სიმართლეს ვეძებ — AI-ს ვკითხე. მართალი აღმოვჩნდი. როგორც დავგეგმე.

სიმართლეს ვეძებ — AI-ს ვკითხე. მართალი აღმოვჩნდი. როგორც დავგეგმე.

ადრე თავის გასამართლებლად სამი მეგობრისთვის უნდა დაგერეკა. ახლა ერთი ჩატიც საკმარისია. პროგრესი მაინც პროგრესია.

მეგობარს მოუყვებოდი, როგორ გაწყენინეს, რა გითხრეს და როგორი საოცარი თავშეკავებით უპასუხე. ისიც გისმენდა, გეთანხმებოდა და უცებ, სრულიად უტაქტოდ, გეკითხებოდა:

— შენ მანამდე რა უთხარი?

მხარდაჭერისთვის დარეკე და გამოძიება დაგიწყეს.

ჩატბოტთან უფრო კომფორტულად შეგიძლია დაიწყო:

„მეგობარს გულწრფელად ვუთხარი ჩემი აზრი და ეწყინა. ადამიანებს სიმართლის მოსმენა რატომ უჭირთ?“

შესანიშნავი შეკითხვაა. მეგობარი უკვე დამნაშავეა. ახლა მხოლოდ ფსიქოლოგიური ტერმინი გვჭირდება.

რა უთხარი, ჯერ არ ვიცით. შეიძლება: „შენს გადაწყვეტილებაზე ცოტა ვნერვიულობ“. შეიძლება: „შენ ცხოვრებაში ერთი ნორმალური არჩევანი არ გაგიკეთებია“. მაგრამ დეტალებით რატომ უნდა გავაფუჭოთ ასეთი კარგი საქმე?

თუ ჩატბოტმაც აგიწყო ფეხი — „შესაძლოა, შენს მეგობარს გულწრფელი უკუკავშირის მიღება უჭირს“ — შეგიძლია ამოისუნთქო. გაირკვა: შენ უკუკავშირი მიეცი. მას მიღება გაუჭირდა.

ის, რომ უკუკავშირი აგურით მიაწოდე, ტექნიკური დეტალია.

საერთოდ, საკუთარ საქციელს მშვენიერ სახელებს ვარქმევთ.

მე არ ვუხეშობ — პირდაპირი ვარ.
მე არ ვაკონტროლებ — ვზრუნავ.
მე არ ვჭორაობ — სიტუაციას ვაანალიზებ.

სხვის საქციელზე ამდენი სიტყვა აღარ გვჭირდება. უზრდელია, მაკონტროლებელია, ჭორიკანაა. მორჩა. სად გვცალია ახლა მისი რთული შინაგანი სამყაროსთვის.

ჩემი საქციელი კონტექსტში უნდა განიხილო. მისი — სქრინშოტში.

ფსიქოლოგიაში ამას მოტივირებული მსჯელობა ჰქვია: სასურველი პასუხი გავლენას ახდენს იმაზე, რომელ ფაქტებს ვამჩნევთ და რას ვუხერხებთ დანარჩენებს. შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ სიმართლეს ვეძებთ, სინამდვილეში კი უკვე გამზადებულ დასკვნას საბუთებს ვუგროვებდეთ.

ჩემი უხეშობა დაღლილობის ბრალია. შენი — ხასიათის. მე თუ არ გპასუხობ, დრო მჭირდება. შენ თუ არ მპასუხობ, პატივს არ მცემ.

ფსიქოლოგიური განათლებაც ვერ გვაზღვევს. ზოგჯერ უბრალოდ უფრო დახვეწილად ვიმართლებთ თავს. ადრე ვიტყოდით: „არ ველაპარაკები და ეგდოს“. ახლა ვამბობთ: „ჩემს ემოციურ უსაფრთხოებას ვუფრთხილდები“.

როგორ გაიზარდა ადამიანი. სამი დღეა ხმას არ გცემს, მაგრამ უკვე პროფესიული ტერმინებით.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ პაუზა ნამდვილად გვჭირდება. გადაღლილი ხარ, გაბრაზებული ხარ, საუბარს ვერ აგრძელებ — ამბობ, რომ დრო გჭირდება და მოგვიანებით დაუბრუნდები.

სხვა ამბავია, როცა ჩუმდები და ელოდები, როდის მიხვდება, რისთვის სჯი.

შეიძლება დასამშვიდებლად გაჩუმდი. შეიძლება გინდა, ის ვერ დამშვიდდეს. განსხვავება არის.

„საზღვარი“ სასარგებლო სიტყვაა. მაგრამ ყველა მოთხოვნას რომ ეს სახელი დავარქვათ, ჯანსაღი ვერ გახდება. „ჩემი საზღვარია, რომ არასდროს შემეწინააღმდეგო“ ისევ კონტროლის მოთხოვნაა, უბრალოდ თერაპია გაქვს გავლილი.

ჩატბოტმა კი ეს ყველაფერი იმ მონაყოლიდან უნდა გაარჩიოს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან დეტალებს ვაწვდით. მაგალითად, როგორ გვეტკინა. როგორ გავბრაზდით. როგორ აღარ შეგვეძლო.

ჩვენი ნათქვამი? დაახლოებით გვახსოვს. მისი ინტონაცია? შეგვიძლია ზუსტად აღვადგინოთ.

წარმოიდგინე სასამართლო: შენ ხარ მოსარჩელე, ადვოკატი და მთავარი მოწმე. მოწინააღმდეგის ჩვენებაც შენ მოგაქვს, შენივე კომენტარებით. მოსამართლედ ხელოვნური ინტელექტი მოიწვიე.

მიუკერძოებელია. ორივე მხარეს მოუსმენს.

ორივე მხარე შენ მოუყევი.

ამ კომფორტს მეცნიერებმაც შეხედეს. 2026 წელს Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში 11 AI-მოდელი მომხმარებლის საქციელს საშუალოდ 49%-ით უფრო ხშირად იწონებდა, ვიდრე ადამიანები. სამ ექსპერიმენტში, სულ 2 405 მონაწილით, მაამებელ AI-სთან საუბრის შემდეგ მონაწილეები საკუთარ სიმართლეში მეტად დარწმუნდნენ და კონფლიქტის გამოსწორების ნაკლებ მზაობას გამოხატავდნენ. ასეთი AI მეტად მოსწონდათ და მეტად ენდობოდნენ კიდეც.

გასაგებია. როცა გეთანხმება, მაშინვე ეტყობა, რომ განვითარებული ინტელექტია.

შედიხარ ჩატში ნაწყენი. გამოდიხარ ნაწყენი, მაგრამ უკვე დასკვნით. შეგიძლია გადაუგზავნო კიდეც: „აი, AI-მაც ეს თქვა“.

შენ მოუყევი. შენ დაასკვნევინე. ახლა ერთად უხსნით მეორე ადამიანს, როგორი აუტანელია.

და მაინც, ასეთი საუბრის სურვილში ადამიანური რამ არის: გტკივა და გინდა, ვინმემ მოგისმინოს. ყოველ წინადადებაზე ჯვარედინი დაკითხვა არ გჭირდება. არც ყველა ემოციას უნდა მოსდევდეს: „აბა, შენი პასუხისმგებლობა სად არის?“

მაგრამ „მეწყინა“ და „სრულიად მართალი ვარ“ სხვადასხვა წინადადებაა.

შეიძლება მართლა გატკინეს და პასუხად შენც უსამართლოდ მოიქეცი. შეგიძლია თქვა: „ასე არ უნდა მომქცეოდი“ და დაამატო: „მე ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა“.

შენი ბოდიში მის საქციელს არ ამართლებს. უბრალოდ, ამ კამათში მარტო მას აღარ აქვს ბოდიში მოსახდელი. უსიამოვნოა, მესმის.

ცხადია, ყველა კონფლიქტში პასუხისმგებლობა თანაბრად არ ნაწილდება. ძალადობისას პირველ რიგში უსაფრთხოებაა საჭირო. მაგრამ ყოველდღიურ უთანხმოებაში ზოგჯერ ისე ვართ დაკავებული სხვისი საქციელის გამოძიებით, საკუთარ ჩვენებას კითხვასაც არ ვაკადრებთ.

ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა ჩატბოტს კონფლიქტზე მოუყვები, ესეც დაუმატე:

„მხოლოდ ჩემს ვერსიას ისმენ. გამოყავი ფაქტები ჩემი ინტერპრეტაციებისგან. მითხარი, რა ინფორმაცია გაკლია და სად შეიძლება მეც ვცდებოდე.“

მერე არგუმენტები შეამოწმე. სასიამოვნო პასუხი ავტომატურად სწორი არ არის. არც უსიამოვნო პასუხს ეკუთვნის სიბრძნის მედალი.

ოღონდ ამბავს ხელახლა და ხელახლა ნუ გადააკეთებ, სანამ სასურველ პასუხს არ გამოგიწერს.

ათი მცდელობის შემდეგ მიღებული „შენ მართალი ხარ“ მეორე აზრი აღარ არის. შეკვეთაა.

და სანამ ამ დასკვნას მეორე ადამიანს გადაუგზავნი, წამით იმ მეგობარს დაუბრუნდი, რომელმაც მხარდაჭერის მთელი პროცესი ერთი უტაქტო შეკითხვით გაგიფუჭა:

— შენ მანამდე რა უთხარი?

წყარო: Cheng და კოლეგები, Science, 2026 წლის 26 მარტი. DOI: 10.1126/science.aec8352. კვლევის შედეგები ეხება კონკრეტულ ექსპერიმენტულ პირობებში გაზომილ შეფასებებსა და განზრახვებს; ისინი ყველა მოდელსა და საუბარზე ვერ განზოგადდება. ტექსტში შეთავაზებული შეკითხვა ამ კვლევაში არ შემოწმებულა.

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ