ნინი ჭაჭიას ბლოგი: რა არის ბედნიერება და რატომ გვატყუებს ტვინის ალგორითმი?

ნინი ჭაჭია: რა არის ბედნიერება და  რატომ გვატყუებს ტვინის ალგორითმი?

ოდესმე გქონიათ განცდა, რომ ცხოვრება ერთ დიდ რბოლას ჰგავს ბორბალში? დარბიხართ, იხარჯებით, აღწევთ რაღაცას, გიხარიათ ზუსტად ხუთი წუთი და მერე ისევ ის ძველი, ნაცნობი სიცარიელე ბრუნდება. თითქოს ბედნიერება ის ჰორიზონტია, რომელსაც რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო შორს იწევს.

ამას ფსიქოლოგიაში „ჰედონისტური ბორბალი“ (Hedonic Treadmill) ჰქვია. ეს ჩვენი ტვინის მიერ მოგონილი ნარატივია, ბიოლოგიური დიქტატურა, რომელიც გვეუბნება: „კიდევ ცოტაც, აი ეს იყიდე, ამას მიაღწიე და ბედნიერი იქნები“. სინამდვილეში კი ჩვენი ტვინი ევოლუციურად „გადარჩენის მანქანაა“ და არა „ბედნიერების“. ის ამ განცდას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ სატყუარა დაგვიკიდოს ცხვირწინ და გვარბენინოს.

რატომ ვერ ვპოულობთ პასუხს?

ჩვენს ტვინს ერთი უცნაური თვისება აქვს: ის ვერ იტანს გაურკვევლობას. მათემატიკური სიზუსტით მომუშავე ალგორითმივით, ის მანამ არ მშვიდდება, სანამ ყველა „Error“-ს არ აღმოფხვრის. როცა შინაგანი კითხვები პასუხგაუცემელია, ტვინი ავტომატურად გადადის „გარე ძიების“ რეჟიმში.

ჩვენ გვგონია, რომ ბედნიერებას ვეძებთ, სინამდვილეში კი — ჩვენი ტვინი უბრალოდ პასუხებს იგონებს, რათა სისტემა დაამშვიდოს.

დოფამინის ლტოლვა და ოპიატური ილუზია

ნეირობიოლოგიურად, ჩვენი ქცევა ორ ძირითად სისტემაზეა დამოკიდებული. დოფამინი არ არის სიამოვნება — ის არის ლტოლვა (Wanting). ის გვაიძულებს ვიმოქმედოთ, ვეძებოთ, ველოდოთ. ხოლო ენდოგენური ოპიატები არის ის, რაც კმაყოფილებას (Liking) გვანიჭებს.

პრობლემა ისაა, რომ როცა ტვინი ვერ პოულობს რეალურ პასუხს კითხვაზე „ვინ ვარ მე?“ ან „რა მინდა?“, ის იწყებს აპოფენიას — ხედავს კავშირებსა და აზრს იქ, სადაც ისინი არ არსებობს. ის ქმნის ილუზორულ კმაყოფილებას, რათა დროებით მაინც გამორთოს „განგაშის ღილაკი“ და მოგვცეს ოპიატური სიმშვიდე.

როცა ტვინი „ამბებს“ თხზავს

დააკვირდით იმ მომენტს, როცა ვინმე ახლობელი მოკლე ტექსტური შეტყობინებით გიპასუხებთ, ან საერთოდ არ გიპასუხებთ. თქვენი ტვინი მყისიერად იწყებს ვაკუუმის შევსებას: „ალბათ ეწყინა…“, „ალბათ აღარ ვაინტერესებ…“. ეს არის აპოფენია — ტვინის მცდელობა, დაასრულოს განტოლება ნებისმიერ ფასად. გაურკვევლობის შფოთვისგან თავის დასაღწევად ტვინისთვის ნეგატიური „პასუხიც“ კი მისაღებია. როგორც კი იტყვით: „ჰო, ალბათ ჩემზე გაბრაზებულია“, სისტემაში ოპიატები გამოიყოფა. შფოთვა იკლებს, რადგან „პასუხი ნაპოვნია“. თქვენ დამშვიდდით, მაგრამ ეს სიმშვიდე ილუზორულია, რადგან ის რეალობას კი არა, თქვენსავე გამოგონილ სცენარს ეყრდნობა.

„ყველას თავისი ბედნიერება აქვს“ — თუ ესეც პროგრამაა?

როცა ვამბობთ, რომ ყველას თავისი ბედნიერება აქვს, ჩვენ რეალურად ჩვენს ინდივიდუალურ ალგორითმებზე ვსაუბრობთ. ერთის ტვინისთვის „უსაფრთხოება“ სიმშვიდეშია, მეორესთვის — ადრენალინში.

მაგრამ მთავარი კითხვა ესაა: ჩვენია ეს ბედნიერება თუ გარემოს მიერ თავსმოხვეული პროგრამა? ხშირად ის, რაც ჩვენს „საკუთარ ბედნიერებად“ მიგვაჩნია, მხოლოდ სოციალური ექოა, რომელმაც ჩვენს ტვინში ოპიატების გამოყოფის გზები ისწავლა.

თვითრეფლექსია: „Error“-ის რეალური გამოსწორება

თვითრეფლექსია შფოთვისგან თავის დაღწევის უნიკალური საშუალებაა. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია, ეს არის პრეფრონტალური კორტექსის გააქტიურება. ის გვეხმარება, გავაჩეროთ აპოფენიის ავტომატური პროცესი და ტვინს რეალური კითხვები დავუსვათ.

გიგი თევზაძე თავის წიგნში „საბოლოო ფილოსოფია“ გვთავაზობს ოთხ ფილტრს, რომელიც ამ ილუზორულ პასუხებს ფილტრავს:

  1. რა მსიამოვნებს რეალურად? (გაწმინდეთ ეს სურვილი სოციალური მოლოდინებისგან).
  2. რამდენად მდგრადია ეს სიამოვნება? (ეს დროებითი აფეთქებაა თუ გრძელვადიანი კმაყოფილება?).
  3. ხომ არ აზიანებს ჩემი ბედნიერება სხვას?
  4. ხომ არ მაზიანებს ეს მე?

როგორ გადმოვიდეთ ბორბლიდან? (პრაქტიკა)

თვითრეფლექსია არ იწყება მაშინ, როცა საკუთარ თავს „ჭკვიანურ“ კითხვებს უსვამთ. ის იწყება მაშინ, როცა წყვეტთ მზა პასუხების დევნას და უბრალოდ ჩერდებით.

  • მოუსმინეთ სხეულს: სანამ ტვინი ისტორიებს გამოიგონებს, პირველ პასუხს სხეული გაძლევთ. სადაა დაჭიმულობა? მუცელში, მხრებში თუ ყელში? უბრალოდ დაასკანერეთ სხეული და თქვით: „ახლა ამას ვგრძნობ“. ეს მომენტი უკვე წყვეტს ავტომატურ რეაქციას.
  • „Name it to tame it“: როცა ბუნდოვან განცდას სახელს არქმევთ და სიტყვებად აქცევთ, ამიგდალა (შიშის ცენტრი) მშვიდდება. ემოციების მატერიალიზაცია არის გზა, რომლითაც ტვინი ქაოსიდან ნამდვილ წესრიგს ქმნის.

და ბოლოს,

სანამ არ გვეცოდინება, როგორ მუშაობს ჩვენი შინაგანი „ალგორითმი“, ჩვენ ვიქნებით ჩვენივე ტვინის მიერ გამოგონილი ილუზიების ტყვეები.

დაფიქრდით: დღეს რამდენჯერ სცადეთ პასუხის გამოგონება იქ, სადაც უბრალოდ დაკვირვება იყო საჭირო? ბედნიერება არ არის დანიშნულების ადგილი. ეს არის უნარი, ჩამოხვიდე ჰედონისტური ბორბლიდან და დაინახო საკუთარი თავი ნათლად, ყოველგვარი ილუზორული ფილტრების გარეშე.

შეიძლება მთელი ცხოვრება პასუხები ეძებო. 

ან შეგიძლია გაჩერდე — და პირველად იგრძნო, რა გინდა სინამდვილეში 

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ