ფსიქოთერაპევტის დაკვირვება 20+ წლიანი პრაქტიკიდან
ცოტა ხნის წინ დედამ მომიყვანა 9 წლის ბიჭი. “სკოლაში გაკვეთილზე ვერ ზის ერთ ადგილზე,” — მითხრა შეწუხებულმა დედამ — “სერიოზული პრობლემები გვაქვს.”
ბავშვს დიაგნოზი უკვე ჰქონდა.
მე კი ერთი კითხვა დავუსვი: რა გიყვარს ყველაზე მეტად?
“ლეგო,” — მიპასუხა მაშინვე.
ოთხი საათი იჯდა და ლეგოს აწყობდა. ადგილიდან არ დაძრულა
სანამ ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ, ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო. ADHD რეალურია. დიაგნოზი რეალურია. ნეიროლოგიური განსხვავება რეალურია. ეს სტატია არ არის დიაგნოზის ან მკურნალობის მეთოდების უარყოფისათვის. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმოხილვა რომელიც იკარგება, როდესაც დიაგნოზი ცნობილი ხდება.
ყურადღების დეფიციტი? თუ მნიშვნელობის დეფიციტი?
რატომ ახლა?
ბოლო ათწლეულში ADHD-ის დიაგნოზი გაორმაგდა. იმავე პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ Gen Z ყველაზე მარტოსული თაობაა ისტორიაში.
ორი ეპიდემია ერთი დროს. დამთხვევა თუ სხვა რეალობა?
20 წელზე მეტია ვმუშაობ ადამიანებთან — ინდივიდებთან, ოჯახებთან, კორპორაციებთან. და პრაქტიკაში არის მომენტები, რომლებიც არასოდეს მავიწყდება.
ადამიანი ზის ჩემს პირისპირ. ADHD დიაგნოზით ხელში. კითხვა — “რა ვქნა?”
მაგრამ როცა ვიწყებთ მუშაობას, შეკითხვა იცლება.
პირველად ამბობს “მე მინდა” — და არა “მე უნდა.” პირველად ზის სიჩუმეში და არ ეშინია. პირველად ამჩნევს საკუთარ შინაგან სიგნალს — და არა მხოლოდ ამჩნევს, გრძნობს კიდეც.
სწორედ ამ დროს იცვლება რაღაც. არა დიაგნოზი. არა მედიკამენტი, არამედ ადამიანი.
და ეს მომენტი ყოველთვის ერთნაირია ბავშვთან თუ ზრდასრულთან — იწყება კავშირი საკუთარ თავთან.
ერთი რამ, რისიც მწამს: სიმპტომი არასოდეს არის პრობლემა. სიმპტომი არის სიგნალი.
და მთავარი შეკითხვა არის — რისი?
ტვინი დამნაშავეა?
ჩვენს სამყაროში სტანდარტული პასუხი ასეთია: ADHD არის ნეიროლოგიური განსხვავება. დოფამინის სისტემა არასწორად მუშაობს. გენეტიკა. ქიმია. ბიოლოგია. და ეს მართალია — ნაწილობრივ.
მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რომელზეც მეცნიერება სულ უფრო მეტს საუბრობს: ტვინი სად არსებობს — ვაკუუმში, თუ სამყაროში?
ნეიროპლასტიურობა — ტვინის უნარი შეიცვალოს გამოცდილების მიხედვით — დღეს უკვე უდაო ფაქტია. ტვინი არ არის ფიქსირებული მექანიზმი. ის პასუხობს. ის ადაპტირდება. ის იცვლება იმის მიხედვით, რა გარემოში ვართ, რას განვიცდით, როგორ ვცხოვრობთ.
ანუ კითხვა არ არის მხოლოდ “რა ხდება ტვინში?”
კითხვა არის — “რა ქმნის ასეთ ტვინს?”
გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ
წარმოიდგინეთ სისტემა, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მუდმივად გააქტიურებული იყოს, არ დაისვენოთ.
შეტყობინება. ლაიქი. სქროლი. ვიდეო. კიდევ ერთი შეტყობინება.
ეს არ არის შემთხვევითობა. სოციალური პლატფორმების არქიტექტურა პირდაპირ მიმართულია ყურადღების ფრაგმენტაციისკენ — რაც მეტხანს ხარ ეკრანთან, მით უფრო მომგებიანია. და ჩვენი ბავშვები ამ სისტემაში იზრდებიან დაბადებიდან.
მაგრამ ციფრული გარემო მხოლოდ ერთი ნაწილია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური ზეწოლა — თანამედროვე სამყაროში მოთხოვნა გაჩნდა იყო სწრაფი, პროდუქტიული, წარმატებული, ხილული. სკოლა, რომელიც აჯილდოვებს მორჩილებას — საკუთარი დადგენილი სტანდარტების შესრულებას — და არა ცნობისმოყვარეობას. ოჯახი, სადაც “წარმატება” გარედან იზომება.
ყველა ეს სიგნალი ერთს ამბობს: მოერგე. შეიცვალე. გახდი ის, რაც საჭიროა.
და ადამიანი ადაპტირდება. ტვინი ადაპტირდება.
მაგრამ ამ ადაპტაციას თავისი ფასი აქვს.
რა იკარგება
ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება, რომელსაც ხშირად ვერ ვხვდებით ყოველდღიურ საუბარში, მაგრამ ყველა ვიცნობთ გამოცდილებიდან.
პიროვნული ბირთვი — ის, ვინც ნამდვილად ხარ, ავთენტური მე.
არა შენი სოციალური როლი. არა ის, რასაც სხვები ელიან. არა შენი ქცევა, განცდა ან რეაქცია. არამედ შენი რეალური ღირებულებები, დამოკიდებულებები, სურვილები — ის, რაც შენია და მხოლოდ შენი.
როცა გარემო მუდმივად გვეუბნება “მოერგე” — ეს ბირთვი არ ქრება. ის იმალება.
და სწორედ აქ იწყება პრობლემა.
როცა ადამიანი კარგავს კავშირს საკუთარ პიროვნულ ბირთვთან — საკუთარ სურვილებთან, ღირებულებებთან, შინაგან სიგნალებთან — ის გადადის რეაქტიულ რეჟიმში. ცხოვრობს გარე სტიმულებზე პასუხად. ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ემოცია, ყოველი მოქმედება — გარედან მოდის, შიგნიდან კი არა.
ეს ზუსტად ისაა, რასაც ხშირად ADHD-ში ან ყურადღების დეფიციტის დროს ვხედავთ:
ყურადღება გარე სტიმულს მიჰყვება — შიდა პრიორიტეტს კი არა. იმპულსი იმარჯვებს — განზრახვაზე, მოთხოვნილებაზე. ფეთქდება წამიერი ემოცია — რეფლექსიის ნაცვლად.
ეს სიმპტომები არ არის “გაფუჭებული” ტვინის ნიშანი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი საკუთარი თავის დაკარგვის პირასაა.
15 წუთის სიჩუმე…
ერთხელ კლიენტი მომივიდა — ADHD დიაგნოზი ხელში, დაღლილობა თვალებში და პასუხისმგებლობების უდიდესი ტვირთი ზურგზე.
“რა ვქნა?” — იყო მისი პირველი კითხვა.
რამდენიმე სესიის შემდეგ დავუსვი მარტივი კითხვა: “რა გინდა შენ — სხვებს არა, შენ?”
გაჩუმდა. თითქმის 15 წუთი სიჩუმეში გავატარეთ — მაგრამ ეს არ იყო ცარიელი, არაფრისმთქმელი დუმილი. ცოტა ნაში ცრემლები წამოუვიდა.
“არ ვიცი,” მიპასუხა.
სწორედ იმ წერტილიდან დაიწყო ნამდვილი მუშაობა – საკუთარ ავთენტურ მესთან მისასვლელი გზის ძიება.
დოფამინი: მიზეზი თუ შედეგი?
ADHD-ის შესახებ ყველაზე გავრცელებული ახსნა ასეთია: “ტვინში დოფამინის პრობლემაა.”
და ეს მართალია — მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულებრივ ვფიქრობთ.
პრობლემა არ არის მხოლოდ ნაკლებობა ან მეტობა. პრობლემა არის დისრეგულაცია. ტვინი ვერ “ჩერდება” — ვერ პოულობს ბუნებრივ ბალანსს. და სწორედ ამიტომ მუდამ ეძებს უფრო ძლიერს, უფრო სწრაფს, უფრო ახალს.
სისტემა არ არის ცარიელი — სისტემა გადატვირთულია.
და აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რამ გადატვირთა?
პასუხი მხოლოდ ეკრანებში არ არის.
ბავშვი იზრდება სიგნალების ნაკადში: “ასე უნდა გამოიყურებოდე”, “ეს არის წარმატება”, “ამათი მსგავსი უნდა იყო.” მშობლები — ხშირად საუკეთესო განზრახვით — აძლევენ როლმოდელებს: “ნახე, ის როგორ კარგად სწავლობს”, “ეს პროფესია კარგია”, “ასე უნდა იყო.” სკოლა ზომავს და ადარებს. სოციალური გარემო ადგენს სტანდარტებს.
და შემდეგ ციფრული სამყარო ამ ყველაფერს უსაზღვროდ ამყარებს — სხვების ცხოვრება, სხვების სხეული, სხვების წარმატება, სხვების ბედნიერება. 24 საათი. 7 დღე. შეუჩერებლად, მუდამ.
შედეგი? ბავშვი — და შემდეგ ზრდასრული — სწავლობს ერთ რამეს: შენი შინაგანი სიგნალი არ არის მნიშვნელოვანი. გარე სტანდარტი არის აუცილებელი.
და ეს არის ის მომენტი, როცა საკუთარ პიროვნულ ბირთვთან კავშირი წყდება.
როცა ადამიანი დაშორებულია საკუთარი რეალური სურვილებისგან — ტვინი ეძებს სიგნალს გარედან. ლაიქებში, სქროლვაში, სწრაფ სტიმულებში. ციფრულ ოკეანეში ამას მარტივად პოულობს — მაგრამ მხოლოდ მომენტალურად, წამიერად. შემდეგ კი უფრო მეტი სჭირდება.
ეს არ არის სისუსტე. ეს არის მშიერი სისტემა, რომელსაც ნამდვილი საკვები არ მიუღია.
საკუთარ პიროვნულ ბირთვთან კავშირი კი სულ სხვა რამეს იძლევა — ნელ, სტაბილურ, ბუნებრივ ბალანსს. ტვინი მშვიდდება. რეგულაცია იწყება შიგნიდან.
როცა ადამიანი აკეთებს რამეს, რაც მისი რეალური სურვილიდან მოდის — ტვინი ბუნებრივად პოულობს ბალანსს. არა მხოლოდ დოფამინს — სეროტონინს, ოქსიტოცინს, ენდორფინებს.
ეს არ არის ჯილდო. ეს არის შინ დაბრუნება.
მნიშვნელოვანია სიზუსტე: ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორები რეალურია და მათი როლი უდაოა. საკითხი არ არის “ბიოლოგია თუ გარემო” — საკითხი არის, რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. ADHD-ის ყველაზე ეფექტური თერაპიული მიდგომები — მაინდფულნესი, კოგნიტური თუ მედიტაციური ვარჯიშები — სწორედ თვითრეგულაციაზეა მიმართული. პრაქტიკა ამბობს იმას, რასაც თეორია ჯერ კიდევ მკაფიოდ არ გეუბნება: გამოსავალი შიგნიდანაა.
რა გვჭირდება ახლა
ADHD არ არის მოდა. არ არის გამოგონება. და არ არის მხოლოდ ტვინის ქიმია.
ეს არის სიგნალი — კოლექტიური, თაობის, სისტემური.
სიგნალი იმისა, რომ შევქმენით სამყარო, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისაგან აშორებს. და შემდეგ გვიკვირს, რატომ ვერ ისვენებს ერთ ადგილზე, რატომ ვერ კონცენტრირდება, რატომ გრძნობს თავს დაკარგულად.
პასუხი არ არის მხოლოდ სწორ დიაგნოზში. პასუხი არის კითხვაში — რაც ჯერ კიდევ დაუსმელია.
ვინ ხარ შენ — გარე სტანდარტების მიღმა?
ეს კითხვა მარტივი არ არის. მაგრამ ის არის ერთადერთი კითხვა, რომელიც ნამდვილ ცვლილებამდე მიგვიყვანს. ამას კი სისტემური მუშაობა სჭირდება — ოჯახში, სკოლაში, სამუშაო გარემოში. სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი პიროვნული ბირთვი იპოვოს. არ შეადაროს. არ მოარგოს. არამედ იყოს.
და როცა ეს ხდება — ტვინი პასუხობს.
არა იმიტომ, რომ “განიკურნა.”
არამედ იმიტომ, რომ სიგნალმა იპოვა პასუხი.
რა მუშაობს სინამდვილეში, ჩემი გამოცდილების მიხედვით
პრაქტიკაში ორი მიდგომის სინთეზი ყველაზე ეფექტურად მუშაობს.
CBT და NLP გვასწავლის შევამჩნიოთ პატერნი — “ეს აზრი საიდან მოდის? ეს რეაქცია ჩემია თუ ავტომატური?” დისტანცია რეაქციასა და არჩევანს შორის. ADHD-ის კონტექსტში ეს კონკრეტულად მუშაობს იმპულსურობაზე, დროის მართვაზე, ემოციურ დისრეგულაციაზე — არა სიმპტომის ჩახშობით, არამედ გაცნობიერებით.
ფსიქოსინთეზი სხვა კითხვას სვამს: “ვინ ხარ შენ — ამ ყველა როლისა და რეაქციის მიღმა?” კლიენტი სწავლობს გაარჩიოს: “ეს ჩემი სურვილია, თუ სხვისი მოლოდინი?” “ეს ჩემი ღირებულებაა, თუ სოციალური სკრიპტი?”
CBT და NLP იძლევა ინსტრუმენტს. ფსიქოსინთეზი იძლევა მიმართულებას. ერთად კი ხდება ის, რასაც პრაქტიკაში მუდამ ვხედავ: ადამიანი წყვეტს იმპულსურ რეაგირებას – რეაქციულობას. იწყებს მოქმედებას საკუთარი არჩევანიდან – ხდება პროაქციული.
სწორედ ეს გზა — არჩევანი შიგნიდან — არის ის, რასაც ტვინი ელოდა.
ორი ეპიდემია. ერთი დრო.
როდესაც ციფრებს ვუყურებთ, სურათი იმაზე საგანგაშოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ წინაშეა ორი პარალელური პროცესი, რომლებიც ერთმანეთს კვებავს.
მარტოობა — გლობალური სურათი
GWI-ის 2024 წლის კვლევამ, რომელიც მოიცავს 1,821 Gen Z წარმომადგენელს მსოფლიოს მასშტაბით, აჩვენა, რომ ამ თაობის 80% ბოლო 12 თვეში მარტოობას განიცდიდა — Baby Boomers-ის 45%-თან შედარებით. Harvard Graduate School of Education-ის კვლევის მიხედვით, 18-25 წლის ახალგაზრდების 61% განიცდის ღრმა მარტოობას. Human8 Research-ის 2025 წლის გლობალური კვლევა ადასტურებს, რომ Gen Z-ის 62%-ს უჭირს მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარება.
2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტოობა ოფიციალურად გამოაცხადა გლობალური საჯარო ჯანდაცვის პრობლემად. იმავე წელს აშშ-ის მთავრობამ გამოსცა გადაუდებელი განცხადება სოციალური იზოლაციის ეპიდემიის შესახებ.
ADHD — გლობალური სურათი
2024 წლის YouGov-ის კვლევამ 20 ქვეყანაში აჩვენა, რომ “ADHD”-ზე ონლაინ ძიება 2019-2023 წლებს შორის საშუალოდ 270%-ით გაიზარდა. სამეცნიერო კვლევებმა დააფიქსირა, რომ ADHD დიაგნოზების რაოდენობა ათწლეულში გაორმაგდა. აშშ-ში დღეს ბავშვთა 12% — დაახლოებით 7.8 მილიონი — ატარებს ADHD დიაგნოზს.
ორი ეპიდემია. ერთი დრო. ერთი კითხვა — რატომ?
ეს არ არის უბრალო დამთხვევა. როდესაც სამყარო ხდება უფრო ხმაურიანი და ციფრული, ადამიანი კი — უფრო მარტოსული, ტვინი ერთადერთ გადარჩენის გზას პოულობს: ის გადადის რეაქტიულ რეჟიმში.
თუ ამ სტატიაში საკუთარი თავი იცანი — ან ვინმე, ვინც გიყვარს — დრო დადგა ამ კითხვის დასასმელად: ვინ ვარ მე გარე სტანდარტების მიღმა?
და გახსოვდეს, კავშირის აღდგენა არ ნიშნავს დიაგნოზის გაქრობას. ეს ნიშნავს, რომ როცა ვიცით, რისთვის ვფოკუსირდებით — ფოკუსი თავად მოდის.





