20 წელზე მეტია ვმუშაობ ფსიქოთერაპევტად და სულ უფრო ხშირად ვხვდები ერთსა და იმავე სურათს: ადამიანი, რომელსაც გარედან რომ შეხედო, თითქოს ყველაფერი რიგზე აქვს. მის ქალაქში არ არის ომი. მას არ შია. აქვს განათლება და ინტერნეტი — უსასრულო შესაძლებლობების ეს მითიური წყარო. თუმცა, საუბარს ასე იწყებს:
„არ ვიცი, რატომ, მაგრამ თითქოს ვერ ვპოულობ საკუთარ თავს… თითქოს ყველაფერი საკმარისზე მეტი მაქვს… ან პირიქით — არაფერია საკმარისი, სიცარიელის და უაზრობის განცდები მაქვს“.
ეს განცდა არ არის შემთხვევითი და ის არ არის მხოლოდ ინდივიდუალური სევდა. ეს არის ჩვენი ეპოქის მთავარი ფსიქოლოგიური სიმპტომი. ჩვენ შევქმენით თაობა, რომელიც ყველაფერს ხედავს, მაგრამ საკუთარ ადგილს მაინც ვერ პოულობს.
თაობა, რომელიც ერთდროულად ყველგან ცხოვრობს
Ipsos Global Trends 2024 და “Gen Z: Do we know the full story?” კვლევების მონაცემები:
- Gen Z-ის 60% ამბობს, რომ ისინი მუდმივად ან ხშირად განიცდიან სტრესსა და შფოთვას (ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე წინა თაობების — Millennials (45%) ან Gen X (35%)).
- Gen Z დღეში საშუალოდ 3-დან 5 საათამდე ატარებს სოციალურ მედიაში. მათგან 40% აღიარებს, რომ სოციალური მედია მათ აიძულებს იგრძნონ, რომ მათი ცხოვრება „არ არის საკმარისად კარგი“ სხვების იდეალიზებულ კადრებთან შედარებით.
კაცობრიობის ისტორიაში პირველად გაჩნდა თაობა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე რეალობაში არსებობს. დილით გაღვიძებიდან რამდენიმე წუთში მათ უკვე იციან: რა ხდება სხვა კონტინენტზე, ვინ გახდა მილიონერი ერთ ღამეში, ვინ დაშორდა, ვინ მოიგო და ვინ დამარცხდა.
მათთვის სამყარო აღარ არის გეოგრაფიული ერთეული — ის უწყვეტი ინფორმაციული ნაკადია. სწორედ აქ ჩნდება პირველი ბზარი. როდესაც ადამიანი ყველაფერს ხედავს, ის ვეღარ არჩევს, რა არის მისი. საკუთარი ხმა იკარგება გლობალურ ხმაურში.
ინფორმაციული სიმძიმე: ტვინი, რომელიც ვეღარ იტევს
ადამიანის ფსიქიკა არ არის ევოლუციურად შექმნილი იმისთვის, რომ ყოველდღიურად დაამუშაოს ომის კადრები, სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისი და სოციალური უთანასწორობა — ეს ყველაფერი კი სხვისი „იდეალური ცხოვრების“ ფონზე ხდებოდეს.
ტელეფონის ეკრანზე ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს. ტვინი ვეღარ ფილტრავს — მისთვის ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, თანაბრად მძიმე ხდება. აი, რატომ ამბობს ბევრი ახალგაზრდა: „არაფერი დამმართნია, მაგრამ მაინც ცუდად ვარ“. ეს არის გადატვირთული ნერვული სისტემის სიგნალი.
პარალიზებული მომავალი: რატომ გადავიდა თაობა გადარჩენის რეჟიმში?
Ipsos Global Trends 2024 და “Gen Z: Do we know the full story?” კვლევების მონაცემები:
გლობალურად, Gen Z-ის მხოლოდ 42%-ს სჯერა, რომ ისინი თავიანთ მშობლებზე უკეთესად იცხოვრებენ. განვითარებულ ქვეყნებში (მაგ. საფრანგეთი, იაპონია) ეს ციფრი კიდევ უფრო დაბალია და 20-25%-მდე ეცემა. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდების უდიდესი უმრავლესობა წინასწარ განწყობილია ფინანსური რეგრესისთვის.
ოდესღაც ახალგაზრდობა არჩევანის თავისუფლებას ნიშნავდა. დღეს ის უფრო გაურკვევლობის სინონიმია. წარმოიდგინეთ 22 წლის ადამიანი, რომელიც ეუფლება პროფესიას და უკვე იცის, რომ რამდენიმე წელიწადში ეს საქმე შესაძლოა საერთოდ აღარ არსებობდეს. და აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ: ამ შიშს ხშირად არა სამყარო, არამედ ჩვენ — მშობლების თაობა — ვუქმნით. საინფორმაციო სივრცეში მუდმივად კრიზისებსა და კატასტროფებზე საუბარი გახდა ჩვენი „ნორმა”, ჩვენი შეგუების ფორმა. მაგრამ კრიზისის დაძლევის მექანიზმებზე — როგორ გავუძლოთ, როგორ გავაგრძელოთ, როგორ ვიპოვოთ გზა გაურკვევლობაში — ამაზე კვლავ დიდ მდუმარებაში ვართ.
ის ხედავს, როგორ იზრდება ფასები, როგორ ხდება საცხოვრებელი მიუწვდომელი და როგორ იშლება “სტაბილურობის” ყოველი საყრდენი. მაგრამ აქ ერთი კითხვა ჩნდება: “სტაბილურობა” რა არის — ეს ხომ ჩვენ განვუმარტეთ? და ისე განვუმარტეთ, რომ ყველა მისი შემადგენელი ნაწილი — სახლი, სამსახური, სტატუსი — პიროვნების გარეთ, გარე სამყაროში მოათავსეთ. ამ ფონზე Gen Z მუდამ ეუბნებიან: „იპოვე შენი გზა“. მაგრამ როგორ უნდა იპოვო გზა სამყაროში, სადაც რუკა ყოველდღე იცვლება? თანამედროვე ახალგაზრდა აღარ ცხოვრობს „განვითარების რეჟიმში“ — ის ცხოვრობს გადარჩენის რეჟიმში.
რატომ აღარ „ჩქარობენ“ ცხოვრებას?
Ipsos Global Trends 2024 და “Gen Z: Do we know the full story?” კვლევების მონაცემები:
- ახალგაზრდების დაახლოებით 48% აცხადებს, რომ ეკონომიკური გაურკვევლობის გამო მათ „შეაჩერეს“ ან გაურკვეველი ვადით გადადეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა დაოჯახება, შვილის გაჩენა ან საკუთარი ბინის შეძენა.
- შობადობის კლება: იპსოსის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში გლობალური შობადობის მაჩვენებელი საშუალოდ 10-12%-ით შემცირდა იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური პესიმიზმი ყველაზე მაღალია.
წარსულში არსებობდა ლოგიკური ქრონოლოგია: სწავლა → სამსახური → ოჯახი → სტაბილურობა. დღეს ეს ჯაჭვი დაირღვა. ახალგაზრდები არ „აგვიანებენ“ ცხოვრებას — ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ უსაფრთხო მომენტს მის დასაწყებად. როდესაც არ ხარ დარწმუნებული ფინანსებში, საკუთარ თავში და სამყაროში, ოჯახის შექმნა აღარ არის ბუნებრივი ნაბიჯი. ის ხდება მაღალი რისკის შემცველი გათვლა.
როგორ მოვედით აქამდე? (უხილავი შეცდომები)
ეს ისტორია სმარტფონებამდე ბევრად ადრე დაიწყო. წინა თაობებში არსებობდა სტრუქტურა და წესრიგი, მაგრამ თითქმის არ იყო ემოციური სივრცე. ბავშვები სწავლობდნენ „გაძლებას“. ეს ბავშვები გაიზარდნენ და გახდნენ მშობლები, რომლებმაც გადაწყვიტეს: „ჩემს შვილს არ ექნება ის სირთულე, რაც მე მქონდა“.
ამ კეთილშობილურმა სურვილმა გადამწყვეტ შეცდომამდე მიგვიყვანა: ბავშვებს აღარ შეხვდათ სირთულე. ხოლო როდესაც ადამიანი არ ეჯახება წინააღმდეგობას, ის ვერ სწავლობს მის გადალახვას.
ამას დაემატა ტექნოლოგია, როგორც „ჩუმი დამამშვიდებელი“. დაღლილი მშობლისთვის ეკრანი ყველაზე მარტივი გამოსავალი გახდა. ბავშვი ჩუმდება, მშობელი ისვენებს, მაგრამ ამ პროცესში პატარა ადამიანის ტვინი სწავლობს:
- მხოლოდ სწრაფ სიამოვნებას;
- მუდმივ სტიმულაციას;
- მყისიერ დაკმაყოფილებას.
ასე ქრება ლოდინის, მოწყენის ატანისა და საკუთარი თავის თვითრეგულაციის უნარი. „სოციალური კუნთი“ ატროფირდება. ციფრული კომუნიკაცია გაიზარდა, რეალური კი — შემცირდა. ამიტომ გახდა ნებისმიერი უარყოფა ასეთი მტკივნეული და ნებისმიერი გაურკვევლობა — აუტანელი.
პრობლემა არ არის „სუსტი თაობა“
აქ არის მთავარი წერტილი, სადაც ხშირად ვცდებით. ჩვენ ვამბობთ: „ეს თაობა სუსტია“. სინამდვილეში, ეს არის გადატვირთული ნერვული სისტემა, რომელსაც არასდროს უსწავლია რეგულაცია და მუდმივად იმყოფება ზედმეტი სტიმულაციის პირობებში.
რა არის გამოსავალი? (სისტემური დაბრუნება)
თუ პრობლემა სისტემურია, გამოსავალიც ფუნდამენტური უნდა იყოს, თუმცა დაიწყოს მარტივესი ნაბიჯებით. გამოსავალი არ იწყება მიზნის პოვნიდან. იწყება ბევრად უფრო მარტივი, მაგრამ ბევრად უფრო რთული რამით — სხეულში დაბრუნებით. ჯერ უნდა ისწავლო სუნთქვა შფოთვის დროს და გაიცნო ემოცია. მერე — ლოდინი უპასუხო კითხვის წინაშე. მერე — ემოციაში დარჩენა გაქცევის გარეშე. ეს არ არის მხოლოდ „კარგი რჩევა”. ეს ნერვული სისტემის რეაბილიტაციაა. და ამის გვერდით — რეალური ადამიანთან ურთიერთობა და არა ეკრანთან ურთიერთობა, ოთახში — თვალის კონტაქტით და ყოფნით. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ, როგორც სისტემამ, ამ თაობას ვერ მივეცით.
დასკვნა
“დიდი დაბრუნება” არ დაიწყება პოლიტიკით ან ტექნოლოგიით. დაიწყება იქ, სადაც ყოველთვის იწყებოდა — ადამიანსა და ადამიანს შორის. ერთი საუბრით. ერთი მოსმენით. ერთი ოთახით, ერთი შეხებით, სამყაროთი, სადაც ეკრანი ადამიანს ემსახურება და არა პირიქით.





