ნინი ჭაჭია: ანარეკლების სამყარო: ციფრული ილუზია და მარტოობის ფარული სახე

— სად ვარ? — ანარეკლების სამყაროში. 

— და ვინ ვარ? 

— ეს შენ უნდა იცოდე. მე ვერ გეტყვი. 

— მაშ ეს ჩემი პროფილი? 3000 მეგობარი? ის ლაიქები და კომენტარები? 

— ის შენი ანარეკლებია. კითხვა ისაა, თუ რატომ ფიქრობ, რომ ეს ანარეკლები შენ ხარ?

ციფრული სამყარო — ანარეკლების ყველაზე დიდი სარკე

წარმოიდგინე უკიდეგანო სივრცე, რომელსაც არც საწყისი აქვს და არც დასასრული. სადაც ყველა ანარეკლი ბჟუტავს და ციმციმებს. ზოგი ნათელია, ზოგი — ბუნდოვანი, ზოგი აქტიური, ზოგიც პასიური. ეს ანარეკლები ინტერნეტში ჩვენი პროფილებია: Instagram, Facebook, LinkedIn, TikTok. ყოველი პოსტი, ფოტო თუ კომენტარი — ადამიანური ენერგიის ანარეკლია, ცხოვრების ანარეკლი. მაგრამ ეს ანარეკლი ჩვენ არ ვართ. თუმცა ბოლო ხანებში აშკარად იმდენად აიხლართა ეს სამყაროები, რომ ხშირად გვერევა ისინი და შეკითხვა: „რეალურად ვინ ვართ?“ — უფრო საშიში გახდა.

როგორც ფსიქოთერაპევტი, ხშირად ვაწყდები ასეთ მდგომარეობებს ჩემს კლიენტებში — თითქოს ყველაფერი და არაფერი ერთად თანაარსებობს ადამიანის ცხოვრებაში. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს: ბოლო კვლევების თანახმად, ციფრული კავშირების სამყაროში იზრდება შფოთვის, მარტოობის და ემოციური სიცარიელის განცდა.

ფსიქოლოგი დონალდ ვინიკოტი აღწერდა ბავშვში False Self-ის ჩამოყალიბებას, როდესაც ბავშვის ავთენტური ქცევები სახიფათო ხდება მისთვის. ცრუ სელფი არის ის ნიღაბი, რომელსაც ვიცვამთ გარე სამყაროს მოლოდინების საპასუხოდ. ჩემი აზრით, ციფრული გარემო ამ ნიღბის ქარხანაა, რომელიც ზრდასრულობაშიც გადმოვიდა. ყოველი ლაიქი გეუბნება: „ასე გააგრძელე“, ყოველი კომენტარი — „ეს ანარეკლი კარგია“. და ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ ამ ანარეკლის მიღებას საკუთარ თავად.

მაგრამ აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ანარეკლი შეიძლება მოძრავია, მაგრამ ის ცოცხალი არაა. წარმოიდგინეთ სარკეში როდესაც იხედებით — ის ბრტყელია და ცივია. ის თქვენი ისტორიის მხოლოდ ფრაგმენტია. მას არც შეგრძნება აქვს და არც ემოცია. სწორედ ეს განასხვავებს ანარეკლს მატერიისაგან. მატერია არის ადამიანი, ურთიერთობა, შეხება, ხმა — მატერია გრძნობს. ანარეკლი კი მხოლოდ ასახავს.

როდის ვიკარგებით ანარეკლებში?

Z თაობა — ის თაობა, რომელიც სმარტფონებთან ერთად გაიზარდა — ისტორიულად ყველაზე მარტოსულია. მკვლევარმა ჟან ტვენჯიმ დაამტკიცა: სოციალური მედიის გამოყენება პირდაპირ კორელირებს მარტოობასთან და „ვინ ვარ მე?“ კრიზისთან.

რატომ? პასუხი ანარეკლების ენაზე ასეთია: ადამიანი ადარებს საკუთარ რეალობას სხვის საუკეთესო ანარეკლს. ყოველ დილას 200 ანარეკლი ხვდება, სადაც ყველა ბედნიერია, ის კი ჯერ ჩაის სვამს პიჟამოში. შესაბამისად, ეს შედარება ქრონიკულ ტკივილად გარდაიქმნება, რადგანაც ის თითქოს რაღაცას ჩამორჩა.

ყველაზე დიდი ხაფანგი კი ისაა, რომ როდესაც კონტენტს ქმნი, ადამიანები ეკონტაქტებიან შენი შექმნილი ეპიზოდის ანარეკლს. ანარეკლს ანარეკლი ხვდება, შენ კი — მარტო რჩები. ამიტომაცაა პარადოქსი: ადამიანს ათასობით ლაიქი აქვს, მაგრამ ამბობს — „ვერავინ მხედავს“.

“შავი ენერგია” და ნამდვილი „მე“ vs ციფრული იმპლანტი

ანარეკლების სამყაროში არსებობს ე.წ. „შავი ენერგია“. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მხოლოდ შთანთქავს — სხვის ანარეკლებს „ჭამს“ სქროლვისას, საკუთარის შექმნის ძალა კი აღარ რჩება. ნეირომეცნიერულად, ტვინის Default Mode Network – სისტემა, რომელიც პასუხობს კითხვაზე „ვინ ვარ მე?“- გადაიტვირთება და თვითრეფლექსიის ენერგია ქრება.

აქ ჩნდება ახალი ფენომენი — ციფრული იმპლანტი. კლასიკური გარემო პირობადობის (conditioning) ნელია და ადამიანურია. ალგორითმი კი სწრაფია, უსულო და მუდმივ უკუკავშირზე (feedback loop) აგებული. შედეგად, ფსიქიკაში იჭრება გარე კონსტრუქტი, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს ჩვენს ნაწილს, სინამდვილეში კი მას Core Self-თან (ცენტრალურ მე-სთან) კავშირი არ აქვს.

ეს არ არის ჩვეულებრივი შინაგანი როლი, რომელსაც თერაპიისას გამოელაპარაკები. რას აინტეგრირებ — ალგორითმს? ეს არის „ციფრული უცხო სხეული“, რომელიც Core Self-ს არ ეხმიანება. ის ხაფანგია — ნაცნობი, კომფორტული, თითქოს „შენი“, მაგრამ ყალბი. ეს ჩემი კლინიკური დაკვირვებაა, რომელსაც კაბინეტში ხშირად ვხედავ.

სამი გზა ანარეკლებში გარკვევისთვის (ამბერის ქრონიკების პრინციპით)

გამოსავალი ციფრული სამყაროდან გაქცევა არაა. გამოსავალი — ცნობიერებაა. ჩემი საყვარელი ავტორი როჯერ ზელაზნია, ხოლო ნაწარმოები — „ამბერის ქრონიკები“, სადაც მოქმედება ანარეკლების სამყაროებში ხდება. მისი კონსტრუქტებით შევეცდები აგიხსნათ გამოსავალი:

  1. “მეფური სისხლის” პოვნა: ამბერში მხოლოდ მეფური სისხლის მქონეებს შეუძლიათ ანარეკლების მართვა. ჩვენს რეალობაში ეს საკუთარი ენერგიის საწყისი წერტილის პოვნაა. კითხვა: „ვინ ვარ მე და რა მინდა მე?“ ეს უნდა იგრძნო და არა მხოლოდ აღწერო. თუ ამას იპოვი, შენ ხდები ანარეკლების ოსტატი და არა მათი ტყვე.

2. კარტების სისტემა: ზელაზნისთან კარტები სამყაროებს შორის კავშირის ინსტრუმენტია. ჩვენს ეპოქაში ეს კარტები არიან მენტორები, თერაპევტები, მასწავლებლები — ის ოსტატები, რომლებიც გასწავლიან შენი სამყაროს დახატვას. 

მაგრამ ფრთხილად: ბევრი „თვითმარქვია ანარეკლი“ ცდილობს ამ ინსტრუმენტების მხოლოდ გაყიდვას.

  1. ლაბირინთი (თვითრეფლექსია): ამბერში ლაბირინთის გავლა ნამდვილი ძალაუფლების მოპოვებაა. კითხვები, რომლებიც ლაბირინთში შეგიყვანს:
    • რომელ მომენტებში გრძნობ თავს ყველაზე კარგად შენს „მე-სთან“?
    • ამ პოსტს ლაიქების გარეშეც დაწერდი?
    • სად არის ზღვარი შენსა და შენს ანარეკლს შორის?

ამბერის ძიება ციფრულ ქაოსში

„ამბერის ქრონიკებში“ ამბერი ერთადერთი რეალური ადგილია — ყველა დანარჩენი მხოლოდ მისი ანარეკლია. ადამიანების სამყაროში ამბერი — ჩვენ ვართ. ჩვენი სხეული, ცოცხალი განცდა, რეალური მატერია.

ციფრული სამყარო ამბერის ანარეკლია. ის სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ის ანარეკლია. ახალი თაობის მარტოობა სწორედ იქიდან მოდის, რომ ადამიანებმა ანარეკლში დაიწყეს ცხოვრება.

— მაშ ეს ყველაფერი არარეალურია? 

— ანარეკლი რეალურია. მაგრამ ანარეკლი სამყარო არ არის. 

— და რა ვქნა? 

— გახსოვდეს, რომ ანარეკლი გაქვს და ამბერი ხარ. ეს ორი ერთად შეიძლება არსებობდეს.

და ბოლოს.

სანამ კიდევ ერთ ანარეკლს შეხედავ, ერთი წამით გაჩერდი  და ჰკითხე საკუთარ თავს:  – მე ახლა ვგრძნობ… თუ უბრალოდ ვხედავ?

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ