საკმარისია, ქალმა სოციალურ სივრცეში სიტყვა „სექსი“ ახსენოს — არა ვულგარულად, არამედ საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ ან უბრალოდ ჯანსაღ კონტექსტში — რომ ვირტუალური პანდორას ყუთი მომენტალურად იხსნება. კომენტარებში და განსაკუთრებით Inbox-ში იწყება ნამდვილი საგიჟეთი: პრიმიტიული, შაბლონური მესიჯები, გაცვეთილი კომპლიმენტები, რომლებიც წამში გადადის უხეშ შემოთავაზებებსა თუ პირდაპირ შეურაცხყოფაში.
ამ ფენომენს მე დიდი ხანია სახელი დავარქვი: ვერბალური ონანიზმი.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც კაცს არ გააჩნია არც ერუდიცია, არც ემოციური ინტელექტი და არც პარტნიორული კულტურა. მათ მესიჯებში რეალური ქალი, მისი სურვილები და რეაქციები საერთოდ არ არსებობს. ეს არის სოციალურ ქსელში საკუთარი ფრუსტრაციების, გაუცნობიერებელი შიშებისა და პრიმიტიული ლტოლვების ერთპიროვნული, საჯარო თვითკმაყოფილება. თუმცა, თუ ამ აგრესიულ inbox-ის ტერორს ფსიქოლოგიურ რენტგენზე გავატარებთ, მივიღებთ კონკრეტულ, დიაგნოსტიკურ სურათს, რომელიც ოთხ უმთავრეს პუნქტად შეგვიძლია დავშალოთ:
1. ემოციური და სექსუალური გაუცხოება საკუთარ თავთან
ეს კაცები გაიზარდნენ გარემოში, სადაც კაცობა ასოცირდება ძალასთან, დომინაციასთან — რისი სიმბოლოც მხოლოდ მათი ორგანოს არსებობაა, სხვა ინფორმაცია არც აქვთ და ამიტომ კარადაში დეკორაციის მსგავსად გამოფენილი ნივთის ფუნქციას ატარებს, ასევე ნამდვილი კაცობა ემოციების ჩახშობასთან არის დაკავშირებული, ხოლო სექსი – მექანიკურ აქტთან ან „მონადირებულ ნადავლთან“. მათ არავინ ასწავლა, რა არის სექსუალური ინტელექტი, როგორ გამოხატონ ლტოლვა ცივილურად, როგორ მიიღონ სიამოვნება ან როგორ მიიღონ უარი. შედეგად, მივიღეთ სექსუალურად ფრუსტრირებული მასა, რომელსაც სურვილის გამოხატვა მხოლოდ ცხოველური, პრიმიტიული აგრესიით შეუძლია.
2. „მადონა-მეძავის“ კომპლექსის ქართული ვერსია
მათ ტვინში ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: „წმინდანები“ (დედა, და, ცოლი, რომლებთანაც სექსზე ლაპარაკი ტაბუა და ყველანაირი სექსი არ შეიძლება) და „დანარჩენები“. როგორც კი ქალი სოციალურ სივრცეში სექსზე იწყებს ლაპარაკს, მათი პრიმიტიული ფილტრი მას ავტომატურად მეორე კატეგორიას მიაკუთვნებს. ეს მათ აძლევს ილუზიურ „უფლებას“, რომ მოიქცნენ უკადრისად, რადგან მათ თვალში ამ ქალმა საზღვრები თავად დაარღვია.
3. ძალაუფლების ილუზია ეკრანს მიღმა
სოციალურ ქსელებში პრიმიტიული და შეურაცხმყოფელი მესიჯების წერა არის არა ძალის, არამედ აბსოლუტური სისუსტის და სექსულარულად დაუკმაყოფილებლობის ნიშანი. ეს არის მცდელობა, რომ დაამცირონ ქალი, რათა ამ ფონზე საკუთარი „კაცობა“ დაუმტკიცონ საკუთარ თავს და რეალური იმპოტენცია გადაფარონ. ქალის თავისუფლება და ღიაობა მათ აშინებთ, შიში კი აგრესიას ბადებს. თავისუფალი, სექსუალურად გაცნობიერებული ქალი მათთვის საფრთხეა, რადგან ასეთ ქალს ვერ მოატყუებ ქუჩური მითებით და მას ვერ მოხიბლავ inbox-ის პრიმიტიული მაჩოიზმით.
4. ერუდიციისა და ვერბალური უნარების სრული კრახი და მიზოგინიის ტრიუმფი
აი, აქ შემოდის ჩემი მოგონილი ტერმინი – ვერბალური იმპოტენცია. მათ არ აქვთ სიტყვების მარაგი, არ აქვთ ფლირტის კულტურა, არ იციან როგორ დააინტერესონ ქალი ინტელექტუალურად, იმიტომ რომ თავად არიან ცარიელები და ხშირად ფიზიოლოგიური პრობლემების მქონენი. ერთადერთი, რაც დარჩენიათ, ბილწსიტყვაობა ან პირდაპირი, უხეში შემოთავაზებებია.
სიტყვებისა და ფანტაზიის სრული სიღარიბე მათ ტვინში ერთადერთ რეფლექსს ტოვებს — ვერბალურ აქტს, რომელიც მხოლოდ საკუთარი დაცემული ეგოს გამოკვებაზეა ორიენტირებული. ეს ვერბალური აქტი კი ყოველთვის ღრმად მიზოგინიურია: რადგან ქალთან თანასწორი, ინტელექტუალური დიალოგის უნარი არ გააჩნიათ, ერთადერთ გამოსავალს მისი, როგორც სქესის, დამცირებაში, ობიექტივაციასა და სიძულვილში ხედავენ. მიზოგინია აქ ხდება იარაღი იმ ქალის წინააღმდეგ, რომლის სიმაღლეც კაცს აშინებს და საკუთარ არასრულფასოვნებას ახსენებს.
მითი „მაჩოზე“ და „შეყოფის“ სევდიანი ფილოსოფია
მთავარი ტრაგედია იწყება იქ, რომ ჩვენს საზოგადოებაში კაცების უზარმაზარ ნაწილს სექსი საერთოდ არ უსწავლია. მათ არ იციან, რა არის სხეულის ენა, წინასწარი თამაში, ეროტიზმი ან პარტნიორის სიამოვნებაზე ზრუნვა. მათთვის სექსი შეკვეცილია ერთადერთ პრიმიტიულ, მექანიკურ აქტამდე, რომელსაც მარტივად „შეყოფას“ ეძახიან. პორნოგრაფიული კლიშეებითა და ქუჩური მითებით გამოკვებილი გონება სექსუალურ კულტურას ვერ შობს. როცა ადამიანის სექსუალური განვითარება მოზარდობის ყველაზე ნედლ საფეხურზეა გაყინული, მისი ქცევაც შესაბამისია.
და აი, აქ იკვრება ყველაზე პარადოქსული წრე: რაც უფრო მეტს ყვირის კაცი თავის „ჰიპერსექსუალობაზე“ ეკრანს მიღმა, მით უფრო უმწეოა ის რეალურ საძინებელში.
როცა კომენტარების და inbox-ის აგრესია რეალური იმპოტენციის ნიღაბია
ვირტუალური „ალფა-მამაკაცები“, რომლებიც ქალებს უხეში ტექსტებით ესხმიან თავს, რეალურ ცხოვრებაში ხშირად უმძიმეს ფრუსტრაციას, ქრონიკულ სტრესსა და შესრულების შიშს (performance anxiety) მალავენ. ფსიქოსომატური თუ ფიზიკური ერექციული დისფუნქცია ჩვენს ტაბუირებულ გარემოში კაცისთვის უდიდესი სტიგმაა. ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემას თერაპიით ან მედიცინით მიხედონ, ისინი ირჩევენ ყველაზე იაფფასიან თავდაცვის მექანიზმს: ეგოს რეაბილიტაციას სოციალურ ქსელში.
თუ კაცი საძინებელში ვერაფერს ახერხებს, ის ცდილობს ძალაუფლება და დომინაცია ქალის დამცირებით, inbox-ში უხეში „შემოჭრით“ მოიპოვოს. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა, დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ჯერ კიდევ „კაცია“.
პარადოქსული სიმბიოზი: ვინ უკეთებს ლეგიტიმაციას ვირტუალურ აგრესიას?
თუმცა, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური სისრულისთვის, ეს სურათი ცალმხრივი იქნებოდა, თუ არ ვახსენებთ სისტემის მეორე მხარეს — კოლექტიურ ნევროზს, სადაც ქალების გარკვეული ნაწილი, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად, ამავე კაცების „ვერბალური ონანიზმის“ ფასილიტატორი და არაპირდაპირი სპონსორი ხდება.
მანკიერი წრე ვერ შეიკვრებოდა, რომ არა მეორე მხარის მდუმარე თუ ხმამაღალი თანამონაწილეობა:
1. „შინაგანი პატრიარქატი“, შინაგანი მიზოგინია და სოლიდარობა აგრესორთან
საოცარია, მაგრამ კაცების იმ პრიმიტიულ ფილტრს, რომელიც სექსზე მოლაპარაკე ქალს „მეძავის“ კატეგორიაში ათავსებს, თავად ქალების ნაწილიც იყენებს. როდესაც დამოუკიდებელი, სექსუალურად გაცნობიერებული ქალი საჯარო სივრცეში ტაბუს მსხვრევას იწყებს, სწორედ სხვა ქალებისგან მოდის ხშირად პირველი დარტყმა: „ეს ვინ არის?“, „ოჯახი არ ჰყავს?“, „რა უბედურებაა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი?“
აქ ჩვენ ვაწყდებით უმძიმეს ფენომენს — შინაგან მიზოგინიას (Internalized Misogyny), როცა ქალი თავად ხდება პატრიარქალური და ქალთმოძულეობრივი იდეების გამტარებელი საკუთარი სქესის მიმართ. ამგვარი სოლიდარობით პატრიარქალურ ნორმებთან, ეს ქალები კაცებს აძლევენ მწვანე შუქს: „დიახ, ეს ქალი საზოგადოებრივ ნორმებს გარეთაა და შეგიძლიათ მას ისე მოექცეთ, როგორც გსურთ.“ ისინი ამყარებენ მითს, რომ წესიერი ქალი სექსზე არ საუბრობს.
2. მსხვერპლის როლის ტოქსიკური ვალიდაცია (The Victimhood Currency)
ზოგიერთი ქალისთვის კომენტარებში თუ inbox-ში მიღებული პრიმიტიული მესიჯები და „ვერბალური ტერორი“ ხდება უნიკალური სოციალური კაპიტალი. ისინი საჯაროდ აზიარებენ ამ სქრინებს, დასცინიან მათ, გამოხატავენ ზიზღს, თუმცა ამავდროულად, ამით იკვებება მათი პირადი ნარცისული მოთხოვნილება — იგრძნონ თავი სასურველად, თუნდაც ასეთი დამახინჯებული ფორმით.
კაცი, რომელიც „ვერბალური ონანიზმით“ არის დაკავებული, ხედავს, რომ მისი მესიჯი გახდა საჯარო განხილვის საგანი. ნეგატიური ყურადღებაც ყურადღებაა. ქალი ამით აჩვენებს, რომ კაცის პრიმიტიულმა ისარმა მიზანს მიაღწია — მან ემოცია გამოიწვია. ეს კი კაცს ანიჭებს ძალაუფლების იმავე ილუზიას.
3. მატრიარქალური აღზრდის კულტი: „დედიკოს ბიჭების“ ქარხანა
შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მთავარ აქტორს — დედას. ეს ვირტუალური „ალფა-მამაკაცები“ ქალებმა გაზარდეს. ქართველმა დედებმა, რომლებიც შვილებს ზრდიან უპირობო აღფრთოვანების გარემოში, სადაც მამაკაცის სასქესო ორგანო უკვე დიდი წარმატების საფუძველია და არ აქვს მნიშვნელობა რა ფუნქცია აქვს მას რეალურად, ამიტომ ბიჭს ყველაფერი ეპატიება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბიჭია. მას არ ასწავლიან ქალის, როგორც სუბიექტის (და არა ობიექტის) აღქმას… ან როგორ უნდა ასწავლოს ქალმა, რომელსაც ეს თავად არასოდეს უგრძვნია?
ქალები, რომლებიც ოჯახში აგრძელებენ ბიჭების ფუნქციურ ინვალიდებად გაზრდას (როცა კაცს არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა, საყოფაცხოვრებო ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება), ქმნიან ზუსტად იმ მასას, რომელიც შემდეგ ვერბალურ სივრცეში ანაზღაურებს საკუთარ უმწეობას. დედები, რომლებიც ამართლებენ შვილის აგრესიას („აბა, იმ გოგომაც ისე ჩაიცვა…“), არიან ამ სოციალური პანდემიის და მიზოგინიური კულტურის მთავარი არქიტექტორები.
ფასადური იდილია, ფსევდო-ორგაზმი და „ნათამაშები“ ცხოვრება
ამ სისტემის ყველაზე ტრაგიკული და ღრმა შრე იმ ქალების ფსიქოტიპში იმალება, რომლებიც თავად არიან სექსუალურად აბსოლუტურად გაუცხოებულნი, მაგრამ საზოგადოების თვალში „წარმატებული კერის“ არქიტექტორებად გვევლინებიან. სწორედ ამ ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი ფსევდო-ორგაზმის ფენომენი — როგორც ფიზიკურ საძინებელში, ისე სოციალურ ცხოვრებაში.
ფსევდო-ორგაზმი ფართო გაგებით არის იმიტაცია, როდესაც ქალი რეალური ემოციური და სექსუალური კმაყოფილების ნაცვლად, ირჩევს ორგაზმის თამაშს პარტნიორის ეგოს დასაკმაყოფილებლად და საკუთარი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
აქ მნიშვნელობა არ აქვს არაფერს — არც იმას, რომ მას გვერდით ქმარი ან მრავალწლიანი პარტნიორი ჰყავს, და არც იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში ამ ურთიერთობის კულისებში (იქნება ეს სიცივე, გაუცხოება, კაცის მხრიდან ფარული ერექციული დისფუნქცია თუ ქალის ტოტალური ანორგაზმია). ეს ქალი მაინც იდეალურად შეფუთავს თავის რეალობას. სხვების თვალში ის ბოლომდე ითამაშებს იდეალურ, სამაგალითო ოჯახს.
ეს არის სოციალური ფსევდო-ორგაზმი:
- სოციალური ქსელების ფასადი: პროფილებზე გამოფენილი ათასგვარი „ბედნიერი ოჯახური ფოტო“, საჩუქრების დემონსტრირება, სიყვარულის საჯარო დეკლარაციები.
- შიშის კომპენსაცია: რაც უფრო მეტადაა ქალი რეალურად დაუკმაყოფილებელი, მით უფრო აგრესიულად იცავს ის „ოჯახურ სიწმინდეს“ და მით უფრო მეტად აღიზიანებს სხვა, თავისუფალი ქალის მიერ სექსის თემის საჯაროდ წამოწევა.
როდესაც ასეთი ქალი ხედავს ვინმეს, ვინც სექსზე ხმამაღლა, მეცნიერულად თუ ფსიქოლოგიურად საუბრობს, მასში იღვიძებს უმძიმესი გაუცნობიერებელი შური და შიში. მისი ფასადი საფრთხეშია. ამიტომ, ის თავისივე შინაგანი მიზოგინიის კარნახით ხდება პირველი, ვინც მწვანე შუქს უნთებს კაცების კომენტარებისა თუ inbox-ის აგრესიას, რათა ჩაახშოს ის ხმა, რომელიც მის საკუთარ, ნათამაშებ ცხოვრებას და ფსევდო-ორგაზმების სევდიან რეალობას სარკეს უსვამს.
გამოსავალი: ონანიზმიდან — პარტნიორობამდე
ეს მანკიერი წრე არ გაწყდება მანამ, სანამ საზოგადოება არ მიხვდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ ანატომიის ან კონტრაცეფციის სწავლება. სექსუალური განათლება, პირველ რიგში, არის ემოციური ინტელექტი, საზღვრების პატივისცემა, კონსენსუსი და კომუნიკაციის კულტურა.
სანამ სექსი რჩება ბნელ, ტაბუირებულ, საშიშ თემად, ჩვენ მივიღებთ საზოგადოებას, რომელიც რეალობაში ფრუსტრირებული და სექსუალურად გაუცხოებულია, ხოლო ვირტუალურ სივრცეში — ვერბალური ონანიზმითაა დაკავებული.
გამოსავალი არ არის მხოლოდ კაცების „გამოსწორებაში“ ან მათი ვნებების ანატომიის გაშიშვლებაში. მანკიერი წრე გაწყდება მაშინ, როცა ორივე მხარე უარს იტყვის ამ ტოქსიკურ სიმბიოზსა და ორმხრივ მიზოგინიაში მონაწილეობაზე. როცა სექსზე საუბარი აღარ იქნება არც ტაბუ, არც აგრესიის გამომწვევი და არც ფასადური იდილიის მიღმა შიშების დამალვის ინსტრუმენტი.
დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. პრობლემა სექსზე მოლაპარაკე ქალებში კი არა, იმ კაცებშია, რომელთაც სექსის კულტურა მხოლოდ ეკრანზე კლავიატურის ბრახუნი და მიზოგინიური თავდასხმა გონიათ (საძინებელში კი საკუთარი შიშების მძევლები არიან), და იმ ქალებში, რომლებიც ფსევდო-ორგაზმების, შინაგანი ქალთმოძულეობისა და იდეალური ოჯახობანას თამაშით ამ უმწეობას ლეგიტიმაციას უკეთებენ. ჯანსაღი საზოგადოება იწყება იქ, სადაც სექსი შიშის, აგრესიისა და იმიტაციის საგნიდან — ორმხრივი პატივისცემის, ნამდვილი სიამოვნებისა და ჯანსაღი, გულწრფელი კავშირის სივრცედ იქცევა.





