულობ.
თავი 2: „საშუალო არითმეტიკულში“ დაკარგული ადამიანი
კეთილშობილური მიზნებით — რომ არავინ დაგვეჩაგრა — ჩვენ სისტემურად დავკარგეთ ინდივიდი. აქ მოხდა ყველაზე პარადოქსული რამ: ჰუმანურობამ, რომლის მთავარი ამოცანა საყოველთაო სიკეთე იყო, აკრძალა „არა“.
აქ, ალბათ, ე.წ. „ჰუმანურობის რელიგიის“ წარმომადგენლები გამოჩნდებიან და კედელთან მიგვაყენებენ:
„ნუთუ არ გესმით?“ — გვეტყვიან ისინი, — „თქვენი ‘სიმართლე’ მხოლოდ პრივილეგირებულთა იარაღია სხვების დასათრგუნად. ჩვენ ვაშენებთ სამყაროს, სადაც ტკივილი მინიმუმამდეა დაყვანილი და სადაც ყველა თანასწორია“.
მაგრამ დავაკვირდეთ, რა ხდება სინამდვილეში: ამ „ჰუმანურობის“ სახელით ადამიანის გარყვნა, ბულინგი და ჩაგვრა ნორმად იქცა. თუ შენ არ ეთანხმები მათ „კეთილ განზრახვებს“, შენ აღარ ხარ უბრალოდ ოპონენტი — შენ ხარ „მტერი“, და შენი განადგურება მორალურ ვალდებულებად აღიქმება.
ეს არის პარადოქსი: ჩვენ ვჩაგრავთ ადამიანებს ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით.
- მაგალითად: თუ სამუშაო ჯგუფში ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ საერთო გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია ან უბრალოდ სხვა ხედვა აქვს, მას არა არგუმენტებით, არამედ „ემპათიის ნაკლებობით“ ან „გუნდური სულისკვეთების დარღვევით“ დაადანაშაულებენ.
- შედეგი: პროფესიული კრიტიკა აღიქმება როგორც პერსონალური თავდასხმა, რაც საბოლოოდ კლავს ხარისხს და ბადებს გარემოს, სადაც სიმართლეზე მნიშვნელოვანი „სწორი“ ბანაკის წევრობაა.
ჩვენ ისე შეგვეშინდა ვინმეს განაწყენების, რომ უარი ვთქვით სიმართლეზე. რადგან სიმართლე ხშირად უხეშია და ის არ იწვევს კომფორტს. ჩვენ შევქმენით სამყარო „საშუალო სტატისტიკური“ ადამიანისთვის, რომელიც რეალურად არ არსებობს. ჩვენ შევეცადეთ ადამიანი დაგვეცვა ტკივილისგან, მაგრამ საბოლოოდ ის დავიცავით ცხოვრებისგან.
სიმპტომები: როგორ მივხვდეთ, რომ მატრიცაში ვართ?
- ენის კასტრაცია: ამბობთ არა იმას, რასაც ფიქრობთ, არამედ იმას, რაც „უსაფრთხოა“ და „სწორი“. აუცილებლად არჩევთ სიტყვებს, რომ სხვის გრძნობებს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ და არ დაჩაგროთ ან შეავიწროვოთ.
- პასუხისმგებლობის აორთქლება: ელოდებით, რომ გადაწყვეტილებას „გუნდი“ მიიღებს, რადგან ინდივიდუალური რისკი ტაბუირებულია.
- ეგზისტენციალური მარტოობა: ოთახი სავსეა ხალხით, მაგრამ გრძნობთ, რომ ნამდვილად არავინ გიცნობთ. მარტო ხართ და სახეზე კეთილშობილური ღიმილი გაქვთ დახატული.
- შინაარსის დეფიციტი: აკეთებთ ყველაფერს „სწორად“, მაგრამ პროცესიდან მნიშვნელობა და შინაარსი გაქრა — „ეს ჩემი საქმე არაა…“
გამოსავალი: ვერტიკალის დაბრუნება
გამოსავალი არ არის სისტემასთან ბრძოლა. გამოსავალია პასუხისმგებლობის პრივატიზაცია. უნდა დავიბრუნოთ უფლება, ვიყოთ სუვერენულები — ველურები ამბიციებში, პასუხისმგებლები შეცდომებში და ცოცხლები კონფლიქტებში. უნდა დავიბრუნოთ უფლება, ვთქვათ „არა“, როცა კონსენსუსი მცდარია.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგანაც სამოთხის შენებისას უამრავი შრე შევქმენით, რაც ამ გაუგებარ ლაბირინთს კიდევ უფრო ართულებს. შემდეგ ნაწილებში ჩვენ განვიხილავთ, როგორ დაიწყო ამ მონსტრმა ყველაფრის შთანთქმა და როგორ მიგვიყვანა ამ ყველაფერმა იმ დიდ მარტოობამდე, რომელსაც დღეს „ციფრულ ეპოქას“ ვარქმევთ.
და რაც მთავარია: ვინ ან რამ შექმნა AI და რა იწვევს ამ შიშებს? იქნებ ჩვენი შიში ხელოვნური ინტელექტის მიმართ სინამდვილეში იმის შიშია, რომ მანქანამ საბოლოოდ არ დაიკავოს ის ადგილი, რომელიც ჩვენ — ადამიანებმა — საკუთარი ნებით დავცალეთ?
გაგრძელება იქნება….
ლეგენდა (მტკიცებულებები და ციფრები):
- The Cigna Group, 2022-2024: კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 58% თავს მარტოსულად გრძნობს. განსაკუთრებით საგანგაშოა Gen Z-ის მონაცემები — ახალგაზრდების 79% ამბობს, რომ მარტოობას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების ყველაზე აქტიური მომხმარებელია.
- Vivek Murthy, „Our Epidemic of Loneliness and Isolation“ (2023): აშშ-ს მთავარი ექიმის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მარტოობა ისეთივე საზიანოა ჯანმრთელობისთვის, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა.
- Gallup Workplace Report (2023-2024): დასაქმებულთა 44% ყოველდღიურად განიცდის მაღალი დონის სტრესს და „გადაწვას“ (Burnout). შუა თაობის მენეჯერებში ეს მაჩვენებელი 50%-ს აჭარბებს.
- Christopher Lasch, „The Culture of Narcissism“ (1978): ფუნდამენტური ნაშრომი იმაზე, თუ როგორ გადაიქცა თერაპია და კეთილდღეობა ინდივიდუალიზმის ახალ ფორმად, რომელმაც ადამიანი საზოგადოებას მოსწყვიტა.
- Hannah Arendt, „On Violence“: ფილოსოფიური ანალიზი იმაზე, თუ როგორ იბადება ბიუროკრატია — „არავის მმართველობა“ — და როგორ აცლის ის ადამიანს პასუხისმგებლობას.





